ას-920-1127-08 10 მარტი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი _ მ. ქ-ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ მ.შ-ური
მოწინააღმდეგე მხარე _ ...-ის საჯარო სკოლა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ე.გ-ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ქ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ...-ის საჯარო სკოლის მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1979 წლიდან მოსარჩელე მუშაობდა ...-ის სკოლაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 2006 წლიდან ასრულებდა ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას. 2007 წლის 7 ივლისს მონაწილეობდა ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის არჩევნებში და მისი უკანონო შედეგები გაასაჩივრა კანონით დადგენილი წესით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში საქმის განხილვა არ დასრულებულა, კანონის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, სკოლის დირექტორად დაინიშნა ეკატერინე გ-ია. მ.ქ-ძემ მას შესთავაზა თანადგომა მოსწავლეებისა და სკოლის ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა დირექტორმა თავისი საქმიანობა იმით დაიწყო, რომ არ გაუფორმა შრომითი ხელშეკრულება და 2007 წლის 12 დეკემბრის ¹42 ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლა. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, დირექტორი ვალდებული იყო, გამონაკლისის დაშვების გარეშე, დირექტორად რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში ყველა მასწავლებელთან გაეფორმებინა შრომითი ხელშეკრულება, რაც არ განუხორციელებია. მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონითა და შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის რაიმე საფუძველი არ არსებობდა. მ.ქ-ძის შრომის წიგნაკში მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა შრომითი ხელშეკრულების გაუფორმებლობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება, სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ. სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის მ.ქ-ძეს გამოეცხადა ჯერ ზეპირი, შემდეგ კი წერილობითი საყვედური და საბოლოოდ შრომის კანონთა კოდექსის მე-2 თავის მე-5, მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე იგი გათავისუფლდა სამუშაოდან. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მ.ქ-ძე ვერ შეძლებს სკოლაში მუშაობის გაგრძელებას პედაგოგებთან, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან დაძაბული მდგომარეობის გამო.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ქ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მან გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: 1979 წლიდან მ. ქ-ძე მუშაობდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ...-ის სკოლაში სხვადასხვა თანამდებობაზე, გათავისუფლებამდე კი ასრულებდა ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 27 ივლისის ¹1034 ბრძანების, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მეორე პუნქტისა და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მ.ქ-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგაც სკოლაში მუშაობას აგრძელებდა ქიმიის მასწავლებლად. სოფელ ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის 2007 წლის 12 დეკემბრის ბრძანებით მ. ქ-ძე გათავისუფლდა თანამდებობიდან შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების გაუფორმებლობის მოტივით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ მ. ქ-ძე არ ყოფილა სამუშაოზე მიღების კანდიდატი, ვინაიდან დანიშნული იყო ბრძანებით და ასრულებდა შრომით მოვალეობებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა სწორად განმარტა “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, როდესაც ჩათვალა, რომ დასახელებული ნორმა მასწავლებლის ხელახლა სამსახურში მიღებას კი არ გულისხმობს, არამედ მათთან არსებული შრომითი ურთიერთობების ხარვეზის გამოსწორებას ემსახურება. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემული კანონის დანაწესით დადგინდა სკოლასა და მასში დასაქმებულ მასწავლებლებს შორის შრომის ხელშეკრულების გაფორმებით, მხარეთა ნების შესაბამისად, თითოეული მხარის უფლება-მოვალეობები. ამასთან, იგი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ სკოლას ეზღუდება ნების ავტონომია და არა აქვს უფლება, თავისი ნების შესაბამისად დაასაქმოს ან გაათავისუფლოს მასწავლებელი. შრომით ურთიერთობას საფუძვლად უდევს მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება. საჯარო სკოლის დირექტორი, როგორც სკოლის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, უფლებამოსილია, გააგრძელოს მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობა შრომის ხელშეკრულების გაფორმებით ან შეწყვიტოს იგი. სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, რომ მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წინასახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი წესები, მაგრამ არ გაიზიარა მ.