ას-940-1145-08 27 თებერვალი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ზ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-შვილიE (მოსარჩელე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში ი. ზ-შვილის მიმართ და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2007 წლის 30 სექტემბერს გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ სვენეთთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა მოსარჩელის მამა რ. გ-შვილი. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა გორის რაიონის სოფელ თორტიზაში მცხოვრები ი. ზ-შვილი, რომლის მიმართ 2007 წლის 19 დეკემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია მოსარჩელე გ. გ-შვილი. წინასწარ გამოძიებაში მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასარჩელო განცხადება გამოძიებამ არ მიიღო იმ მოტივით, რომ საქმე საპროცესო შეთანხმებით განიხილეს სასამართლოში.
მოსარჩელემ მოითხოვა ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის, კერძოდ, ავტომანქანა „ოპელის“ აღსადგენად 3000 ლარის, დაკრძალვისა და შემდგომი ხარჯის - 10000 ლარის, ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ხარჯების - 300 ლარისა და მორალური ზიანის - 5000 ლარის გადახდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. გ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. ზ-შვილს გ. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1660 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ზ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. მოცემულ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდებოდა, თუ დაზარალებული შეასრულებდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 32.5 მუხლის მოთხოვნებს. მეტი ბრალეულობა დაზარალებულს მიუძღვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მას ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს შერეულ ბრალს და მხოლოდ მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ი. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ზ-შვლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ი. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.