Facebook Twitter

ას-953-1259-07 31 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს ,,ა. ო. ღ. ს. ე. ს. ცენტრი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ხ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ა. ო. ღ-ს ს. ე. ს. ცენტრის” მიმართ საზოგადოების დირექტორის 2003 წლის 10 იანვრის ¹3 და 17 იანვრის ¹4 ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1994 წლის 5 იანვრიდან მ. ხ-ი უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა მოპასუხე საზოგადოებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2003 წლის 17 იანვრის ¹4 ბრძანებით იგი უკანონოდ გათავისუფლდა სამსახურიდან. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს არ ჩაბარებია და სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე შეიტყო 2004 წლის 7 ივლისს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტი, რომ მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობილი არ იყო. 2002 წლის აგვისტოდან მ. ხ-ი სისტემატურად არ ცხადდებოდა სამუშაოზე, რის გამოც მას ჯერ საყვედური გამოეცხადა, ხოლო შემდეგ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. საქმე განხილულ იქნა არაერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, აპელანტი აღდგენილ იქნა სს ,,ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრში” .... თანამდებობაზე, მოპასუხეს დაეკისრა 2003 წლის 1 ივლისიდან მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენამდე იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრმა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის შესახებ სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრს” სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა. სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი მხარე და სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრის” წარმომადგენელი ე. ბ-ე, რომელიც არ იქნა დაშვებული საქმის განხილვაზე, იმ მოტივით, რომ მას სააპელაციო სასამართლოში სამედიცინო ცენტრის ინტერესების დასაცავად საზოგადოების დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა არ გააჩნდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ საქმეში არსებული მინდობილობა გულისხმობდა საზოგადოების ინტერესების დაცვას არა მხოლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, არამედ ნებისმიერ ინსტანციაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ე.ბუაჩიძის სახელზე გაცემული მინდობილობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-94-ე მუხლების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, ვინაიდან იგი ითვალისწინებდა ე.ბუაჩიძის მიერ სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრის” ინტერესების დაცვას მხოლოდ მ. ხ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სასამართლომ გამოუცხადებლად ჩათვალა მხარე, რომელიც, ფაქტობრივად, საქმის განხილვას ესწრებოდა და არასწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მის მოთხოვნას, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 1994 წლიდან მ. ხ-ი განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს.ცენტრში” კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის სამსახურში, ხოლო 1994 წლის 20 სექტემბრიდან _ .... თანამდებობაზე. ასევე დადგინდა, რომ მხარეებს შორის ვადიანი შრომითი კონტრაქტი არ გაფორმებულა და სს ,,.... ცენტრის” დირექტორის 2003 წლის 10 იანვრის ¹3 და 2007 წლის 17 იანვრის ¹4 ბრძანებები არის უკანონო. ამდენად, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 206-207-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მ. ხ-ის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრის” გენერალური დირექტორის წარმომადგენელმა ე. ბ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომაზე სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრის” ინტერესების დასაცავად წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა ცენტრის იურისტ ე. ბ-ეს, რომელიც საქმის წარმოებაში ჩაება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რისი დამადასტურებელი მინდობილობა წარმოდგენილია საქმეში. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მინდობილობის შინაარსი, რომლის თანახმად რწმუნებულება გაიცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად და გულისხმობდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას ნებისმიერ ინსტანციაში. სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა პროცესზე გამოცხადებული მხარე გამოუცხადებლად. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივარი განხილულ იქნა სწორედ ე. ბ-ის მონაწილეობით, სადაც იგი დაშვებულ იქნა საქმის განხილვაზე რაიმე დამატებითი მინდობილობის წარდგენის გარეშე, რა დროსაც სასამართლომ ე. ბ-ე მიიჩნია საზოგადოების წარმომადგენლად საქმეში არსებული მინდობილობის საფუძველზე, თუმცა უსაფუძვლოდ გამოიტანა განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე. დაუსაბუთებელია ასევე 2007 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან საქმე სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებული იყო მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა გამოსაკვლევად, რათა დადგენილიყო, თუ რა სახის ხელშეკრულება დაიდო მხარეებს შორის. აგრეთვე, არ არსებობს მ. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რადგან შრომითი ხელშეკრულება იყო არა უვადო, არამედ ვადიანი და მისი მოქმედება 2002 წლის 30 ოქტომბრის ¹42 ბრძანებით იმავე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა, ხოლო ¹56 ბრძანებით სადავო ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 1 ივლისით. აღნიშნულის თანახმად, მ. ხ-ი სამუშაოდან გათავისუფლდა 2003 წლის 1 ივლისიდან და მისი სამუშაოზე აღდგენის საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორი სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2007 წლის 21 მარტს სააპელაციო სასამართლოში მ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე გამოცხადდა აპელანტი მ. ხ-ი და მისი წარმომადგენელი დ. ჯ-ე, ხოლო სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრის” ინტერესების დასაცავად სასამართლოში გამოცხადდა ე. ბ-ე, რომლის სახელზეც მინდობილობა საზოგადოების გენერალურმა დირექტორმა გასცა საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და განჩინებით არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, 230-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელთა თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. დასახელებული ნორმებისა და ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა. ამდენად, სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ყოველგვარი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2007 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომაზე სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრის” ინტერესების დასაცავად გამოცხადდა საზოგადოების წარმომადგენელი ე. ბ-ე, რომელიც მხარის სახელით მონაწილეობას იღებდა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, თუმცა იგი არ იქნა დაშვებული საქმის განხილვაზე იმ მოტივით, რომ სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრის” გენერალური დირექტორის მიერ ე. ბ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა საზოგადოების სახელით სააპელაციო ინსტანციაში მარწმუნებლის ინტერესების დაცვის უფლებამოსილებას არ შეიცავდა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ხარვეზზე მითითებით, სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს.ცენტრი” 2007 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლად არასწორად მიიჩნია, ვინაიდან აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სახელით ე.ბუაჩიძის საქმის განხილვაზე გამოცხადება თავისთავად მიუთითებდა სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრის” მიერ მოცემული დავის მიმართ ინტერესის არსებობაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს ე.ბუაჩიძისათვის უნდა მიეცა გონივრული ვადა ზემოხსენებული ხარვეზის გამოსასწორებლად და შესაბამისი უფლებამოსილების მიმნიჭებელი მინდობილობის წარმოსადგენად განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მითითებული პიროვნება სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრის” ინტერესებს სხვა ინსტანციის სასამართლოებში მანამდე უკვე წარმოადგენდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს ,, ა. ო. ღ-ის ს. ე. ს. ცენტრის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტებრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.