საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №575აპ-16 ქ. თბილისი
ბ-ი ბ, 575აპ-16 6 მარტი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – დავით სიმონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განჩინებით ბ. ბ-ის, –ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ბ. ბ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად ბ. ბ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას (მდებარე -ის რაიონის სოფელ -ში, საკადასტრო კოდი – ...) მოეხსნა ყადაღა.
აღნიშნული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განაჩენით გაუქმდა: ბ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბ. ბ-ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ დავით სიმონიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე