ას-960-1162-08 2 აპრილი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. ჩ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. კ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა და წილის რეალური გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა დ. კ-ძემ, მოპასუხედ მ. ჩ-ძე დაასახელა და თანაცხოვრების დროს შეძენილი, მეუღლეთა საერთო ქონების რეალური გაყოფა მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით 2004 წლის 27 თებერვალს, მოქალაქე ა. თ-ძისაგან შეიძინა საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, მდებარე ქ.სამტრედიაში, ... ქ. ¹64-ში. 2004 წლის 17 სექტემბერს დაქორწინდა მოპასუხე მ. ჩ-ძესთან, მეუღლეები საცხოვრებლად მოსარჩელის მიერ შეძენილ ბინაში გადავიდნენ. ამავე წლის 9 ნოემბერს, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლზე, ცოლ-ქმარს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ 2000 ლარად მიჰყიდა მოპასუხეს, დ.კ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 2007 წლის 24 იანვარს მხარეები განქორწინდნენ.
განსახილველი სარჩელით მოსარჩელე დ. კ-ძემ მოითხოვა ქ.სამტრედიაში, ... ქ. ¹64-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის, როგორც მევღლეთა საერთო ქონების თანაბარწილად გაყოფა, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, აღნიშნულ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება, ქონების ნატურით გამოყოფა და სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხე მხარემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ მხარეთა მიერ ქორწინების განმავლობაში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა ჩაითვალოს საქორწინო ხელშეკრულებად, რომლითაც მეუღლეებმა გადაწყვიტეს სადაო ქონების ბედი და ამ ქონების მესაკუთრე გახდა მხოლოდ მ. ჩ-ძე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით დ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.სამტრედიაში, ... ქ. ¹64-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი დამხმარე შენობა-ნაგებობებით და მიწის ნაკვეთი, როგორც დ. კ-ძის და მ. ჩ-ძის საერთო ქონება თანაბარწილად გაიყო და 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა დ. კ-ძე, ქ.სამტრედიაში, ... ქ. ¹63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დამხმარე შენობა-ნაგებობებით და მიწის ნაკვეთზე გაუქმდა საზიარო უფლება და ქონება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად გაიყო შემდეგნაირად: საცხოვრებელი სახლის ¹5, 7, 8, 9, 10, 11 ოთახები უკანა აივნით (¹12) მიეკუთვნა დ. კ-ძეს, ¹1, 2, 3 და 6 ოთახები და წინა აივანი (¹4) - მ. ჩ-ძეს, სახლის უკან განთავსებული კაპიტალურ სამზარეულოში ტიხარი გადატანილ იქნა პროექტის მიხედვით დამხმარე სათავსოს ხარჯზე ორ ნაწილად, მასში ტიხრის მოწყობით და დ. კ-ძეს მიეცა ¹1 სათავსო, მ. ჩ-ძეს ¹2 და ¹3 სათავსო ავტოფარეხის გაყოფა მოხდა წარდგენილი პროექტის მიხედვით დამხმარე სათავსოს ხარჯზე ორ ნაწილად, მასში ტიხრის მოწყობით და დ. კ-ძეს მიეცა ¹1 ნაწილი, მ. ჩ-ძეს ¹2 ნაწილი მიწის ნაკვეთის წინა მხარე დარჩა საერთო სარგებლობაში, სახლის მარცხნივ განთავსებული მიწის ნაკვეთი მიეკთვნა დ. კ-ძეს, მარჯვნივ (ავტოფარეხის მხრეს) მ. ჩ-ძეს. სახლის უკან მდებარე მიწის ნაკვეთზე სასაზღვრო მიჯნის გავლება მოხდა სასამართლოში წარდგენილი პროექტის მიხედვით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 სექტემბრის განჩინებით მ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2004 წლის 27 თებერვალს, მოსარჩელემ, მ. ჩ-ძესთან ქორწინების რეგისტრაციამდე იყიდა საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით მდებარე: ქ.სამტრედია, ... ქ. ¹64-ში.
2004 წლის 17 სექტემბერს მოსარჩელე დაქორწინდა მოპასუხე მ. ჩ-ძესთან.
2004 წლის 9 ნოემბერს მეუღლეებს შორის, მათ ერთად ცხოვრების პერიოდში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს 2000 ლარად მიჰყიდა სადაო ქონება.
2007 წლის 24 იანვარს მხარეები განქორწინდნენ.
სადავო ქონების მესაკუთრედ, სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებულია მ. ჩ-ძე.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ცოლ-ქმარს მ. ჩ-ძესა და დ. კ-ძეს შორის 2004 წლის 9 ნოემბერს შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება საქორწინო კონტრაქტს წარმოადგენდა.
პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტ მ. ჩ-ძის მიერ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად იმ გარემოებების მითითება, რომ სადაო საცხოვრებელ სახლზე, ნასყიდობის ხელშეკრულების მეუღლეთა შორის გაფორმების დროისათვის, მათ ფაქტიურად აღარ ჰქონდათ ცოლ-ქმრული ურთიერთობა, რის გამოც არ შეიძლება დ.კ-ძე მიჩნეულ იქნას ქონების თანამესაკუთრედ. აპელანტის აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად რეგისტრირებული ქონება უკვე წწარმოშობს მეუღლეთა უფლება მოვალეობებს და წყდება ეს უფლება-მოვალეობები განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გააწყვეტილების გაუქმება.
კასატორის აზრით, მან თავისი ყოფილი მეუღლისგან შეიძინა ბინა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია სადავო ქონება თანასაკუთრებად.
კასატორის განმარტებით ნასყიდობის ხელსეკრულების დადების დროს ის და დ. კ-ძე ფაქტიურად ცოლ-ქმარნი აღარ იყვნენ, რის გამოც სადავო ქონება არ უნდა ჩაითვალოს თანასაკუთრებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. კ-ძეს წარმოეშვა თანასაკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლზე, რადგან სახლი მეუღლეთა ერთად ცხოვრების დროს მიჰყიდა თავის ცოლს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას აფუძნებს 1158-ე მუხლს, რომლის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ფულადი თანხის გადახდა (რაზეც მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი), არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. განსახილველ შემთხვევაში ხდება ზემოთ მითითებულის საპირისპირო. არ არსებობს მეუღლეთა ერთობლივი ნება ქონების შეძენისათვის. პირიქით, ერთი მეუღლე ასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ ნივთს, ხოლო მეორე მეუღლე იძენს მას. აღნიშნული აქტი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ცოლ-ქმრის მიერ ერთობლივად ქონების შეძენის ფაქტი. აქ მეუღლეები ინდივიდუალურად განკარგავენ მათ უფლებებს და მათ შეუძლებელია წარმოეშვათ თანასაკუთრება ამ ნივთზე.
პალატა თვლის, რომ დ. კ-ძეს არ წარმოშობია საკუთრების უფლება მის მიერ გაყიდულ ნივთზე, რის გამოც შეუძლებელი წილი გამოეყოს სადავო ნივთიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულის გამო საქმეზე გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს . მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კი დ. კ-ძეს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
დ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
დ. კ-ძეს დაეკისროს მ. ჩ-ძის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით;
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.