საქმე №77აპ-17 ქ. თბილისი
კ-ი კ., 77აპ-17 27 მარტი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. კ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
- თბილისში, ….. ქუჩაზე, …..-ე კორპუსის #..... ბინაში, 19.. წელს დაბადებული კ. კ-ი თავის ნათლულთან, ..... წელს დაბადებულ თ. მ-თან სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს. მან 2015 წლის 21 სექტემბერს თ. მ-ი დაიყოლია მასტურბაციაზე. 2015 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, კ. კ-მ 16 წლის ასაკს მიუღწეველი თ. მ-ი კვლავ დაიყოლია და განახორციელებინა მასტურბაცია, რითაც ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.
- კ. კ-მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, კერძოდ - კუსტარული წესით დამუხტული, სროლისათვის ვარგისი ერთი საბრძოლო ვაზნა, ასევე ქარხნული წესით დამზადებული 5,6 მმ კალიბრიანი სროლისათვის ვარგისი რგოლური აალების 8 საბრძოლო ვაზნა, რომლებსაც 2015 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ. თბილისში, ….. ქუჩაზე N….. კორპუსის N…..-ში მდებარე ნ.ი-ს კუთვნილ ბინაში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის განაჩენით კ. კ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
კ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 25 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
გაუქმდა კ. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ნივთიერი მტკიცებულება:
- ორი CD დისკი, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო საბრძოლო მასალა უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ კ. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოფირი არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად, რადგან მასში ასახული პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია და მასზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა; ვიდეოფირზე მითითებული დრო არ ემთხვევა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშაულის ჩადენის დროს; დაზარალებულის მშობლების ჩვენებები არის ირიბი მტკიცებულებები, ხოლო დაზარალებულის ჩვენება არ არის სარწმუნო და დამაჯერებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების შეფასებას კ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და დამატებით აღარ მსჯელობს მოცემულ საკითხზე, ვინაიდან ბრალდების მხარეს სააპელაციო და საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია განაჩენები, ხოლო რაც შეეხება სასამართლოების დასკვნას საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე, იგი სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:
3. არასრულწლოვანი დაზარალებულის - თ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული კ. კ-ი არის მისი ნათლია. იგი ხშირად მიდიოდა მათთან სახლში. საძინებელ ოთახში ამეცადინებდა, ისვამდა კალთაში, ეფერებოდა, ხშირად უხერხულ ადგილზეც ჰკიდებდა ხელს, ასევე, ეთამაშებოდა მას „წეროებს“. ერთ-ერთი ასეთი თამაშის დროს კ. კ-მ უთხრა, რომ თუ თვითონ წააგებდა, ტკბილეულს უყიდდა, ხოლო მისი წაგების შემთხვევაში 50-ჯერ გააკეთებდა იმას, რასაც ეტყოდა. როდესაც წააგო, ნათლიამ უთხრა, რომ პირი გაეღო და მისი თითი 50-ჯერ აელოკა. თავიდან იუარა, მაგრამ მკაცრი ტონით რომ უთხრა, შეეშინდა. თითს პირში უდებდა და ამოძრავებდა. აღნიშნული რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ერთხელ რომ წააგო, მსჯავრდებულმა უთხრა, რომ მის შარვალში ხელი ჩაეყო და 50-ჯერ აეწია და ჩამოეწია მისი სასქესო ორგანო. თავიდან იუარა, მაგრამ მან ისევ მკაცრი ტონით უთხრა და შეეშინდა. წასვლისას კ. უთხრა, რომ კიდევ მივიდოდა და გააკეთებინებდა იმავეს. აღნიშნულის შესახებ მ-მ უამბო მამას, ასევე, უთხრა, რომ კ. ნათლია ხუთშაბათს უნდა მისულიყო მათთან. ხუთშაბათს კ. ნათლიამ ისევ იგივე გააკეთებინა, შეიხსნა შარვალი, ხელი ჩააყოფინა და 50-ჯერ ამოძრავებინა ხელით მამაკაცის სასქესო ორგანო.
4. დაზარალებულის მამის, მოწმე ფ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში, მეუღლესთან, სიდედრთან და ორ შვილთან, 18 წლის ვაჟიშვილსა და თ. მ-თან ერთად, რომელიც მე-5 კლასში სწავლობს. კ. კ-ს იცნობს 2003 წლიდან. იგი არის მისი შვილის ნათლია. კ. ხშირად მიდიოდა მათთან ოჯახში, ხანდახან რჩებოდა კიდეც. იმ დროს, როცა ოჯახის წევრებს არ ეცალათ, კ. სთხოვდნენ, რომ თ. სკოლიდან გამოეყვანა. 2015 წლის 21-22 სექტემბერს ადრე დაბრუნდა სახლში, მ. გვიანობამდე მეცადინეობდა. დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც მ-მ უთხრა, რომ არ უნდოდა კ. ნათლია მათ სახლში მისულიყო, რადგან ცუდ რაღაცეებს აკეთებინებდა. მ-მ უამბო, რომ „წეროების“ თამაშის წაგების შემთხვევაში კ. კ-ი მას პირში ხელს უყოფდა და ამოძრავებდა, ასევე, ხელს აყოფინებდა შარვალში და ამოძრავებინებდა სასქესო ორგანოს. ეს ყველაფერი ხდებოდა 8 საათზე, საინფორმაციო გამოშვების ტელევიზიით გადმოცემის დროს, როდესაც ბებია გვერდით ოთახში გადიოდა ტელევიზორის საყურებლად. ამის თაობაზე ფ. მ-მ უამბო მეუღლეს, რომელმაც არ დაუჯერა. გააანალიზა და მიხვდა, რომ ფაქტის გარეშე კ. ვერაფერს დაუმტკიცებდა, რის გამოც შეიძინა და ბინის შესასვლელში არსებული კარის კუთხეში დაამონტაჟა კამერა, რომელიც მიმართული იყო საწოლისკენ. იმ დღეს ბავშვმა ადრე დაამთავრა მეცადინეობა. მან კამერა გამორთო და დაათვალიერა. მეუღლესაც აჩვენა ჩანაწერი, რომელზეც მართლაც აღმოჩნდა ზუსტად ის, რაც ბავშვმა აღუწერა. ნათლად იყო ასახული, თუ როგორ ამეცადინებდა კ. კ-ი ბავშვს და წელზემოთ შიშველი, საწოლზე წამოწოლილი, როგორ აყოფინებდა შარვალში ხელს. როდესაც მშობლები დარწმუნდნენ, რომ ბავშვი არ ტყუოდა, მიმართეს პოლიციას.
5. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის დედამ - მ. ა-მ.
6. ფ. მ-ს მიერ თბილისის შსს ისანი–სამგორის სამმართველოს მე–..... განყოფილებაში წარდგენილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დადგენილია შემდეგი: კადრში ჩანს საცხოვრებელი ბინის ოთახი. კედელთან მიდგმულ საწოლზე ზის წელზემოთ შიშველი კ. კ-ი, რომელსაც თ. მ-ი უზის კალთაში, სახით მისკენ. ბავშვს ფეხები აქვს გაშლილ მდგომარეობაში და უდევს კ. კ-ს ბარძაყებზე გარდიგარდმო. ოთახში ასაკოვანი ქალბატონის, ფ. მ-ს სიდედრის, ნ. ი-ს შესვლისას, კ. კ-ი ხელით ანიშნებს გოგონას და ბავშვი ჯდება მის გვერდით, ხელმარცხნივ. ჩანაწერის დაწყებიდან მე–7 წუთზე (ამ დროს ბებია უკვე გასულია ოთახიდან) კ. კ-ი ხელით ანიშნებს თ. მ-ს, რომ ჩაუჯდეს კალთაში. ბავშვი გადასწევს მარცხენა ფეხს და ისევ ჯდება კ. კ-ს კალთაში. ეს უკანასკნელი ბავშვის გენიტალიის ადგილებს მორგებულად ისწორებს თავის სასქესო ორგანოსთან. ხელს ჰკიდებს თ. მ-ს დუნდულებზე და ოდნავ სწევს წინ, მუხლების მხარეს. ამის შემდეგ ორივე ხელი შემოხვეული აქვს ბავშვის წელზე, კოცნის ყელში, ტუჩებში და ნელ–ნელა, საქანელას მსგავსი მოძრაობით ხან წინ გადაიწევა ბავშვთან ერთად, ხან - უკან. ჩანაწერის მე–11 წუთზე ბავშვი ისევ გვერდით დასაჯდომად გადადის საწოლზე. ამ დროს კ. კ-ი ფეხებმოკეცილი ჯდება, იღებს იქვე დადებულ ჟურნალს და იდებს მუხლებზე, ბავშვს რაღაცას ეუბნება, რის შემდეგაც თ. მ-ს, მართალია, არ უჩანს მარჯვენა ხელი კადრში, ხელს ეფარება კ. კ-ს მუხლები, მაგრამ მოჩანს ბავშვის მკლავი, რომელიც მოძრაობს ზევით–ქვევით მიმართულებით, სავარაუდოდ, ძალას ატანს ამ მოძრაობას, რის გამოც თავიც ანალოგიურად ხან წინ მისდის და ხან - უკან. მე–13 წუთზე კ. კ-ი დგება საწოლიდან, რა დროსაც ჩანს, რომ ბავშვმა უცბად ამოიღო ხელი მისი შარვლიდან. კ. კ-ი გადის ოთახიდან. ჩანაწერის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 15 წუთს და მასზე დაფიქსირებულია დრო - 2007.12.16.
7. 2015 წლის 25 სექტემბერს გამომძიებელ ი. ბ-ს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ფ. მ-ს მიერ წარდგენილი სათვალთვალო კამერით საგამოძიებო ორგანოში მოხდა მცირემეტრაჟიანი ვიდეოგადაღება, რა დროსაც ჩანაწერზე დაფიქსირდა დრო - 2007.12.17.
8. აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი. ბ-მ, რომელმაც განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა ფ. მ-გან წარდგენილი ვიდეოჩანაწერის დროსთან შესაბამისობის შესამოწმებლად, რამდენადაც განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჩანაწერი გაკეთებული იყო 2015 წლის 24 სექტემბერს, ხოლო მის მიერ წარდგენილ ვიდეოჩანაწერში მითითებული იყო - 2007 წელი. გამომძებელმა იმავე კამერით გადაიღო და გააკეთა მცირემეტრაჟიანი, დაახლოებით ორწუთიანი ჩანაწერი, რა დროსაც მასზე დაფიქსირდა კვლავ 2007 წელი, თუმცა ერთი დღით მეტი, ვიდრე შესამოწმებელ ჩანაწერზე იყო მითითებული.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვიდეოჩანაწერით არ დგინდება მასში ასახული პირების ვინაობა, ასევე მასში მითითებული დრო არ ემთხვევა დანაშაულის ჩადენის დროს და აღნიშნავს შემდეგს: ფ. მ-მ თავის საცხოვრებელ სახლში სათვალთვალო კამერა (.....მანქანის ვიდეორეგისტრატორი) დაამონტაჟა სპეციალურად იმ მიზნით, რომ დარწმუნებულიყო დაზარალებულ თ. მ-ს ნაამბობის სისწორეში; მან ვიდეოთვალი დააყენა სწორედ იმ დღეს, როდესაც დაფიქსირდა დანაშაულებრივი ფაქტი და ამასთან, დადასტურებულია, რომ იმ დღეს (2015 წლის 24 სექტემბერს) მსჯავრდებული კ. კ-ი იმყოფებოდა მათ საცხოვრებელ ბინაში; ფ. მ-მ ვიდეოჩანაწერს თვითონაც უყურა და ასევე აყურებინა მეუღლესაც - მ. ა-ს და როდესაც ისინი დარწმუნდნენ, რომ დაზარალებული სიმართლეს ამბობდა, დაუყოვნებლივ, მეორე დილასვე, მიმართეს პოლიციას და ვიდეოჩანაწერიც წარადგინეს.
10. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერზე ასახულ დროს, როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან და მისი შემდგენელი პირის, გამომძიებელ ი. ბ-ს ჩვენებიდან ირკვევა, 2015 წლის 25 სექტემბერს მან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული თარიღის შესამოწმებლად, რადგან ფ. მ-ი უთითებდა, რომ ვიდეო ჩაიწერა 2015 წლის 24 სექტემბერს, თუმცა იგი დათარიღებული იყო 2007 წლით. გამომძიებელმა 2015 წლის 25 სექტემბერს იმავე კამერით გადაიღო მცირემეტრაჟიანი, დაახლოებით ორწუთიანი ვიდეოჩანაწერი, რა დროსაც დაფიქსირდა კვლავ 2007 წელი, თუმცა შესამოწმებელ ჩანაწერზე ერთი დღით მეტი. შესაბამისად, დადგენილია, რომ ფ. მ-მ ვიდეოჩანაწერი გააკეთა ნამდვილად 2015 წლის 24 სექტემბერს, ხოლო კამერაზე მითითებული დრო ვიდეოგადაღებისას მას არ გაუსწორებია.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა კასატორის განმარტება, რომ დაზარალებულის ჩვენება არის არადამაჯარებელი, რადგან იგი ფაქტებს ვერ გადმოსცემდა სწორად და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია, ვინაიდან იგი არის თანმიმდევრული, სარწმუნო და ამასთან, სრულად თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან - ფ. მ-ს, მ. ა-ს ჩვენებებსა და ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულ ფაქტებთან.
12. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ვინაიდან დაზარალებულის მშობლები გადმოსცემენ მის ნაამბობს (რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს), მათი მტკიცებულებად მითითება და გამოყენება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და ეთანხმება სააპელაციო პალატის არგუმენტებს, რომ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორც წესი, არ არის საჯარო ხასიათის, რის გამოც მითითებული კატეგორიის საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში დანაშაულის შემსწრე უშუალო თვითმხილველი მოწმეები არ არსებობენ. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ფ. მ-ი დანაშაულს უშუალოდ არ შესწრებია, მაგრამ სწორედ მან მოიპოვა ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას.
13. ასევე, კასატორის აპელირება, იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს მართლაც რომ ჩაედინა მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება, ამას აუცილებლად დაინახავდა დაზარალებულის ბებია, რომელიც ყოველთვის სახლში იმყოფებოდა, უსაფუძვლოა, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებული დანაშაულებრივ ქმედებას სჩადიოდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც თ. მ-ს ბებია ოთახიდან გადიოდა და დაზარალებული და მსჯავრდებული მარტო რჩებოდნენ.
14. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ კ. კ-თვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვრული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
16. ამასთან, ვინაიდან არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში არასრულწლოვანი დაზარალებულის - თ. მ-სა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის განმარტებული არ არის საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, საკასაციო პალატა მითითებული ნორმის საფუძველზე არასრულწლოვან დაზარალებულ - თ. მ-სა და მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგებს და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენი კ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3. არასრულწლოვან დაზარალებულ თ. მ-სა და მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი