Facebook Twitter

¹ას-954-1260-07 23 იანვარი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შპს «ს. რ.” (მოპასუხე)

წარმომადგენელი---თეიმურაზ კოპაძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს «ე.-ი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ე. ს. ცენტრის“ დირექტორმა გ. კ-ამ 2007 წლის 14 თებერვალს თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნით სარჩელი აღძრა შპს „ს. რ-ს“ მიმართ და განმარტა, რომ 2006 წლის 15 აპრილს შპს „ს. რ-სა“ და შპს „ე. ს-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹შს/06-066. ხელშეკრულებით შემსყიდველმა შპს „ს. რ-ამ“ გამოაცხადა ტენდერი გარდაბნის სადგურის მისაღებ-გასაგზავნი პარკის მშენებლობაზე (სამომსახურეო შენობის მოდერნიზაცია) და მიიღო მიმწოდებლისაგან - შპს „ე.-საგან“ სატენდერო წინადადება სამუშაოს შესრულებაზე თანხით 3 950000 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ გაიცა შესაბამისი ტექნიკური დავალება, რომლის საფუძველზე შესასრულებელი იყო შემდეგი სამუშაო: სალიანდაგო ნაწილი, შენობა ნაგებობები, საკონტაქტო ქსელი და ელ. მომარაგება, სიგნალიზაცია, წყალმომარაგება, ადმინისტრაციულ შენობასთან მისასვლელი საავტომობილო გზის და ლიანდაგებს შორის ბეტონის ბილიკის მოწყობა. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 112 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 150 დღეში. შპს „ე. ს. ცენტრის“ მიერ სამუშაოების დაწყება დაგვიანდა შპს „ს. რ-ის“ მიზეზით, რადგან მისმა სამსახურებმა ვერ უზრუნველყვეს მიწის ვაკისის მომზადება და საპროექტო ნიშნულზე გასწორება სადგურ გარდაბნის პარკის სალიანდაგო სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად. აღნიშნული სამუშაოები მოპასუხემ დაასრულა მხოლოდ 2006 წლის 12 სექტემბერს. ის სამუშაოები, რომელთა შესასრულებლადაც არ იყო საჭირო მიწის ვაკისის მომზადება და საპროექტო ნიშნულზე გასწორება მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა დროულად და 2006 წლის 8 აგვისტოს დასრულდა, რაც დასტურდება 2006 წლის 8 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. შპს „ე. ს. ცენტრმა“ არაერთხელ ზეპირი ფორმით და სამჯერ წერილობით მოსთხოვა მოპასუხეს დროულად დაესრულებინა მის მიერ შესასრულებელი სამუშაოები, მაგრამ უშედეგოდ. შესაბამისად, ვადის დარღვევა არ არის გამოწვეული შპს „ე. ს. ცენტრის“ ბრალით. მოპასუხემ 2006 წლის 12 სექტემბერს დაასრულა მიწის ვაკისის მომზადება და საპროექტო ნიშნულზე გასწორება (რომელთა გარეშეც შეუძლებელი იყო არათუ სამუშაოების დასრულება, არამედ დაწყებაც) შპს „ე. ს. ცენტრმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 150 დღეზე ადრე დაასრულა სამუშაოები. კერძოდ, 2006 წლის 15 დეკემბრისათვის, რაზედაც 2006 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის შედგა შესაბამისი აქტი. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 4.1 პუნქტის შესაბამისად, შესყიდვის ყოველი ეტაპის შემდეგ, სამუშაოს მიღება-ჩაბარება ხორციელდებოდა მხარეებს შორის სათანადო აქტისა და შუალედური ანგარიშფაქტურების მეშვეობით, ხოლო 6.3 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლისათვის მიმდინარე ანგარიშსწორება ხორციელდებოდა 4.1 პუნქტით დადგენილი წესით წარმოდგენილ ეტაპობრივი მიღება-ჩაბარების აქტისა და შუალედური ანგარიშფაქტურის საფუძველზე, მათი გაფორმების დღიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. შპს ს.-ს უნდა გადაეხადა 3 950000 ლარი, ნაცვლად ამისა მის მიერ გადახდილი 3 519 450 ლარი ანუ 430 550 ლარით ნაკლები. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.4 პუნქტის შესაბამისად, ექსპლუატაციაში საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველი აწარმოებს მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორებას. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2006 წლის 29 დეკემბერს, მოპასუხე ვალდებული იყო საბოლოო ანგარიშსწორება მოეხდინა 2007 წლის 13 იანვრამდე. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ს. რ-სა“ და შპს „ე.-ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹შს/06-066 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე შპს „ს. რ-ვის“ გადასახდელად 430 550 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,ს. რ-ის” ვალდებულება შეესრულებინა სამუშაოები იმისთვის, რომ მოსარჩელეს შეძლებოდა დაეწყო თავისი საქმიანობა არ არსებობს და არც რაიმე შეთანხმებით დასტურდება. ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილები, რაზედაც აცხადებს, რომ შპს ,,ს. რ-ია» შესული, არ არის დამოწმებული შპს ,,ს. რ-ი” ბეჭდით, შესაბამისად არ დასტურდება მათი წარდგენა მოპასუხე ორგანიზაციაში. მოპასუხემ ასევე არ ცნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აქტები, რომლებიც არ არის ორმხრივად ხელმოწერილი და მხოლოდ მოსარჩე მხარის ბრიგადის მიერაა შესდენილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «ე.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ის” წარმომადგენელმა თ. კ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შპს «ს. რ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა 2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სააპელასიო სასამართლომ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი მოსარჩელე „ე.-ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულება დასრულდა 2006 წლის 28 დეკემბერს (¹შს/06-066 ხელშეკრულების შემთხვევაში) და 2006 წლის 15 ნოემბერს (¹შს/06-067 ხელშეკრულების შემთხვევაში).

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების შესრულების ვადა, რამეთუ მან სამუშაოები დაასრულა შეთანხმებული დროიდან 65 დღის შემდგომ. სასამართლომ კანონის შესაბამისად იმსჯელა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო თავად შპს „ს. რ-ის“ ბრალით, ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელი მოქმედება. 2006 წლის 15 აპრილის ¹შს/06-066 ხელშეკრულების შემთხვევაში, მოსარჩელის მითითებით, ეს იყო მიწის ვაკისის საპროექტო ნიშნულზე გასწორება სადგურ გარდაბნის სალიანდაგო-სამშენებლო სამუშაოთა საწარმოებლად, ხოლო მეორე, 2006 წლის 15 აპრილის ¹შს/06-067 ხელშეკრულების შემთხვევაში - ვაგონების გაუყვანლობა იმ ლიანდაგებიდან, რომლებზეც უნდა განხორციელებულიყო სარემონტო სამუშაოები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ”.

კასატორის აზრით, შპს „ს.-სა და შპს „ე.-ს“ შორის 2006 წლის 15 აპრილს დაიდო ორი ხელშეკრულება ¹შს/06-066 რომლის ღირებულება შეადგენდა 3 950 000 ლარს და ¹შს/06-067 რომლის ღირებულებაც შეადგენდა 760 000 ლარს რომელთა თანახმადაც შპს „ე.-მ“ იკისრა ვალდებულება გარდაბნის სადგურის მისაღებ-გასაგზავნი პარკის მშენებლობაზე და სადგურ სამტრედია 2-ის 7 ლიანდაგისა და 2 საისრე გადამყვანის აღდგენაზე. აღნიშნული ხელშეკრულებების მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობებზე რომელთაგანაც ერთ-ერთი უმთავრესი პირობა იყო ხელშეკრულების შესრულების დრო. ¹შს/06-066 და ¹შს/06-067 ხელშეკრულებების სპეციფიკური პირობების 11.2 მუხლების შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ანუ მისი ხელმოწერიდან 150 დღეში წინააღმდეგ შემთხვევაში ამავე პირობების 7.1 პუნქტების თანახმად ვალდებულების შესრულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს „ე.-მა“ დაარღვია ვალდებულების შესრულების დრო და სამუშაოები დაასრულა 65 დღის დაგვიანებით. მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

