¹ას-922-1205-09 5 მარტი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – 1. სს “მ. ა. ს.”
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ძე, მ. ბ-ძე
მესამე პირი - გორის საგადასახადო ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება და საკუთრების უფლების აღდგენა (სარჩელში); უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარება, გადახდილი თანხის დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს “მ. ა. ს.” გაკოტრების მმართველმა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ნ. გ-ძისა და მ. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა ნ. გ-ძესა და სს „მცხეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ გაკოტრების მმართველ მ. ბ-ძეს შორის 2004 წლის 9 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება და მცხეთაში, ... ქ.¹9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 14800 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე სს “მ. ა. ს.” საკუთრების უფლების აღრიცხვა.
თავის მხრივ 2007 წლის 17 აგვისტოს ნ. გ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხე სს “მ. ა. ს.” მიმართ და მოითხოვა უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარება; ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში მოპასუხისათვის სადავო მიწის ნაკვეთის შეძენისათვის გადახდილი 135000 ლარის დაკისრება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სს „მცხეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სს “მ. ა. ს.” და ნ. გ-ძეს შორის 2004 წლის 9 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მცხეთაში, ... ქ.¹9-ში მდებარე უძრავი ქონების 14800 კვ.მ მიწის ნაკვეთის მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ნასყიდობის თაობაზე; მცხეთაში, ... ქ.¹9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 14800 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე აღირიცხა სს „მცხეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ საკუთრების უფლება. ნ. გ-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “მ. ა. ს.” დაეკისრა 135000 ლარის გადახდა ნ. გ-ძის სასარგებლოდ.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს “მ. ა. ს.” და ნ. გ-ძეს შორის 2004 წლის 9 თებერვალს დაიდო მცხეთაში, ... ქ.¹9-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონება გაიყიდა 135000 ლარად. გარიგების დადებისას სს “მ. ა. ს.” წარმოადგენდა და საზოგადოების სახელით ხელშეკრულება დადო გაკოტრების მმართველმა მ. ბ-ძემ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მცხეთაში, ... ქ.¹9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ. გ-ძის საკუთრების უფლება.
სს “მ. ა. ს.” მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გაიხსნა გაკოტრების საქმე, საზოგადოების გაკოტრების საქმის მიმდინარეობისას „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 222 მუხლის შესაბამისად, შეიქმნა გაკოტრების კრედიტორთა კომიტეტი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საზოგადოების კრედიტორთა კრების ოქმებით. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 თებერვლის განჩინებით სს “მ. ა. ს.” გაკოტრების მმართველად დაინიშნა მ. ბ-ძე.
სს “მ. ა. ს.” კრედიტორთა კომიტეტს თანხმობა ნ. გ-ძესა და სს “მ. ა. ს.” გაკოტრების მმართველს მ. ბ-ძეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე არ მიუცია. „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 222 მუხლის შესაბამისად, ჩატარებული კრების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეებს არ მიუთითებიათ და, შესაბამისად, არც სასამართლოსათვის წარმოუდგენიათ;
ნ. გ-ძემ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სს “მ. ა. ს.” გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 135000 ლარი;
სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული მოპასუხე ნ. გ-ძის მოთხოვნა მისი სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენად აღიარების შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასხვისებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო სს “მ. ა. ს.” სახელზე და, შესაბამისად, იგი იყო მესაკუთრე. ამასთან, გარიგების ბათილობის საფუძვლად მითითებულია ის ფაქტი, რომ იგი დაიდო ნებართვის გარეშე.
სასამართლომ, „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 222 მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ სადავო გარიგებით გასხვისებული მიწის ნაკვეთი იყო ერთადერთი უძრავი ქონება, რომლის საშუალებით შესაძლებელი იყო საზოგადოების ვალდებულებების შესრულება და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება და ამ გარემოებების გათვალისწინებით მისი გასხვისების შესახებ გარიგების დადებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გაკოტრების მასისათვის და საწარმოს ფუნქციონირების, მისი საქმიანობისათვის. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ნ. გ-ძის განმარტება იმის შესახებ, რომ ვინაიდან საწარმო რეაბილიტაციის რეჟიმში არ ფუნქციონირებდა, ამიტომ სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისება საწარმოს საქმიანობის გაგრძელებაზე გავლენას ვერ მოახდენდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ კანონის 291 მუხლით გათვალისწინებულია გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძვლები, მათ შორის, გაკოტრების საქმის შეწყვეტის საფუძვლები. ამდენად, გაკოტრების საქმის წარმოების მიზანი უპირატესად იყო საზოგადოების ფინანსური სიძნელეების დაძლევა, საწარმოს გადახდისუნარიანობის გაზრდა და კრედიტორების ინტერესების დაკმაყოფილება და არა უცილობლად საზოგადოების ლიკვიდაცია.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ნ. გ-ძის განმარტებები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 59-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ კანონის 222 მუხლით გათვალისწინებული კრედიტორთა კომიტეტის სავალდებულო ნებართვის გარეშე, შესაბამისად იგი დადებული იყო კანონით დადგენილი წესის დარღვევით, რის გამოც იყო ბათილი.
სასამართლომ სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლად არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება ნასყიდობის ფასზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონების 1 კვ.მ გასხვისდა 9,12 ლარად, ხოლო მცხეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით დადგენილი ნორმატიული ფასი შეადგენდა 10,57 ლარს. ნორმატიულ ფასის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენდა 156,436 ლარს.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ნ. გ-ძის მხრიდან საბაზრო ძალაუფლების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, რადგან მას გაბატონებული მდგომარეობა ეკონომიკურ სფეროში არ ეჭირა, ასევე მისი მხრიდან რაიმე ზეგავლენას სს “მ. ა. ს.” მიმართ მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამოყენების გამო ნასყიდობის ხელშეკრულების მითითებული პირობებით დადების მიზნით ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ნ. გ-ძის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სადაო უძრავი ნივთის შესაძენად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ამ ნორმის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შედეგად მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ყველაფერი, რაც ბათილი გარიგების საფუძველზე მიიღეს.
სასამართლომ არ გაიზიარა სს “მ. ა. ს.” გაკოტრების მმართველის პოზიცია შეგებებული სარჩელის აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნის უარსაყოფად უსაფუძვლოა იმ გარემოებაზე მითითება, რომ თანხა არ აღრიცხულა საზოგადოების ბუღალტერიაში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და რომლითაც უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს “მ. ა. ს.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. გ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ნ. გ-ძის სახელზე რიცხულ ქ.მცხეთაში, ... ქ.¹9-ში მდებარე უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ნ. გ-ძეს აეკრძალა ქ.მცხეთაში, ... ქ.¹9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამუშაოების წარმოება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სს “მ. ა. ს.” კრედიტორთა კრების მოწვევისა და კრედიტორთა კომიტეტის არჩევის არაკანონიერების თაობაზე, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს ნ. გ-ძეს კრედიტორთა კომიტეტის არჩევის კანონიერება სადავოდ არ გაუხდია და ამ ფაქტებზე არ მიუთითებია.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სს “მ. ა. ს.” გაკოტრების მმართველს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას არ გააჩნდა „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 222 მუხლით გათვალისწინებული კრედიტორთა კომიტეტის სავალდებულო თანხმობა, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ სს „მცხეთის ავტოსატრანსპორტო საწარმო“ რეაბილიტაციის რეჟიმში არ იმყოფებოდა და არც რაიმე სხვა ფორმით აგრძელებდა საქმიანობას. ასეთ ვითარებაში კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გაკოტრების მასის გასხვისებით და საწარმოს ლიკვიდაციის დასრულებით. განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული თანხები მიმართული იქნა კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და არა საწარმოს ლიკვიდურობის აღსადგენად და ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისება არ იყო გამოწვეული საწარმოს საქმიანობის გაგრძელებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სს “მ. ა. ს.” გაკოტრების მმართველს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად არ სჭირდებოდა „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 222 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კრედიტორთა კომიტეტის თანხმობა, ამიტომ ასეთი თანხმობის გარეშე დადებული სადავო გარიგება ვერ იქნებოდა მიჩნეული ბათილად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, ვინაიდან ამ ნორმათა დარღვევას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად კრედიტორთა კომიტეტის თანხმობა საჭირო რომც ყოფილიყო, ასეთი თანხმობის არარსებობა მაინც ვერ გახდებოდა სადავო გარიგების ბათილობის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნა, რომ „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებისა და ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების ნორმათა ანალიზის შესაბამისად, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემდეგ ვალაუვალი მოვალე აღარაა უფლებამოსილი მართოს და განკარგოს გაკოტრების მასა, იგი ამ უფლებას კარგავს და ეს უფლებამოსილება სრული მოცულობით გადაეცემა გაკოტრების მმართველს, რომელიც ვალდებულია კეთილსინდისიერად მართოს და განკარგოს გაკოტრების მასა. ზიანის მიყენების შემთხვევაში, გაკოტრების მმართველს გაკოტრების საქმის წარმოების მონაწილეთა წინაშე დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი მისი ბრალით არ იყო გამოწვეული.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი ასევე ვერ გახდებოდა მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ფასზე მითითება. ამასთან დაკავშირებით, პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ. გ-ძის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სადავო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად ცნობის თაობაზე ფაქტობრივად წარმოადგენდა მატერიალურ-სამართლებრივ შესაგებელს და არა შეგებებულ სარჩელს, ვინაიდან ნ. გ-ძის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად ცნობის თაობაზე შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ახდენდა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის (ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა) უარყოფას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლზე მითითებით და არ შეიცავდა სამართლებრივი დაცვის ინტერესს. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის იმ მოთხოვნას, რომლითაც ნ. გ-ძე მოითხოვდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში მოპასუხისათვის სადავო მიწის ნაკვეთის შეძენისათვის გადახდილი 135000 ლარის დაკისრებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან სს “მ. ა. ს.” სარჩელი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სს “მცხეთის ავტოსატრანსპორტო საწარმომ” და მესამე პირმა _ გორის საგადასახადო ინსპექციამ.
კასატორმა სს “მ. ა. ს.” საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად განმარტა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 22.2 მუხლი და არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 59-ე მუხლები.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სს “მ. ა. ს.” არ იმყოფებოდა რეაბილიტაციის რეჟიმში და აღნიშნა, რომ “განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული თანხები მიმართული იქნა კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად”, კასატორის განმარტებით, საქმეში არსებულ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასკვნა ასე სასამართლომ გაურკვეველია, ვინაიდან 135000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 22.2 მუხლი განსაზღვრავს საქმიანობის ცალკეულ სახეებს, რომელთა განხორციელება გაკოტრების მმართველს შეუძლია მხოლოდ კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით, კრედიტორთა კომიტეტის თანხმობა კი, როგორც წესი ფორმალურ ხასიათს ატარებს”, შესაბამისად, კასატორის მითითებით, კანონში ჩადებული იმპერატიული ნორმა სასამართლომ ფორმალური ხასიათის მატარებლად ჩათვალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის უფლების სუბიექტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სს “მ. ა. ს.” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ კრედიტორთა კომიტეტის თანხმობა ფორმალურ ხასიათს ატარებს და გაკოტრების მმართველის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს. აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს იმ დროს მოქმედი “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონიდან.
საზოგადოების საქმიანობაში სამეთვალყურეო საბჭოს სტატუსი და კრედიტორთა კომიტეტის სტატუსი გაკოტრების საქმის წარმოებაში განსხვავებულია. განსხვავებულია მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები. კრედიტორთა კომიტეტი არ არის მმართველობითი ფუნქციების მქონე ორგანო, განსხვავებით სამეთვალყურეო საბჭოსაგან, რომელიც იქმნება თავად საზოგადოების პარტნიორების მიერ. კრედიტორთა კომიტეტის წევრები არიან მესამე პირები, რომელთა მიმართ საზოგადოებას აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები. კრედიტორთა კომიტეტის მიზანია კრედიტორთა ინტერესების დაცვა, რათა გაკოტრების მასის მართვა და მისი გასხვისება მოხდეს რაც შეიძლება მომგებიანი პირობებით და შესაძლებელი გახდეს საზოგადოების ვალდებულებების შესრულება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია დაეხმაროს და კონტროლი გაუწიოს გაკოტრების მმართველს მისი საქმიანობის განხორციელებისას. იგი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მოსთხოვოს მოხსენებისა და საფინანსო ანგარიშის წარდგენა და უშუალოდ გააკონტროლოს იგი. კრედიტორთა კომიტეტის თანხმობას საჭიროებს გაკოტრების მმართველის იურიდიული ქმედებები, მათ შორის, კრედიტის მიღება, ვალდებულებების აღება, მიწის ნაკვეთების შეძენა ან გასხვისება, გაკოტრების მასისათვის სასამართლო პროცესის წარმართვა და სხვა ქმედებები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ სამართავი ქონების მდგომარეობაზე და რომლებიც გამოწვეულია საწარმოს საქმიანობის გაგრძელებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების მმართველს მიწის ნაკვეთების შეძენის ან გასხვისების დროს კრედიტორთა კომიტეტის თანხმობა ესაჭიროება ორი პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, Gა)თუ იურიდიულ ქმედებებს (უძრავი ქონების შეძენა-გასხვისება) დიდი გავლენა აქვთ სამართავი ქონების მდგომარეობაზე და ბ) თუ ეს გამოწვეულია საწარმოს საქმიანობის გაგრძელებით. ვინაიდან საწარმო არ იმყოფებოდა რეაბილიტაციის რეჟიმში და არც რაიმე სხვა ფორმით აგრძელებდა საქმიანობას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად არ სჭირდებოდა კრედიტორთა კომიტეტის თანხმობა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განმარტებას საკასაციო პალატა არ იზიარებს. სადავო ნორმა აწესებს გაკოტრების მმართველის გარკვეული ქმედებების შეზღუდვას. ეს ნორმა შეიცავს ქმედებების ცალკეული სახეების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელება გაკოტრების მმართველს შეუძლია მხოლოდ კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით. ეს ქმედებებია: კრედიტის მიღება, ვალდებულების აღება, მიწის ნაკვეთის შეძენა ან გასხვისება, გაკოტრების მასისათვის სასამართლო პროცესის წარმართვა და სხვა ქმედებები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ სამართავი ქონების მდგომარეობაზე და რომლებიც გამოწვეულია საწარმოს საქმიანობის გაგრძელებით. ამდენად, მიწის ნაკვეთის შეძენა-გასხვისებისათვის კანონი გარკვევით ითვალისწინებს კრედიტორთა კომიტეტის თანხმობას, ხოლო ის პირობები, რომლებზეც სააპელაციო პალატა მიუთითებს, გათვალისწინებულია მხოლოდ „სხვა ქმედებების“ მიმართ და არა მიწის ნაკვეთის შეძენა-გასხვისების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად, გაკოტრების მმართველს ესაჭიროებოდა კრედიტორთა კომიტეტის თანხმობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა. მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ კანონის 222-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორთა კომიტეტის სავალდებულო ნებართვის გარეშე, შესაბამისად იგი ბათილია.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ნ. გ-ძისათვის არ იყო ცნობილი გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. ნ.გ-ძისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ საწარმო იმყოფებოდა გაკოტრების რეჟიმში, რადგან ხელშეკრულებას საზოგადოების სახელით დებდა გაკოტრების მმართველი, გაკოტრების მმართველის უფლებამოსილება კი შეზღუდული იყო კანონით.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ.გ-ძის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სადავო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად ცნობის თაობაზე წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ შესაგებელს და არა შეგებებულ სარჩელს, რაც შეეხება მიწის ნაკვეთის შეძენისათვის გადახდილი 135 000 ლარის დაკისრებას, ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სს “მცხეთის ავტოსატრანსპორტო საწარმო“ სარჩელით მოითხოვდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ხოლო ნ. გ-ძე შეგებებული სარჩელით მოითხოვდა უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარებას და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში გადახდილი თანხის დაბრუნებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. გ-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “მცხეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დაეკისრა ნ. გ-ძისათვის 135 000 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ნ.გ-ძემ, რომელმაც მართალია მიუთითა, რომ მთლიანად ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაში გამოყო, თუ გადაწყვეტილების რომელი ნაწილის გაუქმებას მოითხოვდა, კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე (კეთილსინდისიერ შემძენად ცნობაზე) და რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი (ტ.II ს.ფ. 121) და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კეთილსინდისიერ შემძენად ნ.გ-ძის ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დაზუსტებულია აპელანტის მოთხოვნა, კერძოდ, აპელანტი მოითხოვდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და სარჩელზე უარის თქმას. ბუნებრივია, აპელანტი არ მოითხოვდა მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით იმავე მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამდენად, გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასცდა ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ასევე დაარღვია ამავე კოდექსის 384-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ.გ-ძის შეგებებული სარჩელი 135 000 ათასი ლარის სს „მცხეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოსათვის“ დაკისრების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს სს „მცხეთის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ სარჩელი.
კასატორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, გადადებული ჰქონდა საკსაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს _ ნ. გ-ძეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53-ე და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
სს “მ. ა. ს.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სს “მ. ა. ს.” სარჩელი დაკმაყოფილდეს;
ბათილად იქნას ცნობილი სს “მ. ა. ს.” და ნ. გ-ძეს შორის 2004 წლის 9 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მცხეთაში, ... ქ.¹9-ში მდებარე უძრავი ქონების 14 800 კვ.მ მიწის ნაკვეთის მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ნასყიდობის თაობაზე და აღნიშნულ ქონებაზე აღირიცხოს სს “მ. ა. ს.” საკუთრების უფლება.
ნ. გ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 6000 ათასი ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.