№111-17 29 მარტი, 2017 წელი
ც-ი ვ., 111-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ – ქეთევან ვაშაკიძის
ადვოკატ – ვ. ა-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით ვ. ც-ი, – დაბადებული 19.. წელს, ძებნილი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3.000 ლარი.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით ვ. ც-ს მიმართ გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცა დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ვ. ც-ი დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 332–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და ვ. ც-ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 5.000 ლარი.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 23–ე მუხლის მე–3 ნაწილით დადგენილი წესით, ძებნილი მსჯავრდებულის – ვ. ც-ს მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენების მიზნით, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გიორგი ბაჩიაშვილმა და თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია მუხიაშვილმა შუამდგომლობებით მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს.
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით იმავე სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. ც-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი (ჯარიმის გარდა) და განესაზღვრა - 4 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ვ. ც-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
6. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ ვ. ც-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ა-მ 2017 წლის 17 მარტს საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა დაზარალებულის თანხმობის გამო, თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზეც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ამნისტიის მასალებში არ მოიპოვება მსჯავრდებულ ვ. ც-თვის თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინების ჩაბარების დასტური და, შესაბამისად, ვერ დგინდება, თუ როდიდან უნდა აითვალოს გასაჩივრების 2 - კვირიანი ვადა, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია მითითებული მუხლით დადგენილი მოთხოვნის დაცვით.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
4. ადვოკატმა ვ. ა-მ წარმოადგინა დაზარალებულ მ. გ-ს სანოტარო წესით დამოწმებული, 2017 წლის 24 იანვრით დათარიღებული განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ იგი თანახმაა, მსჯავრდებულ ვ. ც-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია და მის მიმართ არ გააჩნია არანაირი პრეტენზია.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული ვ. ც-ი უნდა გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. ც-ს ინტერესების დამცველის ადვოკატ, ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ცვლილება შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ვ. ც-ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 332–ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა - „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შემცირდეს ერთი მეოთხედით და ვ. ც-ს მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. ვ. ც-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი