ას-969-1248-09 3 დეკემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თე. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ გ. გ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 21 იანვარს ვანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე გ. გ-ძის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 14 346,36 ლარის ოდენობით ჯარიმის, ზიანის სახით 3197,50 ლარისა და 14 346,36 ლარის 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.
ვანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით საქმე ზიანის _ 3197,50 ლარის მოთხოვნის ნაწილში განსჯადობის წესების დაცვით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. ადმინისტრაციულმა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანი იყო ზიანის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და აღნიშნული სადავო ურთიერთობა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ვანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ზიანის სახით მოპასუხისათვის 3197,50 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გ. გ-ძე 2004 წლის 2 დეკემბრიდან მსახურობდა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, 21-ე ქვეითი ბრიგადის სატანკო ბატალიონში;
საქმის მასალებში მხარეთა მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი არ მოიპოვება;
2006 წლის 23 მარტის ¹654 ბრძანებით გ. გ-ძე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2006 წლის 20 იანვრიდან _ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო;
გ. გ-ძის სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენს 10 თვესა და 19 დღეს; ხელფასის სახით მიღებული აქვს 3197.50 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. გ-ძის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა შეეწყვიტა კონტრაქტი. აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;
საქმეში არსებული მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. გ-ძემ ბრალეულად დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, შესაბამისად, სახეზე იყო მართლწინააღმდეგობა და ბრალი. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ზიანი, რაც გამოიწვევდა გ. გ-ძისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, თუ სახეზეა შემდეგი პირობები: ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე პერიოდის გ. გ-ძეზე, როგორც სამხედრო მოსამსახურეზე გაწეული ხარჯები, რაც მოიცავდა აღჭურვილობის, კვებისა და სწავლების ხარჯებს, წარმოადგენს ზიანს, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან ამ ხარჯების გაწევა წარმოადგენდა სამინისტროს ვალდებულებას, რომლის სანაცვლოდაც გ. გ-ძე ახორციელებდა საპასუხო შესრულებას და როგორც სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა მუდმივ მზადყოფნდაში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპლანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ გ. გ-ძის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანი შეადგენდა ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე გასაწევ ხარჯებს და ამ მოქმედებით გამოწვეული ქონებრივი დანაკლისის არსებობას, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოუდგენია.
ვაინაიდან დადასტურებული იყო, რომ თავდაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გ. გ-ძისათვის გადაცემული ხელფასის ანაზღაურებას, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხები არ წარმოადგენდნენ კონტრაქტის შეწყვეტით მიყენებულ ზიანს და, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს სარჩელი გ. გ-ძის მიმართ 3197,50 ლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, გ. გ-ძისათვის წინასწარ იყო ცნობილი სავარაუდო ზიანი, ვინაიდან იგი გაცნობილი იყო კონტრაქტის 8.2, 8.3 და 8.4 მუხლებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობაზე.
კასატორის განმარტებით, თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან არ ითხოვდა მასზე გადახდილ ხელფასს, არამედ ეს თანხა წარმოადგენდა მოპასუხის სანაცვლოდ დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეზე გადახდილ თანხას, შესაბამისად, სამინისტრო ითხოვდა ზიანის სახით იმ თანხას, რომლის ხელახლა გადახდაც მას მოუწია ახალი სამხედრო მოსამსახურის იმ დონემდე გაწვრთნისათვის, რა დონეზეც იყო მოპასუხე კონტრაქტის დარღვევის დროისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, არსებობდა მიზეზობრივი კავშირი გ. გ-ძის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია გ. გ-ძის, როგორც სამხედრო მოსამსახურის, მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ძეს შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრო ვალდებულია, გადაუხადოს სამხედრო მოსამსახურეს შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურით და შესაბამისი პირობებით. სადავო არ არის, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებულია თავისი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
საქმეზე დადგენილია, რომ გ. გ-ძე, რომელიც 2004 წლის 2 დეკემბრიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21-ე ქვეითი ბრიგადის სატანკო ბატალიონში, 2006 წლის 20 იანვრიდან, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული 4-წლიანი კონტრაქტი მოპასუხის სურვილით შეწყდა. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 251 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანია.
ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძოსამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი (“ადმინისტრაციული ხელშეკრულება”) სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობის განსასაზღვრად ძირითადი და გადამწყვეტია, პირველ რიგში შეფასდეს სწორედ მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობები, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნები. მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემდეგ არის შესაძლებელი, გაირკვეს მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინება;
საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.