Facebook Twitter

¹ას-929-1135-08 22 იანვარი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ა-ური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ბ-შვილიE (მოსარჩელე)

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2007 წლის 1 ივნისს თელავის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ბ-შვილმა მოპასუხე ნ. ა-ურის მიმართ ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, იგი არის ქ.თელავში, . . . ქ. ¹68-ში მდებარე ბინის მესაკუთრე. მხარეებს შორის რაიმე წერილობითი შეთანხმება ბინის გასხვისების თაობაზე არ დადებულა. მოპასუხემ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე აიღო ვალდებულება, რომ ბინის ღირებულების გადახდის შემდეგ მოსარჩელე საჯარო რეესტრში მოახდენდა ნ. ა-ურის სახელზე ბინის რეგისტრაციას, მაგრამ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა სრულად. მოპასუხე ნ. ა-ური უკანონოდ არის შეჭრილი სადავო ბინაში. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხესთან ვერ მიაღწია რაიმე შეთანხმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ბ-შვილმა მოითხოვა მოპასუხე ნ. ა-ურის გამოსახლება მისი კუთვნილი ბინიდან.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. ა-ური გამოსახლებულ იქნა მოსარჩელე ლ. ბ-შვილის სახელზე რიცხული ბინიდან მდებარე ქ.თელავში, . . . ქ. ¹68-ში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ა-ურმა.

თბლისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განჩინებით ნ. ა-ურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს გადაწვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე ნ. ა-ურმა საკასაციო საჩივარი შეიტანა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. მან შეიძინა საცხოვრებელი ბინა, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ლ. ბ-შვილის სახლეზე. მან ლ. ბ-შვილის შვილს – დავით ბ-შვილს გადაუხადა 3500 აშშ დოლარი, დანარჩენ თანხაზე კი შეთანხმდენენ, რომ ეტაპობრივად გადაიხდიდა. მან დამატებით ერთი თვის გადაში გადაიხადა 300 აშშ დოლარი და დარჩა 200 აშშ დოლარი გადასახდელი. როდესაც მან შესთავაზა მოწინააღმდეგე მხარეს დარჩენილი თანხის გადახდა, დავით ბ-შვილმა არ გამოართვა ფული, უარი თქვა ბინის გაფორმებაზე და მოითხოვა გამოსახლება. იგი არის ბინის მართლზომიერი მფლობელი, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ნ. ა-ურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია მოსაზრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ნ. ა-ურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ა-ურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.