ას-94-439-07 26 მარტი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 19 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. გ-მ მოპასუხე ა. გ-ისა და ქ. ბათუმის ნოტარიუს ნ. ს-ის მიმართ და მოითხოვა სამემკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ ცნობა და ქონების რეალურად გაყოფა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ... ქ. @21, ... ¹1-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/2½ ნაწილი ეკუთვნოდა მისი და მოპასუხის ბებიას - ვ. გ-ს, ხოლო ამავე სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილი _ ბებიის დას და სიძეს _ ლ. და მ. ბ-ებს, რომლებსაც პირველი რიგის მემკვიდრეები არ ჰყავდათ. ლ. და მ. ბ-ების გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი მფლობელობით მიიღო ვ. გ-მ, რომელმაც ვერ მოასწრო მისი გადაფორმება და საკუთრების უფლებით მის სახელზე ირიცხებოდა მთლიანი ბინის მხოლოდ 1/2½ ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ იგი საკუთრების უფლებით ფლობდა მთელ სახლს. 1991 წელს, ვ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ, თ. და ა. გ-ებმა თანაბარ წილად, საკუთარ სახელზე აღრიცხეს ვ. გ-ის სახელზე რიცხული სამემკვიდრეო ქონება. ლ. ბ-ის დანაშთი ქონება კი, როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, 2004 წლის 30 ნოემბერს საკუთარ სახელზე სანოტარო წესით მთლიანად გადაიფორმა მოპასუხე ა. გ-მ. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ქმედებით შეილახა მისი, როგორც ერთ-ერთი მემკვიდრის, ქონებრივი უფლება, რადგანაც მათ თანაბარ წილად ერგებოდათ მემკვიდრეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. გ-მ მოითხოვა 2004 წლის 30 ნოემბერს ნოტარიუს ნ. ს-ის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; აღნიშნული სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მემკვიდრედ ცნობა ა. გ-სათან ერთად და ქ. ბათუმში, ... ქ.¹21, ... ¹1-ში მდებარე სახლთმფლობელობის ½1/2-ის მის საკუთრებად აღრიცხვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. 2004 წლის 30 ნოემბრის ნოტარიუს ნ. ს-ის მიერ შედგენილი, სანოტარო აქტი _ სამკვიდრო მოწმობა ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი. კერძოდ, დასახელებული სამკვიდრო მოწმობით გათვალისწინებული სამკვიდრო ქონების, ქ. ბათუმში ... ქუჩა ¹21, ... 1-ში მდებარე სახლთმფლობელობის ნაწილზე მემკვიდრედ იქნა ცნობილი თ. გ-ე და მის სახელზე გაიცა შესაბამისი სამემკვიდრეო მოწმობა, ხოლო ა. გ-ის საკუთრებად აღირიცხა სანოტარო აქტით გათვალისწინებული მემკვიდრეობის ნაწილი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ვ. გ-ს ლ. ბ-ის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული, რისი დამადასტურებელი მოწმობაც ნოტარიუსის მიერ გაიცა ა. გ-ის თანდასწრებით, რაც თავად ა. გ-ს სადავოდ არ გაუხდია. ასევე დაადგინა, რომ ვ. გ-ის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ ა. და თ. გ-ები, რომელთაც მისი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივად მიიღეს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი არის არა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, არამედ ფაქტობრივი ფლობით მიღებული სამკვიდროდან წილის გამოყოფა და რადაგანაც ლ. ბ-ის დანაშთი ქონება წარმოადგენდა ვ. გ-ის საკუთრებას, მისი გარდაცვალების შემდეგ, მხარეებს, როგორც მის კანონიერ მემკვიდრეებს, თანაბარწილად უნდა მიეღოთ იგი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით ა. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში თ. გ-მ წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება სამემკვიდრეო დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ა. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.