ას-939-1144-08 9 მარტი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო (მოსარჩელე, მოპასუხე მ. ტ-ძის სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ტ-ძე (მოსარჩელე, მოპასუხე ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელში)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება (შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სარჩელში), სახელშეკრულებო ფასის შემცირება (მ. ტ-ძის სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 12 ივლისს ხაშურის რაიონულ სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების ფასის შემცირების მოთხოვნით სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ტ-ძემ მოპასუხე ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ (ტომი I, ს.ფ. 2).
2006 წლის 26 ივლისს იმავე სასამართლოში სარჩელი აღძრა ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ მოპასუხე მ. ტ-ძის მიმართ. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის გადაუხდელი თანხის _ 31535 აშშ დოლარისა და ჯარიმის სახით ამ თანხის 10%-ის _ 3154 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა (ტომი II, ს.ფ. 2-3).
სასარჩელო განცხადებებიდან და მათზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2005 წლის 27 სექტემბრის ¹161 ბრძანებით დამტკიცდა 2005 წლის 27 სექტემბრის კონკურსის შედეგები და მ. ტ-ძეს გადაეცა საკანალიზაციო ქსელის (5 კმ-იანი) დაუმთავრებელი მშენებლობა 49 600 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში; მყიდველს უნდა უზრუნველეყო ობიექტის საბოლოო ღირებულების დაფარვა 2006 წლის 1 იანვრამდე. 2005 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და მ. ტ-ძეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა საკანალიზაციო ქსელის დაუმთავრებელი მშენებლობა (5 კმ.), მათ შორის: რკინა-ბეტონის მილი 5400 მეტრი და ლითონის მილი დიამეტრით 1200-1500 მეტრი. ნასყიდობის საგანი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. მ. ტ-ძეს უნდა უზრუნველეყო ობიექტის საბოლოო ღირებულების დაფარვა 2006 წლის 1 იანვრამდე ეტაპობრივად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მყიდველი მიიღებდა გაფრთხილებას წერილობით სახით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და დაჯარიმდებოდა დარჩენილი გადაუხდელი თანხის 10%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად. ასეთ შემთხვევაში გამყიდველის მიერ მყიდველს გადახდილი თანხა არ უბრუნდებოდა, ასევე არ ანაზღაურდებოდა მის მიერ გაწეული ხარჯები. 2005 წლის 20 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მ. ტ-ძეს გადაეცა საკანალიზაციო ქსელის (5 კმ-იანი) დაუმთავრებელი მშენებლობა, რომლის მახასიათებლებად მიეთითა: რკინა-ბეტონის მილი (4500 მ) და ლითონის მილი (500 მ).
2005 წლის 28 დეკემბერს მ. ტ-ძემ განცხადებით მიმართა ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, რომელშიც მოცემულ დრომდე თანხის გადაუხდელობა მეტეოროლოგიური პირობების გამო სამუშაოს განხორციელების შეუძლებლობით დაასაბუთა. მანვე ობიექტის საბოლოო თანხის გადახდა გაზაფხულზე სამუშაოების დაწყებას დაუკავშირა, რისი გათვალისწინებითაც ითხოვა აღნიშნული თანხის 2006 წლის 1 ივლისამდე გადავადება.
ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 3 იანვრის ¹2 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამმართველოს 2005 წლის 27 სექტემბრის ¹161 ბრძანებაში და მყიდველის მიერ ობიექტის საბოლოო ღირებულების დაფარვის ვადადა განისაზღვრა 2006 წლის 1 ივლისი.
2006 წლის 16 ივნისს ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს კვლავ განცხადებით მიმართა მ. ტ-ძემ. ამჯერად, მან თანხის გადახდის გადავადებასთან ერთად ითხოვა როგორც ამოღებული, ისე მიწაში დარჩენილი მილის ღირებულების შემცირება პროცენტულად. აღნიშნული მოთხოვნა განმცხადებელმა იმით დაასაბუთა, რომ მუშაობის მსვლელობისას რკინა-ბეტონის მილი ნაცვლად 1000 მმ-სა და 6 მეტრის სიგრძისა აღმოჩნდა 2 მეტრის სიგრძის ბეტონის მილი რკინის ბადის გარეშე, რაც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში ნაჩვენებს. ამასთან, მ. ტ-ძის მითითებით, რკინის ბადის უქონლობა მილში იწვევდა მის მტვრევას ამოღების დროს. ამოსაღები მილიც დაზიანებული აღმოჩნდა, რადგან გააჩნდა ნაპრალები. მათ მიერ გაჭრილი 1.5კმ-დან ვარგისი აღმოჩნდა და რეალიზებული იქნა მხოლოდ 700 მეტრი, რაც საშიშროებას უქმნიდა თანხის დაფარვას და იმავდროულად, განაპირობებდა როგორც ამოღებული, ისე მიწაში დარჩენილი მილის ღირებულების შემცირების აუცილებლობას.
