¹ბს-1017-603(კ-05) 29 მარტი, 2006წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე(თავმჯდომარე,),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი - სს ,,ს.-ის" წარმომადგენელი ა. გ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – 1. საქართველოს კონტროლის პალატა; წარმომადგენელი – ნ. ე.-ა
2. რუსთავის საგადასახადო ინსპექცია; წარმომადგენელი – ს. ნ.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის განჩინება
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს ,,ს.-ის" წარმომადგენელმა ა. გ.-ამ 2005 წლის 9 მარტს განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს 2003 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი მოტივებით:
ქვემო ქართლის კონტროლის პალატის 1996 წლის 15 სექტემბრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტალური რევიზიის აქტით სს ,,ს.-ს" დაეკისრა 88396 ლარის ძირითადი დავალიანებიდან 108524 ლარის სანქციის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. სს-ის ხელმძღვანელობამ კონტროლის პალატის აქტით დარიცხული თანხების კანონიერების თაობაზე საჩივრით მიმართა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, რომელმაც, იმის ნაცვლად, რომ გაერკვია დარიცხული თანხების კანონიერება, სიტყვიერად განუმარტა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, რომ ქვემო ქართლის კონტროლის პალატის 1996 წლის 15 სექტემბრის შემოწმების აქტის კანონიერების თაობაზე სარჩელით უნდა მიემართა სასამართლოსთვის. სს ,,ს.-მა" 2001 წლის 27 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს შემოწმების აქტით დარიცხული თახის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს 2001 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით და ბათილად იქნა ცნობილი სს ,,ს.-ისათვის" კონტროლის პალატის შემოწმებით დარიცხული 88396 ლარის გადასახადი და საურავი - 108921 ლარი.
2002 წლის 22 თებერვალს რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატის აპარატის უფროსმა ა. ხ.-ემ, რომელიც შემდგომ გამოთხოვილ იქნა 2002 წლის 25 მარტის წერილით, მიზანშეუწონლობის მოტივით. ამის შემდეგ კონტროლის პალატამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2002 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილის - ვ. პ.-ის ხელმოწერით. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და სს ,,ს.-ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 31 მარტის განჩინებით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განმცხადებელმა პირადად მიმართა ,,საქართველოს სახალხო დამცველს ,,საქართველოს სახალხო დამცველის" შესახებ კანონის მე-14 და 21-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საიდანაც 2005 წლის 8 თებერვლის ¹185/01-1/404გ წერილით ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების ანალიზის საფუძველზე სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ ზონალური საგადასახადო ინსპექცია სრულიად უსაფუძვლოდ ედავებოდა კონტროლის პალატის ბიუროს მიერ დარიცხულ 197320 ლარს, ხოლო საურავის გათვალისწინებით - 636703 ლარს. ამის შემდეგ მიზანშეწონილად ჩათვალა მოეძია მტკიცებულება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მაშინდელი პირველი მოადგილისათვის - ვ. პ.-ისათვის საქართველოს კონტროლის პალატის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, რა დროსაც გაარკვია, რომ ვ. პ.-ს არავითარი იურიდიული უფლება არ ჰქონდა აღნიშნულ დღეს - 2002 წლის 9 ოქტომბერს - განეხორციელებინა საპროცესო ქმედება. ასეთი უფლება მას საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2000 წლის 21 ივნისის ¹4/2 დადგენილებით მიენიჭა. ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როცა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე არ ახორციელებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. საქართველოს კონტროლის პალატის 30.12.2004წ. და 25.01.2005 წლის ¹710/17 და 59/17 წერილებით დასტურდებოდა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის იმჟამინდელი თავმჯდომარე ს. მ.-ი 2002 წლის 9 ოქტომბერს ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას.
განმცხადებელს მიაჩნდა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 25 იანვრის ¹59/17 წერილის შინაარსი არსებითად ცვლიდა საქმის ვითარებას და სსსკ-ის 423-ე მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აპრილის განჩინებით სს ,,ს.-ის" წარმომადგენელ ა. გ.-ას განცხადება სასამართლოს 2003 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2005 წლის 24 მაისის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე ი. მესხიას 2005 წლის 25 იანვრის ¹59/17 წერილში საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ აღნიშნული იყო, რომ 2002 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ს. მ.-ი ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, არ იმყოფებოდა მივლინებაში და არც შრომითი ურთიერთობა ჰქონდა შეჩერებული საავადმყოფო ფურცელზე ან შვებულებაში ყოფნასთან დაკავშირებით, რაც არ წარმოადგენდა საქმის წარმოების განახლების საფუძველს. ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" კანონის მე-11 მუხლი განსაზღვრავს კონტროლის პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილებებს, რომლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, კონტროლის პალატის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2000 წლის 21 ივნისის ¹4/2 დადგენილების ,,საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის უფლებამოსილებათა დელეგირებისა და გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საქართველოს კონტროლის პალატის კოლეგიური ორგანოების სხდომების შესახებ" პირველი პუნქტის თანახმად, კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უფლება მიეცა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ადგილზე არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავისი სახელით განეხორციელებინა ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული თავმჯდომარის უფლებამოსილება და წარმოედგინა კონტროლის პალატა სხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის, სასამართლო ორგანოებთან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96.2 მუხლის თანახმად, კონტროლის პალატის სახელით გაიცა მინდობილობები პალატის თანამშრომლებზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარე, წარმოადგენს რა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, მას ხშირად უწევს საქართველოს პარლამენტის, მთავრობის სხდომებისა და სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიებებზე დასწრება, რის გამოც ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების დელეგირება მოხდა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე და, შესაბამისად, ამ უკანასკნელს სრული უფლებამოსილება გააჩნდა, წარედგინა სააპელაციო საჩივარი 2002 წლის 9 ოქტომბერს.
