Facebook Twitter

ას-935-1140-08 19 თებერვალი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ზ. ა-შვილი, ვ. თ-უა, ვ. ა-ოვი, ი. კ-ძის უფლებამონცვლე ც. კ-შვილი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «თ. მ.”E (მოპასუხე)

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2007 წლის 24 იანვარს ზ. ა-შვილმა, ვ. თ-უამ, ვ. ა-ოვმა და ი. კ-ძემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „თ. მ.“ მიმართ სამუშაოზე აღდგენის, განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზ. ა-შვილი მუშაობდა შპს „თ. მ.“ ტელემართვის ჯგუფის ელ.მონტიორად, ი. კ-ძე - ესკალატორის ოსტატად, ვ. თ-უა – ესკალატორის მემანქანედ, ხოლო ვ. ა-ოვი – ესკალატორის ზეინკლად. შპს თ მ.“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 23 იანვრის ¹პ\შ-23-06 ბრძანებით მოსარჩელეები გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სასამართლოში და მოითხოვეს სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით ი. კ-ძე, ვ. თ-უა, ვ. ა-ოვი და ზ. ა-შვილი აღდგენილ იქნენ სამუშაოზე და აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური. მოსარჩელეთა განმარტებით, 2006 წლის 18 დეკემბრიდან მათი სამსახურში აღდგენის შესახებ მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორის ბრძანება ფოსტის საშუალებით მიიღეს 2006 წლის 27 დეკემბერს, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს, ასევე ფოსტის საშუალებით მიიღეს მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორის ბრძანება 2006 წლის 20 დეკემბრიდან მათი ხელმეორედ განთავისუფლების შესახებ. მოსარჩელეთა განმარტებით, მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორის 2006 წლის 20 დეკემბრის ბრძანებები უკანონოა, ვინაიდან სამუშაოზე აღდგენის შესახებ ბრძანებების გამოცემის შემდეგ მათ ფაქტობრივად არ მიეცათ შესაძლებლობა, განეხორციელებინათ სამსახურებრივი მოვალეობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს:

1.შპს „თ. მ.“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 20 დეკემბრის ბრძანებების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა;

2.განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2006 წლის 1 აგვისტოდან 2007 წლის 31 აგვისტომდე ახალი გაზრდილი ტარიფით;

3.ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრება სასამართლოს გადაწყვეტილებათა კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

4.2006 წლის საშვებულებო თანხების ანაზღაურება;

5.მორალური ზიანის ანაზღაურება 4000 ლარის ოდენობით თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 აგვისტოს საოქმო განჩინებით აწ გარდაცვლილი ი. კ-ძის უფლებამონაცვლედ საქმეში დაშვებულ იქნა მისი მეუღლე ც. კ-შვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ა-შვილის, ვ. თ-უას, ვ. ა-ოვისა და ი. კ-ძის უფლებამონაცვლის ც. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი შპს „თ. მ.“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹პ\შ-1955\06, ¹პ\შ-1954\06, ¹პ\შ-1960\06 და ¹პ\შ-1953-06 ბრძანებები.

აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და ზ. ა-შვილს, ვ. თ-უასა და ვ. ა-ოვს გაუგრძელდათ შრომითი ურთიერთობები შპს „თ. მ.“.

შპს „თ. მ.“ მიერ ზ. ა-შვილისათვის, ვ. თ-უას, ვ. ა-ოვისა და ი. კ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-შვილის შრომის ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნა წინასწარი გადაწყვეტილება. Dაღდგენილ იქნა შპს „თ. მ.“ მიერ ზ. ა-შვილის, ვ. თ-უას, ვ. ა-ოვისა და ი. კ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-შვილის შრომის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტობრივი საფუძვლები.

