Facebook Twitter

ას-95-440-07 22 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. ვ. ს-ა (მოსარჩელე)

2. ა. ა-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა-ის მიმართ თანხის _ 3028 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: ვ. ს-ს, მეორე მხრივ კი ა. ა-სა და ზ. ქ-ის შორის დაიდო ზეპირი გარიგება, რომლითაც მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა, დახმარებოდა მოპასუხეს ქ.ბათუმიდან ქ.ბრიანსკში გადასაზიდი მანდარინის რეალიზაციაში, სანაცვლოდ, ა.ა-ს უსასყიდლოდ უნდა გადაეზიდა ვ.ს-ს კუთვნილი 50 ყუთი მანდარინი, რაც შეადგენდა 1,5 ტონას და დამატებით საკუთრებაში გადაეცა 1 ტონა მანდარინი. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა ა.ა-ს არც დანაპირები მადნარინი გადაუცია მოსარჩელისათვის და არც კუთვნილი 50 ყუთი პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ დაუბრუნებია.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავდაპირველად შეგებებული სარჩელი აღძრა ვ.ს-ს მიმართ თანხის ანაზღაურების შესახებ, რა დროსაც მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ მხარეთა შორის ზეპირი გარიგებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ქ.ბრიანსკში პროდუქტის დროულად რეალიზაცია ვერ მოხერხდა და გაფუჭებული მანდარინი დაბალ ფასში გაიყიდა. ამონაგები თანხით დაიფარა აუცილებელი ხარჯები და მოგება მხარებს არ მიუღიათ. მოგვიანებით ა.ა-მ შეგებებულ სარცელზე უარი თქვა და განმარტა, რომ მხარეთა შორის არანაირი გარიგება არ დადებულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ს-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ვ. ს-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1973 აშშ დოლარისა და 354 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2000 წლის ნოემბერში ა. ა-ს, ზ. ქ-სა და ვ. ს-ს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომლის თანახმად მხარეებს რუსეთის ქ.ბრიანსკში სარეალიზაციოდ უნდა გაეტანათ 24,5 ტონა მანდარინი, ამასთან, ვ.ს-ა ვალდებული იყო, უზრუნველეყო ციტრუსის ტრანსპორტირება და ხელი შეეწყო რეალიზაციისათვის. ერთობლივი საქმიანობით მიღებული შემოსავლიდან აპელანტს უნდა მიეღო 2,5 ტონა მანდარინის ღირებულება. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, მხარეთა საქმიანობა იყო მომგებიანი, შესაბამისად, ვ.ს-ს წარმოეშვა ა.ა-საგან მოთხოვნის უფლება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ფულადი ვალდებულებები აშშ დოლარით განისაზღვრებოდა, რასაც კანონი არ კრძალავს. ამავე კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილსა და 464-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა, რომ ა.ა-ე და ზ.ქ-ე ერთად შეუთანხმდნენ აპელანტს ერთობლივი საქმიანობიდან მისაღები წილის ოდენობის შესახებ, შესაბამისად, ამ შემთხვევაში შეთანხმება მოხდა, ერთი მხრივ, ა.ა-სა და ზ.ქ-ს, ხოლო, მეორე მხრივ _ ვ.ს-ს შორის. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ ა.ა-ე და ზ.ქ-ე სოლიდარულად არიან პასუხისმგებელნი აპელანტის წინაშე. მათი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშვა ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, ვ.ს-ა უფლებამოსილი იყო, ვალდებულების შესრულება მოეთხოვა როგორც ა.ა-საგან, ისე ზ.ქ-საგანაც. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხის განმარტებით დასტურდება, რომ 1 კგ მანდარინის სარეალიზაციო ფასი შეადგენდა 83 ცენტს, შესაბამისად, აპელანტის მიერ მიუღებელი 2,5 ტ მანდარინის ღირებულებაა 2075 აშშ დოლარი. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია აპელანტის მოითხოვნა 1973 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პალატამ ჩათვალა, რომ ა.ა-ს უნდა დაკისროს ასევე ვ.ს-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 354 ლარის გადახდა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა ზიანის ანაზღურების ნაწილში, რადგან მხარეს სადავო ზიანის არსებობა სათანადოდ არ დაუდასტურებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილზე დაყრდნობით, პალატამ ვერ შეაფასა მხარის მიერ არასახელმწიფო ენაზე შედგენილი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

ვ. ს-მ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ა.ა-სათვის ზიანის _ 1955 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ვ.ს-სათვის სადავო ზიანის მიყენების ფაქტებს. სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია მხარეთა საერთო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ვ.ს-ს მიერ საყოფაცხოვრებო, გზისა და ვიზის მისაღებად გაღებული ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ აპელანტის მოთხოვნის მართლზომიერებაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შეთანხმებით სადავო ხარჯები უნდა აენაზღაურებინა ა.ა-ს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 934-ე, 41-ე და 412-ე მუხლები, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ადვოკატის მომსახურებისათვის კასატორის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

ა.ა-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ვ.ს-ს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვ.ს-სა და ზ.ქ-სათვის სოლიდარულად მის სასარგებლოდ 7105 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, როდესაც მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საერთო საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება. ფაქტობრივად, კასატორს თავად მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, ვინაიდან ვ.ს-მ დანაპირები არ შეასრულა და რუსეთის ქ.ბრიანსკში ერთი კვირის განმავლობაში მანდარინის სარფიანად რეალიზაციის ნაცვლად, პროდუქტის გაყიდვას დასჭირდა 2 თვე, რა დროსაც მანდარინის ნაწილი სარეალიზაციოდ უვარგისი გახდა. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები და სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში დაადგინა აშშ დოლარის ღირებულება რუსულ რუბლთან მიმართებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით ვ. ს-ს, ხოლო ამავე წლის 7 მაისის განჩინებით ა. ა-ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ ვ. ს-სა და ა. ა-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ს-სა და ა. ა-ის საკასაციო საჩივრები დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. ა-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 100 ლარის 70% _ 70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ს-სა და ა. ა-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ა. ა-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 70 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.