სააპელაციო სასამართლოს 24.05.2005წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ს.-ის” წარმომადგენელმა ა. გ.-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინების მიღებას.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოედგინა ასევე საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ სს ,,ს.-ის” განცხადება განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული დასაშვებობის სტადიაზე, რა მიზნითაც ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და განცხადების დაუშვებლად მიჩნევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ს.-ის” საკასაციო საჩივარი და საქართველოს კონტროლის პალატის შეგებებული საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი სს ,,ს.-ის” წარმომადგენელი საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლის ,,ვ” პუნქტზე. აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საგულისხმოა, რომ ასეთი სახის გარემოებად კასატორი მიიჩნევს სახალხო დამცველის 2005 წლის 8 თებერვლის წერილს, რომლის საფუძველზეც მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე ვ. პ.-ე არ იყო სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტში კონტროლის პალატის მაშინდელი თავმჯდომარე ს. მ.-ი იმყოფებოდა ადგილზე და ახორციელებდა საკუთარ უფლებამოსილებას.
საკასაციო სასამართლო განმცხადებლის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კასატორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმავე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ე”-,,ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, მითითებული მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე”-,,ვ” ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლების არსებობისას, საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. მითითებული გარემოება არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მხარემ აღნიშნულის შესახებ არ იცოდა და 2. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ამ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
აღნიშნული მუხლის დათქმის შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადასტურებდა განმცხადებლის მითითებას საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ნაკლოვანების თაობაზე, აღნიშნული ვერ იქცეოდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, ვინაიდან სს ,,ს.-ისათვის”, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის მომენტში ცნობილი იყო სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის ვინაობა, რომლის უფლებამოსილების საკითხის განსაზღვრაც იმთავითვე იყო შესაძლებელი და განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა და ვერ მიუთითა ვერც ერთ იმ გარემოებაზე, რომელიც გამორიცხავდა მისი ბრალეულობის მომენტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს რა საქმის წარმოების განახლების გამომრიცხავ ზემოაღნიშნულ საფუძველზე, იმავდროულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2000 წლის 21 ივნისის ¹4/2 დადგენილება და კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2000 წლის 21 ივნისის ¹49 ბრძანება კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ანიჭებდა სრულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ვინაიდან აღნიშნული აქტი ერთმანეთისაგან გამიჯნავდა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ადგილზე არყოფნისა და მისი მხრიდან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის მომენტს. ის გარემოება, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარე სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტისათვის ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას, არ გამორიცხავს მისი ადგილზე არყოფნის შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას აღნიშნული აქტების სავალდებულო რეგისტრაციისა და იურიდიული ძალის არქონის თაობაზე და განმარტავს: ,, ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი იქმნება ნორმატიული აქტების აღრიცხვისა და სისტემატიზაციისა და სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით. ამდენად, მითითებული რეესტრი მიზნად ისახავს ნორმატიული აქტების აღრიცხვა-სისტემატიზაციას. ამავე კანონის 2.3 მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი და დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
რაც შეეხება საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2000 წლის 21 ივნისის ¹4/2 დადგენილებასა და კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2000 წლის 21 ივნისის ¹49 ბრძანებას, მითითებული აქტები არ აკმაყოფილებს ნორმატიული აქტებისათვის დადგენილ მოთხოვნებს და თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და შესაბამისად, არ ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებას.
საკასაციო სასამრთლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის დარღვევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლო განცხადების დასაშვებობის სტადიაზე ამოწმებს მხოლოდ ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წანამძღვრების არსებობის საკითხს, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო სააქციო საზოგადოების განცხადების დაუშვებლად მიჩნევის პროცესუალურ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ს.-ის” საკასაციო საჩივარი და საქართველოს კონტროლის პალატის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის განჩინება;
3. სს ,,ს.-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება