Facebook Twitter

საქმე №ას-959-1161-08 24 თებერვალი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლალი ლაზარაშვილი, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივანი - ლ.სანიკიძე

კასატორი - შპს ,,ქ.ბ. თ. დ. ს. მ. ც-ი” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ა-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შპს-ს დირექტორის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,ქ.ბ. თ. დ. ს. მ. ც-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ა-ას მიმართ ზიანის - 3529 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 13 ივლისის №729 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შპს „ქ.ბ. თ. დ. პ-ის“ სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს მოსარჩელე. 2000 წლის 25 აპრილის №24 აქტით დასტურდება, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისაგან პოლიკლინიკამ მიიღო 1640 ლარად ღირებული საპროთეზო ლაბორატორია და 1889 ლარის ღირებულების გამოსაწვავი ღუმელი, რასაც ხელი მოაწერა პოლიკლინიკის იმჟამინდელმა დირექტორმა ვ. ა-ამ. 2004 წლის 1 დეკემბერს პოლიკლინიკაში ახალი დირექტორის - დ.ე-ის დანიშვნისას ჩატარდა ინვენტარიზაცია და შედგა ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, რა დროსაც გამოირკვა, რომ პოლიკლინიკაში ზემოხსენებული სამედიცინო აპარატურა აღარ იყო ადგილზე. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, ვ.ა-ა, როგორც საზოგადოების დირექტორი ვალდებული იყო, საზოგადოების კუთვნილი ქონების დაკარგვისას სათანადო რეაგირება მოეხდინა, რაც არ განუხორციელებია და აღნიშნულით შპს-ს ზიანი მიაყენა. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაკარგული ნივთების ღირებულების - 3529 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ვ.ა-ას აპარატურის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი არ მოუწერია. სადავო დანადგარები მწყობრიდან იყო გამოსული და რამდენჯერმე დააპირეს მათი ჩამოწერაც, თუმცა აღნიშნული ვერ მოხერხდა. სადავო ინვენტარიზაციისას დანადგარების დაკარგვის აღმოჩენის გამო მოპასუხეს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, რადგან 2004 წლის 1 დეკემბრის აქტში მითითებულია, რომ საზოგადოების ხელმძღვანელობამ მიმართა პოლიციას ზემოხსენებული აპარატურის ქურდობის ფაქტის გამო. აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი 1156,39 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, რაც ვ. ა-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შპს ,,ქ. ბ. თ. დ. ს. მ. ც-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ვ.ა-ა შპს ,,ქ.ბ. თ. დ. ს. მ. ც-ის” დირექტორად მუშაობდა 2000 წლიდან 2004 წლამდე. 2004 წლის 1 დეკემბერს ,,ქ.ბ. თ. დ. ს. მ. ც-ის” ახალი დირექტორის, დ. ე-ის არჩევასთან დაკავშირებით ჩატარდა საწარმოს კუთვნილი ქონების ინვენტარიზაცია და შედგა ყოფილ და ახალ დირექტორებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი, რა დროსაც პოლიკლინიკაში არ აღმოჩნდა საპროთეზო ლაბორატორია და გამოსაწვავი ღუმელი. აღნიშნულ აქტს პოლიკლინიკის დირექტორ დ.ე-ან ერთად ხელს აწერენ სხვა უფლებამოსილი პირებიც. სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1008-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2004 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც უფლებამოსილმა პირმა, საწარმოს დირექტორმა დ.ე-ემ შეიტყო სადავო დანადგარების დანაკლისის თაობაზე, სარჩელი კი მხარემ აღძრა 2007 წლის 28 დეკემბერს, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს ,,ქ.ბ. თ. დ. ს. მ. ც-ის” სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს ,,ქ.ბ. თ. დ. ს. მ. ც-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლისას არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით და არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებული დავა ეფუძნება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მეექვსე პუნქტითა და 56-ე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის უფლება-მოვალეობის დარღვევას, ამდენად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადის საფუძველზე. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი წარმოადგენს სპეციალურ და უფრო ახალ კანონს და სადავო შემთხვევაში სწორედ მისი დანაწესები უნდა იქნეს გამოყენებული.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: ვ.ა-ა შპს ,,ქ.ბ. თ. დ. ს. მ. ც-ის” დირექტორად მუშაობდა 2000 წლიდან 2004 წლამდე. 2004 წლის 1 დეკემბერს ჩატარდა ,,ქ.ბ. თ. დ. ს. მ. ც-ის” კუთვნილი ქონების ინვენტარიზაცია და შედგა ყოფილ და ახალ დირექტორებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი. ინვენტარიზაციის შედეგად პოლიკლინიკაში არ აღმოჩნდა საპროთეზო ლაბორატორია და გამოსაწვავი ღუმელი. აღნიშნულ აქტს პოლიკლინიკის დირექტორ დ.ე-ან ერთად ხელს აწერენ სხვა უფლებამოსილი პირებიც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ქ.ბ. თ. დ. ს. მე. ც-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად დააბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1008-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დარღვევაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, კერძოდ:

მოცემულ საქმეზე სარჩელის საფუძველს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის მიერ თავისი მოვალეობის დარღვევიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას ამყარებენ იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს დირექტორმა საწარმოს ქონების დაკარგვასთან დაკავშირებით სათანადო რეაგირება არ განახორციელა, რაც დირექტორის ფუნქციას წარმოადგენდა.

სამეწარმეო გადაწყვეტილებათა მიღებისას საზოგადოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხებს აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების საქმეების გაძღოლისას შპს-ს დირექტორთა გულმოდგინე ხელმძღვანელობისა და ერთგულების მოვალეობას (მე-9, 49-ე მუხლები). კორპორაციის დირექტორებს სამართავად გადაცემული აქვთ რა სხვისი (საზოგადოების) ქონება, მათი უპირველესი ვალდებულება სწორედ ამ ქონების დაცვა და ზიანის თავიდან აცილებაა. ამ ვალდებულების დარღვევა დირექტორებისათვის წარმოშობს შიდა კორპორაციულ პასუხისმგებლობას ანუ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას, რაც რეგლამენტირებულია კანონით. საზოგადოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას ამ სფეროში, იწვევს იმ ნორმების დარღვევა, რომლებიც განსაზღვრავს დირექტორთა (ხელმძღვანელ პირთა) ქცევის წესს, ანუ დირექტორთა პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი სპეციალური კანონითაა მოწესრიგებული.

საზოგადოებასთან ურთიერთობაში დირექტორი ვალდებულია, მოქმედებდეს თავისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში ანუ მისი კომპეტენცია შეზღუდულია კანონით, წესდებით ან მასთან დადებული შეთანხმებით. ამ წესების დარღვევა წარმოადგენს დირექტორის საზოგადოებასთან მიმართებაში არსებული შიდა ვალდებულებების დარღვევას და წარმოშობს საზოგადოების მხრიდან დირექტორისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის მიერ თავისი უფლება-მოვალეობის ჯეროვანი შესრულების საკითხი და საზოგადოებისათვის მიყენებულ ზიანთან მიმართებით დირექტორის ბრალეულობა უნდა შემოწმდეს არა დელიქტიდან წარმოშობილი ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმებით, არამედ სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმებით, რომელიც ასევე ადგენს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის სპეციალურ ვადებს.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმათა გამოყენებით უნდა შეამოწმოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების კანონიერება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,ქ. ბ. თ. დ. ს. მ. ც-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: ლ. ლაზარაშვილი

თ. თოდრია