Facebook Twitter

ას-950-1153-08 10 მარტი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი (მოსარჩელე) _ ლ. შ-ევა (წარმომადგენელი ვ. ც-ძე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. ნ. მ-ავა; 2. ნოტარიუსი ე. შ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. შ-ევამ მოპასუხეების _ ნოტარიუს ე. შ-შვილისა და ნ. მ-ავას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2003 წლის 8 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი და ვალდებულების უზრუნველსაყოფად შესთავაზა კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვა. ნ. მ-ავამ ისარგებლა იმით, რომ იგი არ ფლობდა სახელმწიფო ენას და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერინა ხელი. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს, რომ ნოტარისმა ე. შ-შვილმა დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა, რადგან სანოტარო მოქმედება შეასრულა თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არსებობს 2003 წლის 8 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების, ბათილობის საფუძველი (ს.ფ. 1-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. შ-ევას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა თბილისში, ... ¹23-ში მდებარე ნ. მ-ავას საკუთრებაში არსებულ 212 კვ.მ მიწის ნაკვეთს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ხელშეკრულება მოტყუებით დადებული გარიგებაა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ. მ-ავა თავად იყო ლ. შ-ევას მოვალე და არა მის კრედიტორი, როგორც მოსარჩელე აღნიშნავდა. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მან არ იცის სახელმწიფო ენა და ვერ გაეცნო ხელშეკრულების შინაარსს, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სკოლაში შესწავლილი აქვს სახელმწიფო ენა, ამასთან, დადებული აქვს არაერთი ხელშეკრულება ქართულ ენაზე (ს.ფ. 167-170; 188-189).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-ევამ (წარმომადგენელი პ. კ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მასა და ნ. მ-ავას შორის 2003 წლის 8 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აგრეთვე სადავო უძრავი ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვა (ს.ფ. 180-187).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განჩინებით ლ. შ-ევას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ს.ფ. 346-355).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ლ. შ-ევამ (წარმომადგენელი პ. კ-ძე) საკასაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. (ს.ფ. 366-380).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის სხდომაზე საკასაციო საჩივრის განხილვისას მხარეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:

1. ნ. მ-ავა თანახმაა, ლ. შ-ევას გადაუხადოს არაუგვიანეს 2009 წლის 10 მაისისა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, რომელშიც შედის 2000 აშშ დოლარი ვალი;

2. ლ. შ-ევა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის მიღებიდან ორი (2) კვირაში ვალდებულია დაცალოს ქ. თბილისში, ... ¹23-ში მდებარე უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცეს ნ. მ-ავას;

3. ნ. მ-ავას მიერ 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

1. ნ. მ-ავა თანახმაა, ლ. შ-ევას გადაუხადოს არაუგვიანეს 2009 წლის 10 მაისისა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, რომელშიც შედის 2000 აშშ დოლარი ვალი;

2. ლ. შ-ევა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის მიღებიდან ორი (2) კვირაში ვალდებულია დაცალოს ქ. თბილისში, ... ¹23-ში მდებარე უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცეს ნ. მ-ავას;

3. ნ. მ-ავას მიერ 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, შეწყდეს საქმის წარმოება და გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანცის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.