¹ბს-1021-870-კ-04 18 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: საკომპენსაციო თანხის გადახდის დაკისრება, საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 14 თებერვალს ც. ბ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ¹55 კოოპერატივის, ქ. ბათუმის მერიისა და სს “შ. ზ. ა. ბ.” მიმართ^ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 7500 აშშ დოლარის გადახდის ან საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის დაკისრება.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1998 წელს შეიქმნა აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ¹55 მშენებარე კოოპერატივი, რომელსაც უნდა აეშენებინა ქ. ბათუმში საცხოვრებელი სახლი მისი წევრებისათვის. მოსარჩელემ 1998წ. 29 დეკემბერს ¹55 კოოპერატივის ანგარიშზე წინასწარ შეიტანა ბინის მშენებლობის საფასურის ნაწილი 7588,22 მანეთი. საქართველოში 90-იან წლებში შექმნილი მდგომარეობისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, მშენებლობა შეჩერდა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ “საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულების მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მეპაიეებს უნდა მისცემოდათ შესაბამისი საკომპენსაციო თანხები ან აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე შედგენილი პროგრამის მე-2 პუნქტის თანახმად, დამთავრებას დაქვემდებარებული სახლების მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო, როგორც რესპუბლიკის, ასევე ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიმართ სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ვალდებულება ეკისრებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ანუ ქ. ბათუმის მერიას.
სასამართლოში სარჩელის განხილვის დროს მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიას დაეკმაყოფილებინა იგი 3-ოთახიანი ბინით. მოსარჩელემ ასევე დააყენა შუამდგომლობა საქმიდან მოპასუხეების: ¹55 ბინათმშენებლობის კოოპერატივისა და სს “შ. ზ. ა. ბ.” ამორიცხვის თაობაზე, რაც სასამართლომ საოქმო განჩინებით დააკმაყოფილა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ქ. ბათუმის მერიას დაევალა ც. ბ-ის ოჯახის უზრუნველყოფა 3_ოთახიანი ბინით.
სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებაზე, რომლის თანახმად, სახელმწიფომ ვალში აიღო კოოპერატივის წევრებზე გასაცემი თანხები. აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიამ 1999წ. 20 ოქტომბერს მიიღო ¹205 გადაწყვეტილება კომისიის შექმნის თაობაზე, რომელსაც დაევალა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულების მიხედვით, აჭარაში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა გატარება. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანებულების მე-7 პუნქტის შესაბამისად, მათ უნდა გაეცათ კოოპერატივის წევრებისათვის საკომპენსაციო თანხები ან უზრუნველეყოთ ისინი ბინის ფართით, რაც არ განხორციელებულა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მას ისე დააკისრა მოსარჩელის 3-ოთხიანი ბინით უზრუნველყოფა, რომ საერთოდ არ შეუსწავლია გადაწყვეტილებაში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999წ. 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანება და ქ. ბათუმის მერიის 1999წ. 20 ოქტომბრის ¹205 გადაწყვეტილება.
აპელანტმა აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის 1999წ. ¹205 გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იყო მითითებული, რომ დამთავრებას დაუქვემდებარებელი საცხოვრებელი სახლების კოოპერატივის წევრები ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ ბინით. გადაწყვეტილებაში საუბარი იყო საკომპენსაციო ერთჯერადი თანხების გაცემაზე, სახლის ასაშენებელ რაიონში 1 კვ.მ საერთო ფართის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, რაც უნდა განხორციელებულიყო, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ერთეულის ბიუჯეტიდან. ამდენად, აპელანტის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ვალში აღებული თანხების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიდან, რაც არ შესრულებულა და შესაბამისად, მმართველობის ორგანოების მიერ ვერ გაიცა საკომპენსაციო თანხები.
აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტი, თითქოს ქ. ბათუმის მერიის 1999წ. @¹205 გადაწყვეტილებით მერიამ აიღო ვალდებულება მეპაიეების ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ვინაიდან მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილებით შექმნა კომისია, რომელსაც უნდა გაეტარებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულების შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განხორციელებულა, რადგან ცენტრალური ბიუჯეტი არ ასრულებდა შესაბამის ვალდებულებას, რის გარეშეც ადგილობრივი მმრთველობის ორგანოები ამ პრობლემას ვერ გადაჭრიდნენ.
მოწინააღმდეგე მხარემ _ ც. ბ-ემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ც. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროს არასათანადო შეფასება მიეცა საქმეში არსებულ ფაქტებს, არასწორად იქნა განმარტებული კანონი და სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე ქ. ბათუმის მერიას არასწორად დააკისრა ც. ბ-ის 3 ოთახიანი ბინით უზრუნველყოფა.
