#556აპ-16 ქ. თბილისი
ბ-ე გ., 556ap-16 7 მარტი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ – გიორგი ხაჩიძის
მსჯავრდებულების – გ. ბ-ს, მ. ბ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულების - გ. ბ-ს, მ. ბ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. თ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ბ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის და ჯგუფურად, ხოლო მ. ბ-ს - იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. 2015 წლის 2 მაისს, დაახლოებით 20 საათზე, ….., ….. ქუჩის №…..-ში მდებარე სს „…..“ მაღაზიიდან მ. ბ-ე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი გ. ბ-ე ფარულად დაეუფლნენ 19 ლარად ღირებულ ყავა - „…..“.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით გ. ბ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - და მ. ბ-ე, დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ, შესაბამისად, გ. ბ-ე - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მ. ბ-ე - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა გ. და მ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
ნივთიერი მტკიცებულებები: მაღაზია „…..“ ამოღებული ვიდეოჩანაწერის ამსახველი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს მასში და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; მ. ბ-ს ტანსაცმელი და ხელჯოხი, რომელიც ინახება შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ….. განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გ. ბ-ს კუთვნილი პიჯაკი უნდა დაუბრუნდეს გ. ბ-ს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამართლებულების დამნაშავედ ცნობა, შესაბამისად, გ. ბ-ს – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მ. ბ-ს – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია მათ მიერ ჩადენილი ქმედება მცირე მნიშვნელობის მქონედ და მისი მსჯელობა, რომ გ. და მ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, წარმოადგენს ბრალის გამომრიცხავ გარემოებას, არ შეესაბამება მითითებული მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა წარსულში ნასამართლევი პირების - მ. და გ. ბ-ს მიერ დამამძიმებელ გარემოებებში - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჩადენილი ქმედება, რის გამოც იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მცირე მნიშვნელობის მქონედ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განაჩენით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი გ. ბ-სა და მ. ბ-ს მიმართ:
გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი და 8 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გ. ბ-ს მიმართ წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 1 წლით თავისუფლების აღკევეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი და 8 თვე შეეფარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით - 1 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით.
პირობითი მსჯავრის პერიოდში გ. ბ-ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, გ. ბ-ს დაეკისრა მოვალეობა - არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
გ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2016 წლის 13 ივლისიდან.
გ. ბ-ე დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში, განაჩენის გამოცხადებისთანავე.
მ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი და 4 თვე შეეფარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.
პირობითი მსჯავრის პერიოდში მ. ბ-ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, მ. ბ-ს დაეკისრა მოვალეობა - არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
მ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2016 წლის 13 ივლისიდან.
მ. ბ-ე დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში, განაჩენის გამოცხადებისთანავე.
გ. ბ-ე და მ. ბ-ე შესახლებული იქნენ პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
გ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
მ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები: მაღაზია „…..“ ამოღებული ვიდეოჩანაწერის ამსახველი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს მასში და შენახულ იქნეს საქმის შენხვის ვადით; მ. ბ-ს ტანსაცმელი და ხელჯოხი, რომელიც ინახება შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ….. განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; გ. ბ-ს კუთვნილი პიჯაკი უნდა დაუბრუნდეს გ. ბ-ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. მსჯავრდებულები - გ. ბ-ე, მ. ბ-ე და მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ხ. თ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გამართლებას შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულების ქმედება, საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მცირე მნიშვნელობისას, რადგან მათ მიერ „…..“ მაღაზიიდან ფარულად დაუფლებული ქონების - ერთი ქილა ყავის ღირებულება შეადგენს - 19 ლარს; ამასთან, მათი ქმედებით მაღაზიის სამეწარმეო ან სავაჭრო საქმიანობას შეფერხება არ შექმნია და ქილა უკან დააბრუნეს გაუხსნელი და დაუზიანებელი; მსჯავრდებულებმა თავიდანვე აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი ქმედება; მათ საქციელს, მართალია, მორალურად არ აქვს გამართლება, თუმცა იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დანაშაულად.
7. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა - გ. და მ. ბ-მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და იშუამდგომლეს მათი დაკმაყოფილება.
8. საკასაციო პალატის სხდომაზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულების - გ. ბ-ს, მ. ბ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. თ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ დადგენილად მიაჩნია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, კერძოდ: 2015 წლის 2 მაისს, დაახლოებით 20 საათზე, ….., ….. ქუჩის №…..-ში მდებარე სს „…..“ მაღაზიიდან მ. ბ-ე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი გ. ბ-ე ფარულად დაეუფლნენ 19 ლარად ღირებულ ყავა - „…..“. ამასთანავე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავო არ გამხდარა და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული ძალა. ამდენად, გ. ბ-ს ქმედება მოიცავს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მ. ბ-ს ქმედება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ნიშანს. ხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯელობს და აფასებს მხოლოდ იმ საკითხს - მსჯავრდებულების - გ. და მ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, არის თუ არა მცირე მნიშვნელობისა.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს გ. და მ. ბ-ს ბრალეულობის თაობაზე და დამატებით მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე“. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის ცნებაში არ იგულისხმება მხოლოდ მატერიალური ზიანი და იგი შეიძლება გამოიხატოს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით, ხოლო იმისათვის, რომ დადგინდეს ქმედების მცირე მნიშვნელობა, საკმარისი არ არის აპელირება მარტოოდენ მატერიალური ზიანის ოდენობაზე. მითითებულის დასადგენად აუცილებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ერთობლივად - ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნებისა და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით.
4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მ. და გ. ბ-მ დანაშაული ჩაიდინეს ჯგუფურად, დღისით და ხალხმრავალ ადგილას - მაღაზიაში; ორივე მათგანი არის წარსულში ნასამართლევი, კერძოდ - გ. ბ-ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობისათვის) და შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო მ. ბ-ე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400 (ოთხასი) საათით და ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი (2011 წლის 10 იანვრის განჩინებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეეცვალა 50 დღით თავისუფლების აღკვეთით. 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით - 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით).
5. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ წარსულში მათ მიმართ გაავრცელა საშეღავათო ღონისძიებები და ორივე მათგანს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეუცვალა პირობითი მსჯავრით, ისინი არ დაადგნენ გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებებში. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ გ. ბ-მ დანაშაული ჩაიდინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ხოლო როგორც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის დ. ყ-ს N….. წერილიდან ირკვევა, მ. ბ-ს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა - 2000 ლარი, 2015 წლის 27 მაისის მდგომარეობით, კვლავ არ ჰქონდა გადახდილი და ერიცხებოდა დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ისინი ფარულად დაეუფლნენ ერთ ქილა ყავას, რომელიც, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება ადამიანის სასიცოცხლო პირობებისათვის აუცილებელ პროდუქტად, რის შესახებაც თვით მსჯავრდებულნიც არ აპელირებენ. აღნიშნული დამატებით ხაზს უსვამს მათი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე. ხსენებულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მსჯავრდებულებმა ვერ გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები და არ განიმსჭვალნენ კანონის მიმართ სათანადო პასუხისმგებლობითა და პატივისცემით, რის გამოც მათ მიერ ჩადენილი ქმედება ვერ ჩაითვლება მცირე მნიშვნელობის მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს - 19 ლარს.
6. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულთათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულების პიროვნების, მათი წარსული ცხოვრებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მათ აღიარეს დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აანაზღაურეს მიყენებული ზიანი, მათთვის განსაზღვრული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - გ. ბ-ს, მ. ბ-სა და ასევე მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. თ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. ქათამაძე