ას-927-1233-07 13 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ თ. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ჭ...ი”, სს “ს...ი” (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ სს “ს...ისა” და სს “ჭ...ის” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს “ჭ...ს” დაეკისრა თ. ლ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 15 ნოემბრიდან დღემდე, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანის _ გუშაგის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასის 80%-ის ანაზღაურება, რაც გაასაჩივრა სს “ჭ...ის” დირექტორმა მ. ტ-მ.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის განჩინებით სს “ჭ...ის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ჭ...ის” დირექტორმა მ.ტ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სს “ჭ...ის” დირექტორ მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის განჩინება და 2006 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს _ სს “ჭ...სა” და სს “ს...ს” თ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ, 2006 წლის 13 თებერვლიდან დღემდე ერთდროულად, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანის გუშაგის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასის 80%-ის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრა თ. ლ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს საკასაციო საჩივარი შეტანილია თუ არა ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საფოსტო შეტყობინების თანახმად, კასატორ თ. ლ-ს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 23 ივნისს. თ. ლ-ის მიერ ზემოაღნიშნილი განჩინება გასაჩივრებულია 2007 წლის 7 ნოემბერს. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს 2007 წლის 23 ივნისიდან, ამდენად, კასატორს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდათ 2007 წლის 23 ივლისის ჩათვლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.