ას-963-1165-08 5 თებერვალი, 2009წ. 28 ნოემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს «არგო»-ს დირექტორი ა. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 14 მარტს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს «არგოს» დირექტორმა მოპასუხე ნ. ბ-შვილის მიმართ და მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 10 816 ლარის ოდენობით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით შპს «არგოს» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ბ-შვილს შპს «არგოს» სასარგებლოდ დაეკისრა 2050 ლარის ანაზღაურება, მასვე დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 230 ლარისა და შპს «არგოს» მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 308 ლარიდან 75 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ნ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
შპს «არგოს» დირექტორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს «არგოსა» და ნ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «არგოს» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ბ-შვილს შპს «არგოს» სასარგებლოდ დაეკისრა 40 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს «არგო» რეგისტრირებულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 12 მარტის 94/4-116 დადგენილებით;
ნ. ბ-შვილი წარმოადგენდა 14.5% წილის მფლობელ ერთ-ერთ დამფუძნებელ პარტნიორს, რომელიც 1996-2006 წლებში იმავდროულად მუშაობდა შპს «არგოს» დირექტორად;
მარიამ ვაშაკიძე არის ნ. ბ-შვილის მეუღლე, რომელიც 2004-2006 წლებში მუშაობდა შპს «არგოს» ბუღალტრად, ხოლო 1998 წკლის მაისიდან 2005 წლის ნოემბრამდე მუშაობდა შპს «საქართველოს რკინიგზის» სამტრედიის სალოკომოტივო დეპოში მთავარ ბუღალტრად;
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საგადასახადო დავალებებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2004-2006 წლებში ნ. ბ-შვილმა სხვადსხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე, შპს «არგოს» სახელით გადარიცხა სხვადასხვა რაოდენობის თანხები;
სააპელაციო პალატამ საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულბებით, კერძოდ, სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2006 წლის 30 ნომბრის დადგენილებით, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 დეკემბრის დადგენილებითა და სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნ. ბ-შვილის განმარტებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის გაზაფხულზე ნ. ბ-შვილმა, შპს «არგოს» ტერიტორიაზე მოვაჭრე ლერი ხინთიბიძე 10 თვით გაათავისუფლა ყოველდღიური სავაჭრო და ქონების შენახვისათვის 4 ლარიანი გადასახადისაგან. სამოქლააქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 10 თვის გადასახადის ანაზღაურების ნაწილში ჩათვალა, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და ნ. ბ-შვილს შპს «არგოს» სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ლერი ხინთიბიძისაგან 10 თვის შემოსავლის მიუღებლობით მიყენებული ზიანის _ 40 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს «არგოს» მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ბ-შვილმა თავისი მეუღლის _ მარიამ ვაშაკიძის სამუშაოზე მიღებით პირადი ინტერესების გამო ზიანი მიაყენა საზოგადოებას, ვინაიდან საქმეში არსებული პარტნიორთა კრების 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიხედვით, ჩათვალა რომ ბუღალტრის დამოუკიდებელი შტატის არსებობა და მასზედ მარიამ ვაშაკიძის დასაქმება პარტნიორთა მიერ ჯერ კიდევ 2005 წლის ოქტომბრისათვის იქნა მოწონებული და მისი ბუღალტრის თანამდებობაზე დანიშვნა არათუ სადავო არ გამხდარა, არამედ ადრე არსებული სახელფასო განაკვეთი პარტნიორთა გადაწყვეტიელბით გაეზარდა 600 ლარამდე, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მარიამ ვაშაკიძისათვის 19 თვის ხელფასის სახით გადახდილი 4180 ლარის ანაზღაურების თაობაზე სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია;
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. ბ-შვილს შპს «არგოს» სასარგებლოდ დაეკისრა 2005-2006 წლებში სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე საქველმოქმედო მიზნით გადარიცხული თანხების ანაზღაურება.
საქმის მასალების შესწავლით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოიყენა სსსკ-ის 131-ე მუხლი, რის გამოც არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «არგოს» დირექტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. ბ-შვილისათვის შპს «არგოს» სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 9446 ლარის დაკისრება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის არაერთგვაროვანმა განმარტებამ და ინტერპრეტაციამ გამოიწვია მათი ინტერესების შელახვა, რის გამოც მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება, ამასთან, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის პირველი დეკემბრის განჩინებით შპს «არგოს» დირექტორ ა. ს-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
შპს «არგოს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო შპს «არგოს» დირექტორ ა. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «არგოს» დირექტორ ა. ს-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «არგოს» დირექტორ ა. ს-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 472 ლარის 70% _ 330,4 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.