Facebook Twitter

ას-936-1141-08 16 იანვარი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ხ-ნიდი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 9 აგვისტოს ო. ხ-ნიდის წარმომადგენელმა გ. ა-იანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ო. ხ-ნიდის სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. ხ-ნიდს გაუგრძელდა აწ გარდაცვლილი მ. ბ-იანის სამკვიდროს მდებარე _ ქ. თბილისში, . . . “ა” კორპუსი, ბინა ¹3-ის მიღების ვადა.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ო. ხ-ნიდი 1968 წლის 27 თებერვალიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფდებოდა მ. ბ-იანთან;

მ. ბ-იანი გარდაიცვალა 2004 წლის 2 სექტემბერს, ო. ხ-ნიდი, როგორც მამკვიდრებლის მეუღლე წარმოადგენს მისი პირველი რიგის მემკვიდრეს;

მ. ბ-იანის სამკვიდრო მასაში შევიდა უძრავი ქონება _ მდებარე ქ. თბილისში, . . . “ა” კორპუსი, ბინა ¹3, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ. ბ-იანზე;

ო. ხ-ნიდმა გაუშვა სამკვიდროს მიღების ვადა, ვინაიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მისაღებად არ მიუმართავს და არც ფაქტობრივი ფლობით მიუღია სამკვიდრო;

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებათა შეფასების შედეგად ო. ხ-ნიდის მიერ გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადა საპატიოდ მიიჩნია შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელე წლების მანძილზე იმყოფებოდა საბერძნეთში, ო. ხ-ნიდის წარმომადგენლის (რომელიც ოჯახის ახლო ნათესავიცაა) განმარტებით, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელემ დროულად ვერ შეიტყო მეუღლის გარდაცვალება, ვინაიდან ნათესავებისათვის უცნობი იყო მისი ზუსტი მისამართი საბერძნეთში, დაკრძალვის ხარჯებიც ნათესავებმა გაიღეს. გარდა ამისა, სამედიცინო ცნობით, რომელიც გასცა საბერძნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვისა და მეურვეობის სამინისტროს გ. პაპანიკოლაოს სახელობის საავადმყოფომ, დასტურდება, რომ ო. ხ-ნიდს შეენიშნებოდა სტეფანიას (გვირგვინის) დაავადება და მას ჩაუტარდა მკურნალობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ სხვა სახელმწიფოში მცხოვრები ო. ხ-ნიდისათვის ნამდვილად რთული იქნებოდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში ნოტარიუსისათვის მიმართვა, რის გამოც სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება საპატიოდ ჩათვალა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებების მიმართ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის საზღვარგარეთ ყოფნის გამო მისთვის მეუღლის გარდაცვალების ფაქტის დროულად შეუტყობინებლობა და ასევე, თავად მოსარჩელის ავადმყოფობის ფაქტი სასამართლომ სწორად მიიჩნია სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად და, შესაბამისად, სწორად გაუგრძელა მოსარჩელეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.