ქ-ძის არგუმენტი, რომ ბრძანების სამართლებრივი საფუძვლის არასწორად მითითება შეიძლება გახდეს მისი გაუქმებისა და მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრძანება წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის – დამსაქმებლის ნებას, შესაბამისად, უნდა დადგინდეს მისი ნამდვილობა და შინაარსი. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით და მიაჩნია, რომ ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის 2007 წლის 12 დეკემბრის ბრძანების გონივრული განსჯით დგინდება დამსაქმებლის ნამდვილი ნება, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა მ.ქ-ძესთან და არა მ.ქ-ძეს, როგორც დასაქმების კანდიდატს, უარი უთხრას დასაქმებაზე. სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებულ ბრძანებაში არ არის მსჯელობა ურთიერთობის შეწყვეტის ისეთ სპეციალურ საფუძვლებზე, რომლებიც მოცემულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“, „ე“- “ი“ ქვეპუნქტებში და უბრალოდ გამოხატავს ნებას ხელშეკრულების მოშლაზე, ამდენად, მასში გამოვლენილი ნება შეიძლება განმარტებულ იქნეს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ურთიერთობის შეწყვეტის ნებად, შრომითი ხელშეკრულების მოშლად. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის 2007 წლის 12 დეკემბრის ბრძანებით დადგინდა მ. ქ-ძისათვის კანონით დადგენილი წესით ერთი თვის კომპენსაციის გადახდა, არანაკლებ ერთი თვის კომპენსაციის გაცემის წესს კი ადგენს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მესამე ნაწილი შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ქ-ძე სამუშაოდან უკანონოდ არ გათავისუფლებულა და მისი სამუშაოზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, უსაფუძვლოა ასევე მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რამეთუ განაცდური შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშაკს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადგენილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ქ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილი. სასამართლომ მართებულად გაიზიარა კასატორის მოსაზრება, რომ აღნიშნული ნორმა კანონში გათვალისწინებულია უკვე არსებული შრომითი ურთიერთობის დასარეგულირებლად, მაგრამ არასწორად მიიჩნია, რომ ეს ნორმა არ ავალდებულებს სკოლის ადმინისტრაციას, შრომითი ურთიერთობის დასარეგულირებლად, ხელშეკრულება გაუფორმონ სკოლის ყველა მასწავლებელს. “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 59-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულება გაფორმებული უნდა იქნას ყველა მასწავლებელთან, რომელიც სკოლაში უკვე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ ეს ნორმა არ ზღუდავს სკოლის ადმინისტრაციის თავისუფალ ნებას, დაიწყოს თუ დაასრულოს შრომითი ურთიერთობები საკუთარი შეხედულებით. სკოლის ადმინისტრაციას ჯერ უნდა დაერეგულირებინა არსებული მდგომარეობა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის გაგრძელებისა თუ დასრულების შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ. ქ-ძე მთელი ცხოვრება ემსახურებოდა სკოლას და უკანონოდ გათავისუფლდა სამუშაოდან.
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1979 წლიდან მ. ქ-ძე მუშაობდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ...-ის სკოლაში სხვადასხვა თანამდებობაზე, გათავისუფლებამდე კი ასრულებდა ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 27 ივლისის ¹1034 ბრძანების, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მეორე პუნქტისა და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მ.ქ-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგაც სკოლაში მუშაობას აგრძელებდა ქიმიის მასწავლებლად. სოფელ ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის 2007 წლის 12 დეკემბრის ბრძანებით მ. ქ-ძე გათავისუფლდა თანამდებობიდან (მასწავლებლის) შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების გაუფორმებლობის მოტივით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მ.ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საჯარო სკოლას მ.ქ-ძის მიმართ არ უნდა გამოეყენებინა წინასახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი წესები და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების გაუფორმებლობის მოტივით, შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, სამართლებრივად არასწორია. თუმცა სასამართლომ ბრძანების სამართლებრივი საფუძვლის არასწორად მითითება, მისი გაუქმებისა და მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია იმ მოტივით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანების გონივრული განსჯით დგინდება დამსაქმებლის ნამდვილი ნება.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტაციას სადავო ბრძანების არაკანონიერებაზე და თვლის, რომ სკოლის დირექციის მიერ გამოცემული ბრძანებით მ.ქ-ძე არასწორად იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებით მ.ქ-ძის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერებაზე იმ დასაბუთებით, რომ ბრძანების გონივრული განსჯით დგინდება დამსაქმებლის _ ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის ნამდვილი ნება, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა მ.ქ-ძესთან.