ასევე კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს „ე.-ი“ არ იყო თანახმა ჯარიმის გამოქვითვაზე და ეს იყო მხლოდ კრედიტორის ცალმხრივი ნების გამოვლენა, ვინაიდან ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე როგორც აღინიშნა თავიდანვე იყო განსაზღვრული ხელშეკრულებაში რომელსაც ორივე მხარე ადასტურებს ხელმოწერით, ანუ ორივე მხარის ნება იყო გამოვლენილი და მოვალეს არანაირი პრეტენზია ამის შესახებ არ განუცხადებია. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ სსკ-ის 51-ე მუხლის გამოყენება უმართებულოა. ანუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, კერძოდ კი იმას, რომ სამუშაოები შპს „ე.-ის“ მიერ დასრულდა 65 დღის დაგვიანებით, რასაც მოჰყვა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შპს „ე.-მ“ 65 დღის დაგვიანებით შეასრულა ვალდებულება, მაგრამ სასამართლო უთითებს, რომ ვადის დარღვევა გამოწვეული იყო თვით შპს „ს. რ-ის“ ბრალით. აღნიშნულის წინააღმდეგ კასატორი ვერ უთითებს ვერცერთ არგუმენტზე, ან მტკიცებულებაზე რაც გააბათილებდა ან საეჭვოს გახდიდა სასამართლოს მიერ მითითებულ ამ გარემოებას. სამოქალაქო კოდექსის 401ე მუხლის თანახმად კი ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ ვალდებულება არ შესრულებულა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მითითებულ გარემოებებს.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს იმ მოსაზრებასაც, რომ შპს „ე. ს. ცენტრი“ არ იყო თანახმა ჯარიმის გამოქვითვაზე და ეს იყო მხოლოდ კრედიტორის ცალმხრივი ნების გამოვლენა. კასატორის აზრით, ჯარიმის გადახდევინებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ითვალისწინებს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს. მართალია, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მართლაც ითვალისწინებს ჯარიმის გადახდევინებას, მაგრამ მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარემ ვალდებულება დაგვიანებით შეასრულა, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეს გარემოება სამართლებრივი თვალსაზრისით მივიჩნიოთ სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლში მითითებულ გარემოებად. მე-400 მუხლი მართლაც უთითებს, რომ ვალდებულების ვადის გადაცილებად ითვლება შესრულება თუ შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ სრულდება. მაგრამ ამავე კოდექსის 401-ე მუხლი უთითებს, რომ თუ ვალდებულების შეუსრულებლობა მოხდება მოვალის ბრალის გამომრიცხავი გარემოების გამო ვადა გადაცილებულად არ ითვლება. ამ ორი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ფიზიკურად ვადის გადაცილებასა და სამართლებრივი თვალსაზრისით ვადაგადაცილებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა და იგი დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ რამ განაპირობა ასეთი შედეგი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევა გამოიწვია შპს „ს. რ-ის“ ქმედებამ. ასეთ შემთხვევაში კი შეუძლებელია ჯარიმის გადახდევინება დაეკისროს მხარეს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ მხოლოდ საზოგადოების დირექტორები არიან უფლებამოსილი განახორციელონ შპს-ს წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში. სასამართლოს ეს მოსაზრება გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.1 მუხლიდან, ხოლო რაც შეეხება საზოგადოების ბუღალტერს იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ ასეთი უფლებამოსილების მატარებლად და მის მიერ ხელმოწერილი შედარების აქტი, თუნდაც საზოგადოების ბეჭდით დადასტურებული, არ შეიძლება მივიჩნიოთ ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდესის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.