ხაშურის სახელმწიფო ქონების აღიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 4 ივლისის ¹03-374 წერილობითი გაფრთხილებით მ. ტ-ძეს პირობების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მე-8 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა დარჩენილი თანხის 10%-ის გადახდა, რაც შეადგენდა 3154 აშშ დოლარს და რომლის დაფარვაც უნდა განეხორციელებინა შეტყობინების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში. აღნიშნული დროისათვის მ. ტ-ძეს 49 600 აშშ დოლარიდან (89 131 ლარი) გადახდილი ჰქონდა 18 065 აშშ დოლარი (32 634 ლარი), მათ შოირს: 18 000 ლარი რკინის მილების ღირებულება, ხოლო 14 634 ლარი _ რკინა-ბეტონის მილის ღირებულება.
ხაშურის სახელმწიფო ქონების აღიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 4 ივლისის ¹84 ბრძანებით ამავე სამმართველოსა და მ. ტ-ძეს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, რაც გამოიხატებოდა მის მიერ შეძენილი ქონების ნაწილობრივ ღირებულების გადახდაში, ქონების შემსყიდველი მ. ტ-ძე დაჯარიმდა დარჩენილი თანხის 10%-ით, რომლის ღირებულება განისაზღვრა 3154 აშშ დოლარის ოდენობით.
მ. ტ-ძე ნასყიდობის ხელშეკრულების ფასის შემცირების მოთხოვნას ნასყიდობის საგნის ნაკლით ასაბუთებდა და მის დაკმაყოფილების საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლზე მიუთითებდა.
თავის მხრივ, ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო მ. ტ-ძის მიერ ნასყიდობის თანხის სრულად გადაუხდელობას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობად მიიჩნევდა, რის გამოც ამავე ხელშეკრულების მე-8 პუნქტიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის გადაუხდელი თანხის _ 31535 აშშ დოლარისა და ჯარიმის სახით ამ თანხის 10%-ის _ 3154 აშშ დოლარის დაკისრებას მოითხოვდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელებით აღძრული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა (ტომი I, ს.ფ. 30).
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოცემულ დავაზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის 2006 წლის 10 ნოემბრის დასკვნის შესაბამისად, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის და სოფელ ცხრამუხის დაუმთავრებელ საკანალიზაციო ქსელში ჩაწყობილია ორი მეტრი სიგრძისა და ერთი მეტრი შიგა დიამეტრის მილები; საკანალიზაციო ქსელის მილები არ არის რკინა-ბეტონის მილები. აღნიშნული მილები ბეტონის მილებია. ადგილზე ამოღებული მილების ნაწილი დამტვრეულია, ნაწილი დაბზარულია არაგამჭოლი ბზარებით, ნაწილი კიდევ გამჭოლი ბზარებით. არაგამჭოლი ბზარებით დაბზარული მილები ორი და ორზე ნაკლები გრძივი გამჭოლი ბზარების მქონე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არასადაწნეო საკანალიზაციო მილებად, თუ ისინი წრიული მიმართულებით შეკრული იქნება მავთულებით, ხოლო ბზარები ინექცირებული იქნება ეპოქსიდის ან წებოცემენტის ხსნარით; მიწიდან დღემდე ამოღებული მილების და მიწიდან ამოსაღები მილების საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია, რამდენადაც უცნობია მათი ფიზიკური მდგომარეობა, ხოლო ზოგადად დაბზარული მილები წარმოადგენენ არასაღ მილებს და მათი საბაზრო ღირებულება შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთშეთანხმებული ფასით (ტომი II, ს.ფ. 24-25, 27-30).
მოგვიანებით, საქმეზე დანიშნული დამატებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1000 მმ შიგა დიამეტრის მქონე ერთი გრძივი მეტრი ბეტონის მილის ღირებულება შეადგენდა 1000 მმ შიგა დიამეტრის მქონე ერთი გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის მილის ღირებულების 53.45%-ს (ტომი II, ს.ფ. 33-34, 35-37).
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ტ-ძის სარჩელი ნასყიდობის ფასის შემცირებაზე დაკმაყოფილდა და მას სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ხაშურის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 23 850 ლარის გადახდა; ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხისა და ჯარიმის გადახდევინების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 487-ე და 492-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივად უნაკლო ნივთი. ამასთან, ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას, მყიდველს გააჩნია ნასყიდობის ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება.
საქმეზე დგინდებოდა, რომ 89 131 ლარიდან მ. ტ-ძეს გადახდილი ჰქონდა 32 639 ლარი, მათ შორის: 18 000 ლარი რკინის მილების ღირებულება, ხოლო 14 634 ლარი _ რკინა-ბეტონის მილის ღირებულება. ბეტონის მილის რკინა-ბეტონის მილის ფასთან 53.45%-ით შეფარდებით, როგორც ამაზე ექსპერტის დასკვნა მიუთითებდა, რაიონულმა სასამართლომ საბოლოოდ გადასახდელი (შემცირებული) თანხა 23 850 ლარით განსაზღვრა (ტომი II, ს.ფ. 43-44).