შრომის კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით კანონი უშვებს შესაძლებლობას შრომის ურთერთობებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი, დარეგულირდეს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის _ დამსაქმებლის ნების გამოვლენას. ამდენად, მასთან მიმართებაში, თუკი არსებობს ნების ნამდვილობის დადგენის აუცილებლობა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რომელიც ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს. ნების გამოვლენის განმარტების აუცილებლობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც არსებობს გარიგების მხარეების მიერ გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი. განმარტების საგანს წარმოადგენს მხარის მიერ გამოვლენილი ნება, როცა ეს მეორე მხარის მიერ განსხვავებულად იქნა აღქმული ან მხარის მიერ გამოვლენილი ნება არ არის მისი განზრახვის თანხვედრი. ასეთ შემთხვევაში გარიგების მხარე თვითონვე აზუსტებს, აკონკრეტებს ან მეორე მხარესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავოდ მიიჩნევს ხელშეკრულების ბუნდოვან და საეჭვო აზრს.
მოცემულ შემთხვევაში დავის ორი ინსტანციით განხილვისას სადავო ბრძანების ავტორს _ სკოლის დირექტორს საეჭვოდ არ მიუჩნევია მის მიერ ბრძანებაში გამოხატული ნება _ მ.ქ-ძის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს ინიციატივა მხარის იმ ნების განმარტებისა, რომელსაც საეჭვოდ და ბუნდოვნად თვით მხარე არ მიიჩნევს.
აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნების განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში. ნების განმარტება ადეკვატური უნდა იყოს ფაქტის, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარის _ სკოლის დირექტორის ნება გამოვლენილია წერილობითი ფორმით, რაც გამორიცხავს ნების გამომვლენის შეცდომის ალბათობას, ვინაიდან ნების წერილობითი ფორმით გადმოცემისას ივარაუდება, რომ მხარე თავის სურვილს მხოლოდ შეგნებულად განსჯის შემდეგ გადმოსცემს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია პირის უმიშვნელოვანესი სოციალური უფლება _ შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას, შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია სათანადო კანონით _ შრომის კოდექსით. საქართველოს შორმის კოდექსის მე-2 მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. მითითებული ნორმა უზრუნველყოფს მოქალაქის უფლებას, დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში ინფორმირებული იყოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველის შესახებ, ხოლო ამ საფუძვლის არაკანონიერების შემთხვევაში, დაიცვას თავისი უფლებები. ამავდროულად, დამსაქმებელი, თავის მხრივ, ვალებულია, აცნობოს დასაქმებულს სამუშაოდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ დამსაქმებლის მიერ ამა თუ იმ ფორმით (ბრძანება და სხვა) სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლის მითითება წარმოადგენს დამსაქმებლის ნამდვილი ნების გამოვლენას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტიელება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
მ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
მ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს საგარეჯოს რაიონის სოფელ ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის 2007 წლის 12 დეკემბრის ბრძანება მ.ქ-ძის გათავისუფლების თაობაზე.
საგარეჯოს რაიონის სოფელ ...-ის საჯარო სკოლას დაეკისროს მ.ქ-ძის სასარგებლოდ ყოველთვიური განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
საგარეჯოს რაიონის სოფელ ...-ის საჯარო სკოლას მ.ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა.
საგარეჯოს რაიონის სოფელ ...-ის საჯარო სკოლა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.