შპს „თ. მ.“ მიერ ზ. ა-შვილისათვის, ვ. თ-უასათვის, ვ. ა-ოვისა და ი. კ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-შვილისათვის 2006 წლის 20 დეკემბრამდე გაცემულ ხელფასსა და 2006 წლის 1 აგვისტოში მომატებული შრომითი ანაზღაურების ოდენობას შორის გადაუხდელი სხვაობის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის გადახდის ნაწილში მიღებულ იქნა წინასწარი გადაწყვეტილება. Dდადგენილ იქნა შპს „თ. მ.“ მიერ ზ. ა-შვილისათვის, ვ. თ-უასათვის, ვ. ა-ოვისა და ი. კ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-შვილისათვის 2006 წლის 20 დეკემბრამდე გაცემულ ხელფასსა და 2006 წლის 1 აგვისტოს მომატებული შრომის ანაზღაურების ოდენობას შორის გადაუხდელი სხვაობის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის გადახდის ვალდებულების არსებობის ფაქტობრივი საფუძვლები.

შპს „თ. მ.“ მიერ ზ. ა-შვილის, ვ. თ-უას, ვ. ა-ოვისა და ი. კ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-შვილის 2006 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნა წინასწარი გადაწყვეტილება, დადგენილ იქნა შპს „თ. მ.“ მიერ ზ. ა-შვილის, ვ. თ-უას, ვ. ა-ოვისა და ი. კ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-შვილის 2006 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტობრივი საფუძვლები.

ი. კ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-შვილს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე, ი. კ-ძის მიერ 2007 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების ნაწილში.

ზ. ა-შვილს, ვ. თ-უას, ვ. ა-ოვსა და ი. კ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-შვილს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 იანვრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ არსებობს შპს „თ. მ.“ მიერ ზ. ა-შვილისათვის, ვ. თ-უასათვის, ვ. ა-ოვსა და ი. კ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-შვილისათვის შრომის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტობრივი საფუძვლები 2006 წლის 1 აგვისტოდან არსებული შრომითი ანაზღაურების ოდენობის შესაბამისად.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა «შპს თბილისის მეტრომ”.

თბილისის სააპელაციო სასმართლოს 2008 წლის 4 ივნისის გაადწყვეტილებით შპს «თ. მ.” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრვ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, რომლითაც წინასწარი გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა შპს “თ. მ.” მიერ ზ. ა-შვილის, ვ. თ-უას, ვ. ა-ოვისა და ი. კ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-შვილის 2006 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების ვალდებულების არსებობის საფუძვლები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ა-შვილის, ვ. თ-უას, ვ. ა-ოვის და ი. კ-ძის უფლებამონაცვლის ც. კ-შვილის სარჩელი 2006 წლის გამუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ზ. ა-შვილმა, ვ. თ-უამ, ვ. ა-ოვმა, ი. კ-ძის უფლებამონცვლე ც. კ-მა. კასატორებმა აღნიშნეს, სასამართლომ მათ მიაკუთვნა გაცდენილი თვეების ხელფასი, მაგრამ არ მიაკუთვნა ამ დროის განმავლობაში შვებულების თანხა. ისინი ვერ გაიზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მათი გათავისუფლებისას უკვე მოქმედებდა ახალი შრომის კოდექსი, რომელიც არ ითვალისწინებს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების დღისათვის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას. მათი აზრით, შრომის კოდექსი ითვალისწინებს შვებულების ანაზღაურებას. აღნიშნული კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ უგელებელყო აღნიშნული ნორმა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გაომიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ზ. ა-შვილის, ვ. თ-უას, ვ. ა-ოვის, ი. კ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ა-შვილის, ვ. თ-უას, ვ. ა-ოვის, ი. კ-ძის უფლებამონცვლე ც. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ზ. ა-შვილის, ვ. თ-უას, ვ. ა-ოვის, ი. კ-ძის უფლებამონცვლე ც. კავთაუაშვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ა-შვილის, ვ. თ-უას, ვ. ა-ოვის, ი. კ-ძის უფლებამონცვლე ც. კავთაუაშვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.