Facebook Twitter

¹ას-93-373-08 11 ივნისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

(თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი) რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – მ. ი-ძე, ს. მ-ძე, დ. ბ-ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – ქ. და მ. მ-ძეები (მოსარჩელეები)

დავის საგანი – ქმედებების დავალდებულება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. და ქ. მ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში დ. და ი. ბ-ძეებისა და ს. და მ. მ-ძეების მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხეთა გამოსახლება თავიანთ საკუთრებაში რიცხული ქ.ბათუმში, ... ქუჩა ¹20-ში მდებარე 18.9 კვ.მ საცხოვრებელი ბინიდან.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მათ აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლება მიიღეს ქ.ბათუმის მერის 2007 წლის 22 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობით. მოსარჩელეთა საკუთრების უფლება დარეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. მოპასუხეებმა, რომელთაც თავიანთი საცხოვრებელი ფართები მოსარჩელის საცხოვრებელის მომიჯნავედ მდებარეობს, მიიტაცეს მოსარჩელეთა კუთვნილი ფართიც და, მიუხედავად მოთხოვნისა, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. და ქ. მ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. და ი. ბ-ძეებს, ასევე ს. და მ. მ-ძეებს დაევალათ მოსარჩელეთა საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ფართის, კერძოდ, ... ქ.¹20-ში მდებარე 18,90 კვ.მ საცხოვრებელი ფართისგან შემდგარი ¹118 ოთახის მათი მფლობელისაგან განთავისუფლება და ამ ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური სამსახურის 2008 წლის 8 სექტემბრის ¹1167\5 ექსპერტის დასკვნისა და მასზე დართული ექსპერტის მიერ შედგენილი ნახაზების შესაბამისად.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ს. მ-ძის, მ. ი-ძისა და დ. ბ-ძის წარმომადგენელმა გ. გ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. ბ-ძის, მ. და ს. მ-ძეების წარმომადგენელ გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ს. მ-ძის, მ. ი-ძისა და დ. ბ-ძის წარმომადგენელმა გ. გ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განჩინებით გ. გ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. მ-ძის, მ. ი-ძისა და დ. ბ-ძის წარმომადგენელმა გ. გ-ძემ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, ისე რომ არ გაითვალისწინა ის საპატიო მიზეზები, რომლებიც ცნობილი იყო სასამართლო პროცესის დაწყებამდე. სასამართლო პროცესი დანიშნული იყო 2008 წლის 23 დეკემბერს - 11 საათზე. სასამართლომ პროცესის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეები მოწვეული იყვნენ სხვა რაიონიდან და ზამთარში ქალაქ ბათუმიდან ქუთაისში ჩასვლას 3 საათი სჭირდება. იგი სამკურნალოდ იყო თბილისში ჩასული და წამოვიდა პირველი რეისის ტრანსპორტით. ამავდროულად აცნობა თანაშემწეს ტელეფონით იმის შესახებ, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, ჰქონდა მაღალი სიცხე თავის ტკივილებით. მისი აზრით, სასამართლოსთვის წინასწარ ცნობილი იყო მისი პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი და აღნიშნული გარემოება საპატიოდ უნდა მიეჩნია.

ასევე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ბ-ძემ, რომელმაც მიუთითა, რომ მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილ იქნა სატელეფონო შეტყობინება, მასზედ რომ აპელანტების წარმომადგენელს აგვიანდებოდა სასამართლოზე გამოცხადება და მოითხოვდა პროცესის გადადებას, ანუ სასამართლოსათვის ცნობილი იყო მხარის გამოუცხადებლობის შესახებ, რაზედაც სასამართლოს აცნობა დროულად. აქედან გამომდინარე, მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ი-ძის, დ. ბ-ძისა და ს. მ-ძის წარმომადგენელ გ. გ-ძისა და დ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 23 დეკემბერს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ აპელანტები – დ. ბ-ძე, მ. და ი. მ-ძეები და მათი წარმომადგენელი გ. გ-ძე, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დ. ბ-ძის, მ. და ი. მ-ძეების წარმომადგენელმა გ. გ-ძემ წარმოადგინა სს „ვერე XXI-ის“ საოჯახო მედიცინის სასწავლო კლინიკური ცენტრის მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი, რომელიც ხელმოწერილი არ არის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, აღნიშნული ცნობა არ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი ცნობა არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების წარმომადგენელ გ. გ-ძისა და დ. ბ-ძის მითითებას იმის შესახებ, რომ გ. გ-ძემ ავადმყოფობის შესახებ წინასწარ ტელეფონით შეატყობინა თანაშემწეს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გ. გ-ძეს ტელეფონით შეტყობინების დროს არ უთქვამს ავადმყოფობის შესახებ, არამედ აღნიშნა, რომ გამოსცდა ხაშურს და აგვიანდებოდა პროცესზე, რისთვისაც მოითხოვა საქმის გადადება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მისთვის წინასაწარ იყო ცნობილი სასამართლო სხდომის შესახებ და უნდა გაეთვალისწინებინა მითითებული დამაბრკოლებლი გარემოებები.

პალატა განმარტავს, რომ კასატორების მიერ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს. კასატორები არ უთითებენ იმ გარემოებაზე, რის გამოც მათი გამოუცხადებლობა შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტების გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მათ მიმართ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტები სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყვნენ კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ი-ძის, ს. მ-ძისა და დ. ბ-ძის წარმომადგენელ გ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

დ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.