საქმე №25აგ-17 თბილისი
ბ-ა თ., 25აგ-17 7 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გელა პეტრიაშვილის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით თ. ბ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. თ. ბ-ა დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილი სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. 2017 წლის პირველ თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი მიქავამ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა მსჯავრდებულ თ. ბ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და საქმის არსებითად განხილვა შემდეგი მოტივით: საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის 2017 წლის 17 იანვრის დადგენილებით „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“ გაირკვა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულ თ. ბ-ს პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება, კერძოდ: თ. ბ-ს განზრახ უკანონო დევნით არსებითად შეილახა მისი რეპუტაცია და მოხდა მისი დისკრედიტირება საზოგადოებაში, რამაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების არსებითად დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული დადგინდა ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით, რომლებიც ამტკიცებს თ. ბ-ს უდანაშაულობას; ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-13 მუხლების შესაბამისად, არ დასტურდება თ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მიქავას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა გელა პეტრიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მსჯავრდებულ თ. ბ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა იმავე საფუძვლით, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ ამოწმებს მის დასაშვებობას. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
4. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის 2017 წლის 17 იანვრის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულ თ. ბ-ს პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება, კერძოდ: თ. ბ-ს განზრახ უკანონო დევნით არსებითად შეილახა მისი რეპუტაცია და მოხდა მისი დისკრედიტირება საზოგადოებაში, რამაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების არსებითად დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული დადგინდა ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით, რომლებიც ამტკიცებს თ. ბ-ს უდანაშაულობას; ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-13 მუხლების შესაბამისად, არ დასტურდება თ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი.
5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს საქმეებზე, როდესაც ვლინდება მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდების მხარე არ უნდა შეიზღუდოს და უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სრულყოფილად განახორციელოს კანონით დაკისრებული მოვალეობა, რისი წინა პირობაც არის წარდგენილი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა და საქმის არსებითად განხილვა სასამართლოში.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ გელა პეტრიაშვილის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება პროკურორ გიორგი მიქავას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გელა პეტრიაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მიქავას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი