#221აგ-16 1 მარტი, 2017 წელი
ს-ა დ, 221აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ას განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დ. ს-ა, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (2 წლით, 11 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთიდან) ნაწილობრივ დაემატა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. ს-ას სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2014 წლის 19 აგვისტოდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება: დ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რაც, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, მთლიანად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ დ. ს-ას განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2014 წლის 19 აგვისტოდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დ. ს-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება: დ. ს-ას ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია); მსჯავრდებულ დ. ს-ას მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველ ნაწილთან (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია).
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განაჩენით დ. ს-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. რ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენებში დ. ს-ას მიმართ შევიდა ცვლილება: მსჯავრდებული დ. ს-ა გათავისუფლდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან (რაც საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილისა და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, მთლიანად შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა). დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენები დ. ს-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
5. 2016 წლის 11 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ს-ამ და ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. მსჯავრდებულმა დ. ს-ამ საკასაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის განსახილველად დაშვება.
8. 2017 წლის 24 თებერვალს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული დ. ს-ა შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ დ. ს-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ს-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე