Facebook Twitter

ას-952-1155-08 29 იანვარი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. კ-ული

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ზ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის პირველ აპრილს ვ. კ-ულმა სარჩელით მიმართა დუშეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მ. კ-ულის მიმართ, მესამე პირი _ ნოტარიუსი ლ. დ-შვილი და მოითხოვა დედის _ 2003 წლის 18 იანვარს გარდაცვლილი ლ. კ-ულის პირველი რიგის მემკვიდრედ აღიარება და სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფა.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. კ-ულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

2008 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მხარეთა ვინაობის დადგენისას დაზუსტდა მოპასუხის ვინაობა, რის შემდეგაც მოპასუხედ მითითებული იქნა მ. ზ-ძე.

2008 წლის 4 მარტს, მცხეთის რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც უწყება ჩაბარებული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ჩაჰბარდა სასამართლო შენობაში პირადად 2008 წლის 26 თებერვალს. მოსარჩელეს რაიმე მიზეზი გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია, შესაბამისად, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. კ-ულის სარჩელი.

2008 წლის 27 მარტს ვ. კ-ულმა განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს დავალებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურიდან წარმოსადგენი ცნობა აიღო 2008 წლის 4 მარტს _ შუადღისას, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განჩინებით ვ. კ-ულის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომლის გამოც ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე ვერ ჩაითვლებოდა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ ისეთ საპატიო გარემოებად, რაც შეიძლება გამხდარიყო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ულმა და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განჩინებისა და 2008 წლის 4 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ვ. კ-ულის სააპელაციო საჩიავრი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. კ-ულის მიერ მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლებოდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან საქმის მასალებით ვერ დადგინდა, რომ იგი ასრულებდა სასამართლო დავალებას. სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ. კ-ულის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლად და მართებულად არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ვ. კ-ულის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

ვ. კ-ულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ულის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. კ-ულის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. კ-ულის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.