ბს-1020-605(კ-05) 21 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ტექინვეტარიზაციის სამსახურის ჩანაწერის გაუქმება, იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 2 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ს. ქ-ემ და ი. ვ-ემ მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვეს ქ. ბათუმის მერიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, რომლის საფუძველზეც მოხდა მათი სარდაფების ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე აყვანა და ¹1 მიკრორაიონის გამგეობასთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმება, ასევე, ქ. ბათუმში, ... მდებარე სარდაფებზე ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება, შესაბამისი ორგანოების დავალდებულება ... მდებარე 18 კვ.მ-ს ს. ქ-ესა და მეორე 18 კვ.მ-ს ი. ვ-ის საკუთრებაში რეგისტრაციის უზრუნველყოფის თაობაზე.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ცხოვრობდნენ ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე, პრივატიზებულ ¹16 და ¹18 ბინებში. აღნიშნული ხუთსართულიანი სახლი ტექაღრიცხვის მასალებით ექსპლუატაციაში შევიდა 1963 წელს, სარდაფების გარეშე. მოსარჩელეებმა მეზობლებთან შეთანხმებით 90-იან წლებში სახლის ტექნიკურ ფართში მოაწყვეს სარდაფები, თითოეული მათგანის სარდაფი შეადგენდა 18-18 კვ.მ-ს მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სარდაფის მოწყობამდე არსებული ტექნიკური ფართის სიმაღლე შეადგენდა 1,30 სმ-ს, ხოლო სარდაფების სახე მიიღეს მას შემდეგ, რაც მოხდა მათი დაღრმავება და შესაბამისად _ კეთილმოწყობა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ აღნიშნული სარდაფებით წლების განმავლობაში სარგებლობდნენ და მასზე პრეტენზია არავის არ გააჩნდა. შედგომში, 1996 წელს, ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, სარდაფები აღირიცხა მერიის ბალანსზე, ამ უკანასკნელის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. ქ. ბათუმის მერიის 1998წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით სადავო სარდაფები გადაეცათ მოსარჩელეებს იჯარით სარგებლობაში, რაც უკანონო და კანონსაწინააღმდეგო იყო.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ქ. ბათუმის მერიამ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს და სარდაფების კეთილმოწყობაში დახარჯული ჰქონდათ გარკვეული თანხა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს სკ-ის 208-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მრავალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინასა და შენობის იმ ნაწილებზე, რომლებიც არ გამოიყენება ბინად. ამავე მუხლის შესაბამისად, არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენს ბინის მესაკუთრეთა საკუთრებას.
მოსარჩელეებმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს: საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ სადავო სარდაფების მერიის ბალანსზე აღრიცხვას არ გააჩნდა საფუძველი; მოქმედი კანონმდებლობის ნორმების დარღვევით გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრში და ... მდებარე 18-18 კვ.მ სარდაფების ს. ქ-ესა და ი. ვ-ეზე რეგისტრაცია.'
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში არსებული არასაცხოვრებელი ფართი საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელეების _ ს. ქ-ისა და ი. ვ-ის სახელზე, 18-18 კვ.მ თითოეულზე; გაუქმდა ადგილობრივ მმართველობასა და მოპასუხეებს შორის 1998წ. 8 ივლისს დადებული ¹1 იჯარის ხელშეკრულება აღნიშნულ ფართზე საჯარო რეესტრის ქ. ბათუმის სამსახურს დაევალა სათანადო ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრში ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების _ ი. ვ-ისა და ს. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა და, შესაბამისად, არასწორი შეფასება მისცა ტექაღრიცხვის მასალებს, რაც ეხებოდა სადავო სარდაფებს.
აპელანტს დაუსაბუთებლად მიაჩნდა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ მერიის ბალანსზე სარდაფების აღრიცხვა უკანონო იყო, რადგანაც ..... საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში შევიდა სარდაფის გარეშე. სასამართლოს ასეთი მოსაზრება რა მტკიცებულებებს ემყარებოდა, დაკონკრეტებული არ იყო.
აპელანტი აღნიშნავდა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 211-ე მუხლის მოთხოვნები, რომელთა თანახმად, შენობის ის ნაწილები, რომლებიც აუცლებელია ამ შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისათვის, არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრების საგანი.
აპელანტი მიიჩნევდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ დაუსაბუთებელი იყო. ასევე, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სსკ-ის 211-ე მუხლი) და ისარგებლა კანონით, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რასაც შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 4 მარტის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 4 მარტის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული მათი სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადაუხდელობის გამო, რასაც არ ეთანხმებოდა და მოითხოვა გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა, განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და მისი არსებითი განხილვა, ვინაიდან ხარვეზი აღმოფხვრილი იყო, ჯერ კიდევ 10 მარტს გადახდილ იქნა სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის საჭირო სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 20 აპრილის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 4 მარტის ¹3-ბ-76 განჩინება და ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 23 მაისის განჩინებით ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად და უდავოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმში, ..... მდებარე, 1960-იან წლებში აშენებული ხუთსართულიანი სახლი საუწყებო საცხოვრებელ ბინას წარმოადგენდა. მოსარჩელეებმა: ს. ქ-ემ და ი. ვ-ემ, რომლებიც ამ სახლის ¹16 და ¹18 ბინებში ცხოვრობდნენ, დააღრმავეს და კეთილმოაწყვეს 18-18 კვ.მ ფართი და 1996 წლამდე სარგებლობდნენ ამ სარდაფებით. 1996 წელს სარდაფები აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე და მოსარჩელეებს გადაეცათ იჯარის ხელშეკრულებით.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ სადავო სარდაფები არ წარმოადგენდა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას თავიდანვე, შემდგომში კი მერიას არ ჰქონდა უფლება სადავო სარდაფები მიეღო საკუთრებაში, რამდენადაც 1997წ. მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 208-ე და 211-ე მუხლებით დადგენილი წესის თანახმად, მრავალბინიან სახლებში საცხოვრებელი ბინები და არასაცხოვრებელი ფართი, რომლებიც არ გამოიყენება ბინად და არ წარმოადგენს შენობის სიმტკიცესა და უსაფრთხოების აუცილებელ ობიექტს, შეიძლება გადაეცეს ამ სახლში მცხოვრებ პირებს საკუთრებაში.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ, თანახმად საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 208-ე და 211-ე მუხლებისა, მოსარჩელეების მიერ აშენებული სარდაფები თავიდანვე უნდა აღრიცხულიყო მათ საკუთრებაში.
სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ი. ვ-ეს და ს. ქ-ეს მეზობლები არ ედავებოდნენ, მათ მიერ კეთილმოწყობილი სარდაფები ხელს არ უშლიდა ამავე სახლის მცხოვრებლებს მათი საცხოვრებელი ფართის დადგენილი წესით სარგებლობაში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებათა გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ..... მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენებულია 1960-იან წლებში და მიეკუთვნებოდა საუწყებო სახლების კატეგორიას. ბათუმის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის 2002წ. 8 ოქტომბრის ¹01-22/164 ცნობის მიხედვით, ბათუმში, ..... მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1963წ. 5 მარტის თარიღით იყო ფიქსირებული ტექაღრიცხვის მასალებში სარდაფის გარეშე. სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ ს. ქ-ემ და ი. ვ-ემ სახლის სარდაფში დააღრმავეს იატაკი და მოაწყვეს 18-18 კვ.მ-ის სადავო სარდაფები. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინები იქ მცხოვრებ პირთა მიერ არის პრივატიზებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფები წარმოადგენს სკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას.
პრივატიზებულ საცხოვრებელ სახლებში საინჟინრო მოწყობილობებისა და საერთო სარგებლობის ადგილებზე ბინის მესაკუთრეთა თანასაკუთრება ასევე აღიარებულია საქართველოს მთავრობის 1992წ. 11 აგვისტოს ¹825 დადგენილებით დამტკიცებული “დროებითი დებულების” მე-7 პუნქტით, ამიტომ 1998 წელს ბათუმში, ..... სახლში მდებარე სარდაფების ბათუმის მერიის საკუთრებად აღრიცხვა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ეწინააღმდეგება სკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული ¹825 დადგენილების მოთხოვნებს.
როგორც აღინიშნა, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ს. ქ-ემ და ი. ვ-ემ დაღრმავების გზით ააშენეს 18-18 კვ.მ. სარდაფები და ამ სახლის მობინადრეები მათ არ ედავებიან. სკ-ის 208-ე და 211-ე მუხლების პირველი ნაწილის მიხედვით, მრავალბინიან სახლებში ინდივიდუალურ საკუთრებას შეიძლება წარმოადგენდეს საცხოვრებელი ბინა და საერთო საკუთრების არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც ნაწილდება ბინების რაოდენობის მიხედვით. ვინაიდან ს. ქ-ე და ი. ვ-ე წარმოადგენენ ..... მდებარე ბინის მესაკუთრეებს და საცხოვრებელი სახლის სხვა მესაკუთრეებს პრეტენზია არ გააჩნიათ მათ მიერ მოწყობილ სარდაფებზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სკ-ის 208-ე და 211-ე მუხლების პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მართებულად აღიარა სადავო სარდაფებზე ს. ქ-ის და ი. ვ-ის საკუთრების უფლება და, ამდენად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც: “შენობის ნაწილები, რომლებიც აუცილებელია ამ შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისათვის, ისევე როგორც ბინის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი, არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრების საგანი მაშინაც კი, როცა ისინი ინდივიდუალურ საკუთრებაში მოქცეულ ფართობზეა განლაგებული”. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ეხება შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისათვის აუცილებელ ნაწილებს, რასაც განსახილველ დავასთან კავშირი არა აქვს, რადგან დავის საგანია ს. ქ-ის და ი. ვ-ის მიერ მოწყობილი სარდაფი, რომელიც ტექინვენტარიზაციის მასალების მიხედვით საცხოვრებელ სახლს თავიდან არც გააჩნდა, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება კონკრეტულ შემთხვევაში უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მაისის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებული კანონდარღვევები არ არსებობს სააპელაციო პალატამ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.