სასამართლომ ასევე გაიზიარა სააპელაციო საჩივარში დაყენებული საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1992წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999წ. 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანება, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 9 ოქტომბრის ¹983 დადგენილება და ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999წ. 20 ოქტომბრის ¹205 გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშეწყობას, შემუშავებულ იქნა პროგრამები, მაგრამ ბიუჯეტის სიმწირისა და სეკვესტრის გამო, ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ დანიშნულებით თანხების გამოყოფა არ მომხდარა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1992წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებით და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 9 ოქტომბრის ¹983 დადგენილებით ქ. ბათუმის მერიას არ დავალებია აჭარაში მდებარე 5 კოოპერატივისა და, მათ შორის, ¹55 კოოპერატივისათვის თანხების გამოყოფა. ასეთი ვალდებულება ¹55 კოოპერატივის წევრთა წინაშე არც ქ. ბათუმის მერიას აუღია თავისი 1999წ. 20 ოქტომბრის ¹205 გადაწყვეტილებით.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1992წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულების საფუძველზე გამოიცა ქ. ბათუმის მერიის 1999წ. 20 ოქტომბრის ¹205 გადაწყვეტილება, რომლითაც გათვალისწინებული იყო ქალაქის ტერიტორიაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამის შემუშავება და მისი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმება. პროგრამის შემუშავება მიმდინარეობდა, თუმცა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის სიმწირისა და სეკვესტრის გამო, ამ დანიშნულებით 2000-2003 წლებში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ბიუჯეტში რაიმე თანხები არ ყოფილა გათვალისწინებული.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმის მერიას არ აუღია ¹55 ბინათმშენებლობის კოოპერატივის წევრების წინაშე ვალდებულება, რომ ის პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებისა და ქ. ბათუმის მერიის 1999წ. 20 ოქტომბრის ¹205 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოახდენდა საკომპენსაციო თანხების გაცემას, ასევე მითითებული ბრძანებებით ქ. ბათუმის მერიაზე აღნიშნული ვალდებულება დაკისრებული არ ყოფილა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹592 ბრძანებულებისა და ფინანსთა სამინისტროს ¹226 ბრძანების გამოცემა მიზნად ისახავდა საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საბინაო ვალის დაფარვას, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, არ მოხერხდა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებით დამტკიცებული პროგრამის განხორციელება, რაშიც ბრალი არ მიუძღოდა ქ. ბათუმის მერიას და აქედან გამომდინარე, მას არ უნდა დაკისრებოდა ც. ბ-ის 3-ოთახიანი ბინით უზრუნველყოფა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ბ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო, ვინაიდან სააპელაციო პალატამ საჩივარი მიიღო სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
კასატორმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებით და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 9 ოქტომბრის ¹983 დადგენილებით ქ. ბათუმის მერიას არ დავალებია აჭარაში მშენებარე 5 კოოპერატივისა და მათ შორის, ¹55 კოოპერატივისათვის თანხების გამოყოფა და ის ფაქტი, რომ ასეთი ვალდებულება ¹55 კოოპერატივის წევრთა წინაშე არც ქ. ბათუმის მერიას აუღია თავისი 1999წ. 20 ოქტომბრის ¹205 გადაწყვეტილებით. კასატორის განმარტებით, “საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹592 ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაევალათ გაეთვალისწინებინათ პროგრამის რეალიზაციისათვის საჭირო სახსრები ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის ფორმირებისას თავიანთ ტერიტორიაზე კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით გამოწვეული დავალიანების დასაფარავად, ხოლო “კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხელშემწყობი Eღონისძიებების შესახებ” ქ. ბათუმის მერიის 1999წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა ქალაქის ტერიტორიაზე კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელება, რაც, კასატორის განმარტებით, ადასტურებს მერიის მიერ კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ვალდებულების აღების ფაქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 19 დეკემბრის განჩინებით კასატორ ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აპელანტ ც. ბ-ის შუამდგომლობაზე _ ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შესახებ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო აპელანტ ც. ბ-ის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა მეუღლე, ი. ბ-ე. ამავე სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება და ც. ბ-ის სამართალმემკვიდრე ი. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ამავე სასამართლოს 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საფუძვლებით.
ც. ბ-ის უფლებამონაცვლე ი. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 26 თებერვლის განჩინება ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ და 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება სარჩელში მითითებული საფუძვლებით, ასევე მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა მიეღო წარმოებაში სააპელაციო სასამართლოს, რადგან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიას ჩაჰბარდა 2003წ. 11 აპრილს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 14 მაისს. გადაწყვეტილებაში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განმარტებულ იქნა გასაჩივრების წესი. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, რატომ აღმოჩნდა საქმეში ორი ერთნაირი შინაარსის მიმართვა ქ. ბათუმის მერიისადმი გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის შესახებ, რომლებშიც გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა თარიღია მითითებული. გადაწყვეტილების ასლის მეორედ გაგზავნის შემთხვევაში, კასატორის აზრით, მითითებული უნდა ყოფილიყო “განმეორებით”, თუკი მოქმედება განხორციელებული იყო ოფიციალური ფორმით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ც. ბ-ის უფლებამონაცვლე ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინების დაუსაბუთებლობის თაობაზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, ხოლო მეორე ნაწილით დადგენილია, რომ თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთიწ. განმავლობაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც ქ. ბათუმის მერიამ აპელაციის წესით გაასაჩივრა, არ პასუხობს ზემომითითებულ 12.1 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, არ არის მითითებული იმ ორგანოს ადგილმდებარეობა, სადაც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება და გასაჩივრების წესი. აღნიშნული გარემოებები მხარეს, მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიას, აძლევდა უფლებას, გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთიწ. განმავლობაში გაესაჩივრებინა იგი. ამდენად, საკასაციო პალატა აჭარის სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინებას კანონიერად მიიჩნევს და თვლის, რომ არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა ასევე უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 1989 წელს აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩამოყალიბდა ¹55 ბინათმშენებლობის კოოპერატივი. კოოპერატივის წევრს წარმოადგენდა ც. ბ-ეც, რომელმაც სამოთახიანი ბინის მშენებლობის საფასურის ნაწილი _ 7588,22 მანეთი კოოპერატივის ანგარიშზე შეიტანა 1989წ. 29 დეკემბერს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის საუძველზე, სახელმწიფო საშინაო ვალად იქნა აღიარებული კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება. “ზოგიერთი სახის კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 30 ივნისის ¹413 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებულ იქნა 1999წ. 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანება “საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის შესახებ”, რომლითაც დადგინდა კოოპერატივის თითოეული წევრისთვის საკომპენსაციო ერთჯერადი გასაცემი თანხის ოდენობა 1 მ2-ის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით. თანხები კოოპერატივს უნდა გაეცა საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ დადგენილი რიგითობის დაცვით. მითითებული ნორმატიული აქტებით არ ყოფილა განსაზღვრული კოოპერატივის წევრთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალების საფუძველზე თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ¹55 კოოპერატივის მიერ არ ყოფილა ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები შესრულებული. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ¹55 კოოპერატივს განესაზღვრა თანხების მიღების რიგითობა და თავად ამ კოოპერატივის წევრებს შორის დადგინდა კომპენსაციის მიღების რიგითობა, რაც სადავო თანხის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელის (კასატორი) მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობაც არ არის შესაბამისობაში ¹226 ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ წესთან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების კანონიერება სადავო არ გამხდარა და ისინი იურიდიული ძალის მქონენი არიან, სასამართლო თვლის, რომ კასატორისთვის თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს ამ აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. ქ. ბათუმის მერიის 1999წ. 20 ოქტომბრის ¹0205 გადაწყვეტილება არ შეიძლება განხილულ იქნეს საკასაცო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიმართული იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიზნით და მას არ შეუცვლია კომპენსაციის გაცემის წესი, რომელიც ზემოაღნიშნული ¹226 ბრძანებით იქნა დადგენილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ ¹55 კოოპერატივის წევრები, მათ შორის, ც. ბ-ძეც, ეჭვქვეშ აყენებდნენ მათ მიერ შეტანილი თანხების ხარჯვის სისწორეს, რის თაობაზეც განცხადებითაც მიმართეს აჭარის ა/რ-ის პროკურატურას, მაგრამ რაიმე გადაწყვეტილება მათ განცხადებაზე მიღებული არ ყოფილა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ც. ბ-ე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც მე-2 ჯგუფის ინვალიდი და მის უფლებამონაცვლეზე არ შეიძლება ამ საფუძვლით გავრცელდეს კანონით კონკრეტული შემთხვევისთვის დადგენილი შეღავათები. თავად კასატორს რაიმე მტკიცებულება სსკ-ის 47-ე მუხლით დადგენილი შეღავათების გავრცელებისთვის არ წარმოუდგენია.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ც. ბ-ის უფლებამონაცვლე ი. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ც. ბ-ის უფლებამონაცვლე ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება;
3. ი. ბ-ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 540 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.