Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-969-1270-07 13 ივნისი, 2008 წ

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ნ. ხ-იძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ა-შვილი, მ. გ-ნია(მოპასუხე)

მესამე პირი—გ. ფ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2001 წლის 14 დეკემბრის ¹1/227 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 მარტს სარჩელით მიმართა ნ. ხ-იძემ მოპასუხე ქუთაისის კერძო არბიტრაჟის გ. ფ-შვილის მიმართ და მოითხოვა კერძო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით ოცდარვა წელი მუშაობდა ზეინდრის სამომხმარებლო საზოგადოების ბალანსზე რიცხულ სასურსათო მაღაზიაში გამყიდველად და წარმოადგენდა აღნიშნული მაღაზიის მეპაიეს. 2000 წლის 24 იანვარს პირადი განცხადების საფუძველზე გავიდა შვებულებაში, შვებულების პერიოდში გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან. ზეინდრის სასურსათო მაღაზიაში გამგე გამყიდველად დაინიშნა გ. ა-შვილი.

მოსარჩელის განმარტებით ქ. ქუთაისის კერძო არბიტრმა გ. ფ-შვილმა 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა გ. ა-შვილის მოთხოვნა და განმცხადებლის სახელზე აღირიცხა ზეინტრის სოფლის მომხმარებელთა საზოგადოების ბალანსზე რიცხული სასურსათო მაღაზიის ნახევარი, განაშენიანების ფართი 93,80 კვ.მ, მიწის ნაკვეთის ფართი 120,60 კვ.მ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით ნ. ხ-იძის შუამდგომლობის საფუძველზე გ. ა-შვილი ჩაბმულ იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის განჩინებით კი დაკმაყოფილდა ნ. ლ.-ის შუამდგომლობა და არასათანადო მოპასუხე მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრი გ. ფ-შვილი შეიცვალა სათანადო მოპასუხეებით და საქმეში სათანადო მოპასუხეებად ჩაერთვნენ გ. ა-შვილი და ვანის რაიონის სოფელ ზეინდრის კოოპერატივის თავმჯდომარე მ. გ-ნია. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრი - დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - მესამე პირად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-იძის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2006 წლის 14 დეკემბრის ¹1/227 გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-შვილმა და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ხ-იძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ. ხ-იძე არ იყო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირი.

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის ფაქტობრივ გარემოება, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება გ. ა-შვილს და ზეინდრის ფოთის კოოპერატივის თავმჯდომარეს მ. გ-ნიას შორის დაიდო.

საქმის მასალებით დადგენილია, ისიც რომ ქ.ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით მხარეს წარმოადგენდა გ. ა-შვილი, რომლის სახელზეც აღირიცხა ზეინდრის სოფლის მომხმარებელთა საზოგადოების ბალანსზე რიცხული მაღაზიის ნახევარი.

დადგენილია, რომ ნ. ხ-იძე 1993 წლიდან იყო ზეინტრის ს/მ საზოგადოების მეპაიე და 2000 წლის 24 იანვრამდე გამგე გამყიდველად მუშაობდა სადავო სასურსათო მაღაზიაში.

პალატამ განმარტა, რომ უპირატესი შესყიდვის უფლებას საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობდა და არც მხარეს მიუთითებია ამ უფლების მიმნიჭებელ რაიმე სამართლებრივ ნორმაზე.

ის ფაქტი, რომ ნ. ხ-იძე იყო საზოგადოების მეპაიე (დანარჩენ 200 მეპაიესთან ერთად) და რომ რამდენიმე წლის წინ მუშაობდა სადავო სასურსათო მაღაზიაში, პალატის მოსაზრებით არ შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო მისი, როგორც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტის განმსაზღვრელ ფაქტორად, რამეთუ სადავო გადაწყვეტილებას არ შეულახავს მისი უფლებები და კანონით დაცული ინტერესები.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-იძემ.

კასატორის აზრით საქმეში არსებული მასალებით ნათლად ჩანდა, რომ კერძო არბიტრაჟის ა. გ.ფ.-მა 2006 წლის 14 დეკემბერს განიხილა არა დავა მხარეებს შორის არამედ ფიზიკური პირის გ. ა-შვილის განცხადება (ქონების საკუთრებად ცნობის შესახებ) რაც ფაქტიურად წარმოადგენდა უდავო წარმოების წესით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას, რომლის დადგენა კერძო არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად არბიტრაჟის უფლებაში არ შედიოდა. ის ფაქტი რომ 2006 წლის 14 დეკემბერს არბიტრმა განიხილა განცხადება და არა შეთანხმება მხარეებს შორის დადასტურებულია თვითონ გასაჩივრებული არბიტრაჟის საქმე ¹1/227 გადაწყვეტილებაში, რომელიც არბიტრაჟის არბიტრ გ. ფ-შვილის მიერ იყო შედგენილი.

კასატორის განმარტებით არც საარბიტრაჟო საქმეში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გ. ა-შვილის მიერ არ ყოფილა წარდგენილი შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი - უარესიც არ არსებობდა საარბიტრაჟო შეთანხმება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ ნ. ხ-იძე არ მიიჩნია საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირად. სასამართლოს განმარტებით, „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის დეფინიცია იძლევა განვრცობის საშუალებას და კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტად უნდა იქნეს მიჩნეული არა მარტო მხარეები, არამედ ის დაინტერესებული პირებიც, რომელთა უფლებაც ხელყოფილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. ნ. ხ-იძე კი სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული ასეთ პიროვნებად. სასამართლომ არც მისი მეპაიობა და არც ამ ობიექტში მისი ხანგრძლივი მუშაობა არ ჩათვალა ასეთი ინტერესის არსებობის დადასტურებად, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სასამართლოს არ მიუთითებია ის მიზეზები (სამართლებრივი საფუძვლები), რომელთა არსებობაც დააბრკოლებდა ნ. ხ-იძის მიერ აღნიშნული ფართის შესყიდვის ფაქტს. იმ შემთხვევაში, თუ გ. ა.-ს არ იქნებოდა პრეტენზია სადავო ფართზე, ნ. ხ-იძეს ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება ექნებოდა შეესყიდა მაღაზია. ამდენად სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მოსაზრებით მხარის მოთხოვნის უგულებელყოფა დაუშვებელია.

საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, კერძოდ კი იმ გარემოებების არსებობისას, როდესაც უძრავი ქონების გასხვისებაზე არ დადებულა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო კერძო არბიტრაჟმა საარბიტრაჟო შეთანხმების დადების დღესვე უდავო წესით განიხილა გ. ა.-ის განცხადება, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს ასეთი გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის ხელახალი განხილვის დროს სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ხ-იძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.