ას-946-1252-07 27 მარტი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ თ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ე
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 13 იანვარს ნ. დ-ემ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე თ. გ-ის ან უფლებამოსილი პირების მიერ ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹14-ში მდებარე 37კვ.მ მიწაზე ყველანაირი სამუშაოების ჩატარების აკრძალვა, ამასთან, მოპასუხის დავალდებულება, საკუთარი ხარჯებით მითითებულ მიწაზე წამოწყებული უკანონო ნაგებობის დემონტაჟის უზრუნველყოფა და უძრავი ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის 8 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ფლობს ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹14-ში მდებარე 37კვ.მ მიწას. თ. გ-ემ, მასთან შეუთანხმებლად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მიისაკუთრა და დაიწყო მის მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები, ამასთან, მოსარჩელისათვის უცნობი იყო, გააჩნდა თუ არა მას შესაბამისი ორგანოებიდან რაიმე ნებართვა აღნიშნული სამუშაოების შესრულებისათვის და ვისი მხარდაჭერით სარგებლობდა იგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. დ-ემ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა მოპასუხისათვის, როგორც მისი საკუთრების ხელყოფისათვის, უკანონო ქმედების აღკვეთის დავალდებულება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ იგი ნაკვეთს ფლობს კანონიერად. 1990 წლის 29 სექტემბერს ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი გამოეყო .... რაიკოოპერატივს, 2001 წლის 5 თებერვალს კი დარეგისტრირდა რაიკოოპერატივის საკუთრებად. 1998 წლის 18 იანვარს რაიკოოპერატივის ნებართვის საფუძველზე მას ნაკვეთზე მაღაზიის მშენებლობის ნება დაერთო. 2001 წლის 18 იანვარს რაიკოოპერატივმა მასთან შეუთანხმებლად, მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ნ. დ-ეს, რომელმაც 2001 წლის 15 ივნისს აიღო საკადასტრო რუკა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ რაკი არ არსებობს მიწის აზომვის აქტი, გაუგებარია, თუ რომელი ნაკვეთი იყიდა მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ უკვე ააშენა ნაკვეთზე ნაგებობა და მისი დანგრევა დაუშვებლად მიიჩნია, რის გამოც მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. გ-ეს აეკრძალა ყველანაირი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ქ.საჩხერეში, .... ქ. ¹14-ში მდებარე 37კვ.მ მიწის ფართობზე, მასვე დაევალა საკუთარი ხარჯებით ამ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის დემონტაჟის უზრუნველყოფა და მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი საფუძვლები:
ქ.საჩხერეში, .... ქ. ¹14-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ნ. დ-ის საკუთრებაა და საჯარო რეესტრში აღრიცხულია მის სახელზე. თავად თ. გ-აც სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მიერ აშენებული ნაგებობა სწორედ ნ. დ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზეა აშენებული.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის ნაკვეთი ნ. დ-ის საკუთრებად კანონდარღვევით აღირიცხა, ვინაიდან მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა საჯარო რეესტრში ნ. დ-ის საკუთრებად სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის უსწორობა.
აპელანტმა ასევე ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლითაც ნ. დ-ის არაკეთილსინდისიერება დადასტურდებოდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. დ-ე სადავო ქონების მესაკუთრეა და მას მოთხოვნის უფლება გააჩნია.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თ. გ-ე სადავო ნაკვეთს მას შემდეგ დაეუფლა, რაც .... რაიკოოპერატივმა მისცა თანხმობა მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე და ... ადგილობრივი მმართველობის გამგეობამ გამოუყო მიწის ნაკვეთი მაღაზიის ასაშენებლად.
საქმეში არსებული მასალებისა და საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თ. გ-ემ სადავო მიწის ნაკვეთი 1998 წელს მიიღო უსასყიდლო აღნაგობის უფლებით და, შესაბამისად, იმისათვის, რომ აპელანტს აღნაგობის უფლება წარმოშობოდა, საჭირო იყო ხელშეკრულება გაფორმებულიყო სანოტარო წესით და მომხდარიყო მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აღნაგობის ხელშეკრულება დაიდო დადგენილი ფორმის დაუცველად და არ მოხდა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ეს ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილი იყო მისი დადების მომენტიდან, შესაბამისად, აპელანტს მიწის ნაკვეთზე არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო უფლებები წარმოშობია და მას არც ნაკვეთის განაშენიანების უფლება ჰქონდა, ამიტომაც იგი ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი არ არის, თუმცა პალატის აზრით, მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტის მიმართ თ. გ-ე კეთილსინდისიერია, შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ თ. გ-ე სადავო მიწის ნაკვეთის არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელია.
სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებისა და საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ ზიანი, რომელიც სავარაუდოდ მიადგება აპელანტს ნაგებობის დანგრევით, გამოწვეულია ძირითადად მისივე ქმედებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი და გადაამეტა გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს, რითაც დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ კანონდარღვევით, უსაფუძვლოდ უგულებელყო და არ გაიზიარა საქმის ობიექტური გადაწყვეტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა საჯარო რეესტრში ნ. დ-ის საკუთრებად უძრავი ქონების რეგისტრაციის უსწორობა.
ამასთან, კასატორის განმარტებით, განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს კატეგორიული მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესი სასამართლო არ იზიარებდა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რაიკოოპერატივსა და თ. გ-ეს შორის დადებული იყო თუნდაც ფორმადაუცველი აღნაგობის ხელშეკრულება, საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ დაბეჯითებით დაასაბუთა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო აღნაგობის სანივთო გარიგება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის ფარგლებში და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით. მოთხოვნის დაკმაყოფილება სამი წინაპირობის არსებობისას არის შესაძლებელი: პირველი, უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, მეორე უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მესამე, მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹14-ში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ნ. დ-ის საკუთრებას. მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დადასტურებულია მოპასუხე ნ. დ-ესა და ... რაიკოოპერატივს შორის 2001 წლის 8 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა საჯარო რეესტრში ნ. დ-ის საკუთრებად უძრავი ქონების რეგისტრაციის უსწორობა. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში, რეგისტრირებული რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ... რაიკოოპერატივის სახელზე იყო რეგისტრირებული. მოსარჩელემ სადავო ფართობი შეიძინა 2001 წელს, ხოლო .... რაიკოოპერატივის სახელზე რეგისტრაციის უზუსტობა დადგინდა 2007 წელს. ასევე დადგენილია, რომ ჩანაწერის უზუსტობა არ იყო ცნობილი შემძენისათვის. სადავო მიწის ნაკვეთი საჩხერის კოოპერატივის საკუთრებად მიაჩნდა ასევე კასატორსაც. ამდენად, კასატორმა ვერ დაამტკიცა გარემოებები, რომლებიც შემძენის არაკეთილსინდისიერებას და რეგისტრაციის უზუსტობის ფაქტის ცოდნას დაადასტურებდა, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად და სადავო ქონების მესაკუთრეა ნ. დ-ე.
დადგენილია, რომ საჩხერის რაიკოოპერატივის თანხმობის საფუძველზე, საჩხერის გამგეობის 1998 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით თ. გ-ეს მიეცა მშენებლობის ნებართვა სადავო 20 კვ.მ ფართზე. დადგენილია, რომ თ. გ-ემ 1999 წელს გააკეთა მაღაზიის საძირკველი, შემდეგ მშენებლობა შეწყდა. 2003 წელს აშენდა კედლები და ჩაიდგა რკინის კარი, ხოლო 2005 წელს მაღაზია გადაიხურა. დადგენილია, რომ ნ. დ-ის მიერ სადავო ნაკვეთის შეძენის დროს ნაკვეთზე ნაგებობა არ იდგა. მას შემდეგ, რაც თ. გ-ემ სამშენებლო სამუშაოები გააგრძელა ნ. დ-ემ მას მშენებლობის შეწყვეტა მოსთხოვა, ასევე რამდენჯერმე გააფრთხილა ქ. საჩხერის მთავარმა არქიტექტორმა, მიუხედავად ამისა, თ. გ-ემ მშენებლობა მაინც გააგრძელა.
დადგენილია, რომ თ. გ-ეს სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. მას სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და ფლობის უფლება არ წარმოშობია. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მშენებლობის ნებართვა არ წარმოშობს უძრავ ნივთზე რაიმე უფლებებს. სანივთო უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების სანოტარო წესით დამოწმება და ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. გ-ე სადავო მიწის ნაკვეთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მესაკუთრე უფლებამოსილია, გამოითხოვოს თავისი ნივთი თ. გ-ის მფლობელობიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.