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მ. ტ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სამმართველოს სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, მ. ტ-ძემ 5 კმ-იანი დაუმთავრებელი საკანალიზაციო ქსელიდან 1500 მეტრის სიგრძის მილების ამოღებისას სარჩელით მიმართა სასამართლოს ნასყიდობის საგნის ფასის შემცირებაზე ისე, რომ მილების ამოღებისა და შესაბამისად, მათი რეალიზაციის პროცესი დაუმთავრებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, არც მ. ტ-ძეს და არც სასამართლოს ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის განსაზღვრა არ შეეძლოთ, რადგან მიწაში კიდევ 3500 მეტრის სიგრძის მილებია დარჩენილი (ტომი II, ს.ფ. 47-48).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება ჯარიმის გადახდევინების შესახებ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ხაშურის სამმართველოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიცვალა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, მ. ტ-ძეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სასარგებლოდ 2385 ლარის გადახდა დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი (სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლი). ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე (სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლი).
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველს გადაეცა არა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის, არამედ ბეტონის მილები. ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული ისიც, რომ ბეტონის მილები არის ნაკლის მქონე, კერძოდ, ჩვეულებრივი სარგებლობისათვის უვარგისია.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ნასყიდობის ფასის 23 850 ლარამდე შემცირების თაობაზე.
მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ჯარიმის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და განმარტა, რომ გაყიდული ნივთის ნაკლი ვერ ჩაითვლებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დროულად გადაუხდელობის ობიექტურ მიზეზად. ასეთ შემთხვევაში მ. ტ-ძეს შეეძლო მოეთხოვა ხელშეკრულების მოშლა (სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილი), რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში 2005 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-8 პუნქტით მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა საჯარიმო სანქციები, კერძოდ, აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში “მყიდველი” იღებდა გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ჯარიმდებოდა დარჩენილი გადაუხდელი თანხის 10%-ით.
საქმეზე დგინდებოდა, რომ მ. ტ-ძეს სამმართველოს 2006 წლის 4 ივლისის ¹03-374 წერილობითი გაფრთხილებით პირობების შეუსრულებლობისათვის დაეკისრა დარჩენილი თანხის 10%-ის გადახდა, რაც შეადგენდა 3154 აშშ დოლარს, რომლის დაფარვაც უნდა განეხორციელებინა ორი კვირის ვადაში.
რამდენადაც, მ. ტ-ძის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ შესრულდა ვალდებულება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მას პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა დარჩენილი გადასახდელი თანხის (23850 ლარი) 10%-ის _ 2385 ლარის გადახდა (ტომი II, ს.ფ. 129-136).
ზემომითითებული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ტ-ძისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მთლიანად გადახდევინების შესახებ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 487-ე, 488-ე მუხლები. იმ ვითარებაში, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები სრულად არ შესრულებულა, კერძოდ, მიწიდან მხოლოდ მილების ნაწილია ამოღებული, სასამართლოს ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის განსაზღვრა არ შეეძლო (ტომი II, ს.ფ. 140-147).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება კასატორის მიერ გასაჩივრებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სარჩელი 2005 წლის 20 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამო მ. ტ-ძისათვის გადაუხდელი თანხის _ 31535 აშშ დოლარის შესახებ და დაკმაყოფილდა მ. ტ-ძის სარჩელი აღნიშნული ხელშეკრულების ფასის შემცირების შესახებ. რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას მ. ტ-ძისათვის ჯარიმის გადახდევინების შესახებ, ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილებულია და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რამდენადაც მ. ტ-ძეს დასახელებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
2005 წლის 20 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირი მ. ტ-ძე და ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო. ხელშეკრულების საგანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკანალიზაციო ქსელის დაუმთავრებელი მშენებლობის მ. ტ-ძისათვის გადაცემა. ხელშეკრულების საფუძველია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონი, “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულება და ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2005 წლის 27 სექტემბრის ¹161 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა კონკურსის შედეგები და მყიდველ მ. ტ-ძესათვის საკანალიზაციო ქსელის დაუმთავრებელი მშენებლობის გადაცემა. ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2005 წლის 20 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების ხელშეკრულებას, ხოლო საკასაციო საჩივრის დავის საგანს _ პრივატიზების ხელშეკრულების პირობების შესრულება და მასში ცვლილების შეტანა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი და შესაბამისად, ამ სამართალურთიერთობის სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქოსამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე სამოქალაქო ხელშეკრულება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განმსაზღვრელ ამოსავალ ელემენტს წარმოადგენს მისი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა _ პრივატიზაცია _ სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. პრივატიზაციის პროცესი და ამ პროცესიდან წარმოშობილი ურთიერთობა არ არის კერძოსამართლებრივი ურთიერთობა და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ გამოვა როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, როგორც ურთიერთობის თანასწორი მონაწილე. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
რამდენადაც საკასაციო საჩივრის დავის საგანია ადმინისტრაციული (პრივატიზების) ხელშეკრულების პირობების შესრულება და მასში ცვლილებების შეტანა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.