ას-959-1238-09 28 დეკემბერი, 2009 წ.
¹ ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სსიპ “გორის უნივერსიტეტი” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ დ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ტ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ტ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ “გორის უნივერსიტეტის” მიმართ 2008 წლის 18 სექტემბრის ¹297 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 21-31 ივლისის ¹12 გაზეთ “ქართლის ხმაში” გამოქვეყნდა მოსარჩელის ინტერვიუ სათაურით “ნისლიანი რეფორმა გორის უნივერსიტეტში”. ინტერვიუს შინაარსით უკმაყოფილო სსიპ “გორის უნივერსიტეტის” სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ომარ ყაყიტაშვილმა უნივერსიტეტის რექტორს მიმართა განცხადებით, რომლის საფუძველზეც 2008 წლის 18 სექტემბერს ჩატარდა სსიპ “გორის უნივერსიტეტის” ეთიკისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კომისიის სხდომა და ზ.ტ-ძე, შინაგანაწესის დარღვევის გამო, სამუშაოდან გათავისუფლდა. სხდომაზე მიღებული დადგენილება, ისევე, როგორც უნივერსიტეტის შინაგანაწასი ზ.ტ-ძეს არ გადასცემია და მისი არსებობის ფაქტი მოსარჩელისათვის უცნობია. ზემოხსენებული სხდომა არ იყო უფლებამოსილი, განეხილა სადავო საკითხი, რადგან მას დაინტერესებული პირები _ ო.ყაყიტაშვილი და ზ.ტ-ძე არ ესწრებოდნენ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სსიპ “გორის უნივერსიტეტის” რექტორის ბრძანება ¹297 ზ. ტ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოსარჩელის მიერ მითითებულ სტატიაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საუბარია აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების დაკომპლექტების უკანონობაზე და პროფესორების მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში არსებულ არაოფიციალურ სიებზე. რეალობას არ შეესაბამება ზ. ტ-ძის განმარტება, რომ უნივერსიტეტს სათანადო ორგანოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი არ გააჩნია. კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ ზ. ტ-ძეს სათანადო წესით ეცნობა, რაც დასტურდება თავად მოსარჩელის 2008 წლის 11 სექტემბრის ¹3152 და 15 სექტემბრის განცხადებებით.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ზ. ტ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მან გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ტ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გორის უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹297 ბრძანება და ზ. ტ-ძე აღდგენილ იქნა სსიპ “გორის უნივერსიტეტის” სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ “გორის უნივერსიტეტმა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ტ-ძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო 2009 წლის 17 მარტს, 15.00 საათზე, რის შესახებაც სასამართლო უწყება სსიპ “გორის უნივერსიტეტს”, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, 2009 წლის 13 თებერვალს ჩაბარდა. აღნიშნული დასტურდება უნივერისტეტის კანცელარიის გამგე ნ.ყაზაშვილის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული საფოსტო შეტყობინებით. სასამართლოს მიერ დადგენილ დროს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მხარე სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევა მხარის მითითება, რომ უნივერსიტეტს ნამდვილად გაეგზავნა სასამართლოდან უწყება სხდომის დღის შესახებ და სააპელაციო საჩივრის ასლი თანდართული მასალებით, თუმცა კანცელარიის გამგემ, საკუთარი დაუდევრობის გამო, კონვერტიდან ამოიღო მხოლოდ სააპელაციო საჩივარი და ვერ შენიშნა სასამართლო უწყება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილით, 241-ე, 233-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის არსებობა მხარემ ვერ დაასაბუთა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ “გორის უნივერსიტეტის” წარმომადგენელმა დ. მ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სასამართლო უწყება უფლებამოსილ პირებს _ უნივერსიტეტის დირექტორსა და იურისტს არ ჩაბარებია. მოცემულ საკითხზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ე.გ-შვილმა 2009 წლის 22 აპრილს ჩაატარა შიდა მოკვლევა, რა დროსაც გაირკვა, რომ 2009 წლის 13 თებერვალს კანცელარიის გამგემ ნამდვილად ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, თუმცა, დაუდევრობით, კონვერტიდან ამოიღო მხოლოდ სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, ხოლო უწყება ვერ შენიშნა. აღნიშნულის გამო მას გამოუცხადდა სასტიკი საყვედური. რექტორმა სააპელაციო საჩივარი გადასცა იურისტს და მხარემ სასამართლოს წარუდგინა შესაგებელი, რომლითაც სააპელაციო საჩივარს არ დაეთანხმა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების, როგორც საპროცესო-სამართლებრივი ღონისძიების გამოყენება დაკავშირებული უნდა იყოს ისეთ გარემოებასთან, როდესაც მოპასუხე საქმის მიმართ ინტერესს არ იჩენს, არ წარადგენს შესაგებელს და არ ინტერესდება საქმის განხილვის შედეგით, რაც სასამართლოს უქმნის ვარაუდს, რომ მოპასუხე ცნობს სარჩელს. დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ ვარაუდს შეიძლება ეფუძნებოდეს. განსახილველ შემთხვევაში კასატორს სასამართლოსათვის ამგვარი ვარაუდის საფუძველი არ მიუცია, მან პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში წარადგინა შესაგებლები, რომლებითაც მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნები არ ცნო. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება, რაც, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, მისი გაუქმების წინაპირობას წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ სსიპ “გორის უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარებს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს ერთგვარ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც უპატივცემლობას გამოიჩენს სასამართლოს მიმართ, საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება და არც თავისი გამოცხადებლობის შესახებ მას არ აცნობებს, რასაც სასამართლო უკავშირებს თავის ვარაუდს, რომ მხარე ცნობს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და საქმის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნია.
ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი წინაპირობაა მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობა და ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში არ მიიღებს, საქმის განხილვამდე გამოუცხადებელმა მხარემ წარმოადგინა თუ არა წერილობითი განმარტება და უარყო თუ არა მოწინააღმდეგის არგუმენტები. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს კასატორის მოსაზრება, რომ სსიპ “გორის უნივერსიტეტი” როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წერილობითი შესაგებლებით არ დაეთანხმა ზ.ტ-ძის მოთხოვნებს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა.
სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის არგუმენტი, რომ სასამართლო უწყება საქმის განხილვის დროის შეტყობინებით “გორის უნივერსიტეტის” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს _ უნივერსიტეტის დირექტორსა და იურისტს არ ჩაბარებიათ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნელების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს ორგანიზაციისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების წესს და ადგენს, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას, ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან უფლებამოსილ პირს. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ადასტურებს, რომ სსიპ “გორის უნივერსიტეტისათვის” სააპელაციო პალატის მიერ გაგზავნილი უწყება ჩაბარდა უნივერსიტეტის კანცელარიის მუშაკს, ამდენად, ზემოხსენებული კანონის დანაწესი დაცულია.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სასამართლო უწყების მიმღებმა მოხელემ თავისი დაუდევრობით კონვერტში ჩადებული უწყება ვერ შენიშნა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ორგანიზაციის საქმიანობის შიდა სტრუქტურული ხარვეზები სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საპროცესო უფლების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს და მსგავსი არგუმენტები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუვლად ვერ მიიჩნევა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობდა 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონის აღნიშნული დანაწესების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოების დადასტურება, რომელიც სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს დასახელებული ნორმებით გათვალისწინებული გარემოების არსებობა კანონის მოთხოვნათა დაცვით არ დაუდასტურებია, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ “გორის უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.