Facebook Twitter

ას-926-1209-09 28 სექტემბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ჟ. მ-იანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ც-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების გადახდის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ც-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ჟ. მ-იანის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების გადახდევინების დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ გ. ც-ძე 1964 წლიდან მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹21-ში. მისი აწ გარდაცვლილი მშობლები - თ. და ლ. ც-ძეები აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული იყვნენ 1948 წლიდან. ამავე ბინაში რეგისტრირებული იყო მისი მეუღლე და შვილი. აღნიშნული ბინა ჟ. მ-იანმა მემკვიდრეობით მიიღო აწ გარდაცვლილი ბიძის გ. ხ-ოვისაგან, რომელსაც ც-ძეების ოჯახთან დადებული ჰქონდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად გარიგება. მოსარჩელემ განმარტა, რომ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, იგი წარმოადგენს მოსარგებლეს ანუ პირს, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და მფლობელობის უფლება მოპოვებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ გ. ც-ძე თანახმა იყო გადაეხადა მესაკუთრისათვის სადავო ბინის ღირებულების 25% და აღრიცხულიყო მესაკუთრედ, ხოლო მესაკუთრის მხრიდან ბინის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ შეეწყვიტა საცხოვრებელი სადგომის მფლობელობა, მაგრამ მხარეებს შორის ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ. ც-ძემ სარჩელით მოითხოვა ქ.თბილისში, ... ქ. ¹21-ში მდებარე სადავო ფართის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდევინების დაკისრება მესაკუთრე – ჟ. მ-იანისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ჟ. მ-იანმა და გ. ც-ძემ.

თბილისისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით ჟ. მ-იანისა და გ. ც-ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებაზე ჟ. მ-იანის წარმომადგენელმა პ. კ-ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ჟ. მ-იანის წარმომადგენელ პ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ჟ. მ-იანის წარმომადგენელ პ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებოიბის ერთ-ერთი პირობის შესახებ მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში; ამ ნორმის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება როგორც განჩინების ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, ასევე ამ განჩინების ასლის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაგზავნის დრო, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან სხვა ოფიციალური დოკუმენტით ადრესატისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი ნაწილის მეორე და მესამე წინადადებების შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მის წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საფოსტო შეტყობინების თანახმად, ჟ. მ-იანის წარმომადგენელ პ. კ-ძის დედას-ნ. კ-ძეს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 9 ივლისს (ტ. I, ს.ფ. 81). ჟ. მ-იანის წარმომადგენელ პ. კ-ძის მიერ მოცემული განჩინება გასაჩივრებულია 2009 წლის 11 აგვისტოს. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან სააპელაციო პალატის განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე და 61-ე მუხლების თანახმად იყო 2009 წლის 10 აგვისტო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჟ. მ-იანის წარმომადგენელ პ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე, 397-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჟ. მ-იანის წარმომადგენელ პ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.