ას-971-1172-08 9 მარტი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (განმცხადებელი) _ ქ. ც-ძე (წარმომადგენელი ა. ც-ძე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 25 ივნისს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ქ. ც-ძემ. განმცხადებელმა მოითხოვა მის მიერ აწ გარდაცვლილი ბ. ც-ძის სამკვიდრო ქონების _ ბათუმში, ... ¹8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივ მფლობელობაში მიღების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2000 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა ქ. ც-ძის მეუღლე _ ბ. ც-ძე, რომელიც ცხოვრობდა ბათუმში, ... ¹8-ში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ განმცხადებელი, როგორც მისი ერთადერთი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შეუდგა სამკვიდროს ფლობას. იგი აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს სეზონურად აქირავებს, ხშირად დადის იქ და მეთვალყურეობს გარდაცვლილი მეუღლის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას. ქ. ც-ძეს გააჩნია ასევე სხვა საცხოვრებელი სახლი დაბა ...-ში. იმ მიზნით, რომ განმცხადებელს მეუღლის სახლი უყურადღებოდ არ დაეტოვებინა, დროებითი სარგებლობის უფლებით მასში ცხოვრობს ოჯახის ახლობელი და ქ. ც-ძის ნდობით აღჭურვილი პირი ბ. ც-ძე.
2008 წლის 16 მაისს ქ. ც-ძემ აწ გარდაცვლილი ბ. ც-ძის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიმართა ქობულეთის რაიონის დაბა ...-ის ნოტარიუსს, რომელმაც განმცხადებლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სამკვიდრო მოწმობის მიღების კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო. აღნიშნული დადგენილების მიღებისას ნოტარიუსმა არ გაითვალისწინა, რომ ქ. ც-ძე ფაქტობრივად ფლობს სამკვიდროს და ზრუნავს მის მოვლა-პატრონობაზე.
განმცხადებელი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითებდა, ხოლო სამართლებრივად აღნიშნულ მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლზე, ასევე 1421-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე დაყრდნობით ასაბუთებდა (ს.ფ. 2-11).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ც-ძეს უარი ეთქვა ბ. ც-ძის სამკვიდრო ქონების, ბათუმში, ... ¹8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მის მიერ ფაქტობრივ მფლობელობაში მიღების ფაქტის დადგენილად ცნობაზე.
რაიონულმა სასამართლომ მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულად არ მიიჩნია ქ. ც-ძის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობაში მიღება. რამდენადაც განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს ვერ წარუდგინა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობაში მიღების ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებანი (მაგალითად, სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის ქვითრები, საბინაო კომუნალური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ქვითრები და ა.შ.), მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობაში მიღების ფაქტის დასადასტურებლად სასამართლომ არასაკმარისად ჩათვალა (ს.ფ. 28-30).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ც-ძემ (წარმომადგენელი ბ. ბ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.
აპელანტის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მეუღლე ანუ პირველი რიგის მემკვიდრე შეუდგება სამკვიდროს ფლობასა და მართვას. ქ. ც-ძე მეუღლის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო ქონებას ფლობდა და მართავდა. აღნიშნულის დადასტურება მოწმეთა ჩვენებების გარდა სხვა რაიმე გარემოებებით შეუძლებელია. რამდენადაც საცხოვრებელი სახლი ბ. ც-ძის სახელზე ირიცხებოდა, იმ დროისათვის მის სახელზე ირიცხებოდა ქვითრებიც. მას შემდეგ კი, რაც სახლი დროებითი სარგებლობისათვის ბ. ბ-ძეს გადაეცა, ყველანაირი სახის გადასახადი ამ უკანასკნელის სახელზე ირიცხება (ს.ფ. 32-40).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ქ. ც-ძის (წარმომადგენელი ბ. ბ-ძე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები შემდეგში მდგომარეობს:
ქობულეთის რაიონის დაბა ...-ის ნოტარიუსის 2008 წლის 16 მაისის დადგენილებით ქ. ც-ძეს უარი ეთქვა ბ. ც-ძის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის გაშვების გამო;
ქ. ც-ძე და ბ. ც-ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
ბ. ც-ძე გარდაიცვალა 2000 წლის 16 სექტემბერს ხარკოვში (უკრაინა);
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის ცნობის მიხედვით, ბათუმში მერიის ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მასალებით ... ¹8-ში მდებარე უძრავი ქონება ექსპლუატაციაში მიღების გარეშე (უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი) ირიცხება ბ. ც-ძეზე;
საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 3 ოქტომბრის ცნობით ქობულეთში, ბ. ც-ძეზე საკუთრების უფლებით რაიმე უძრავი ქონება არ ირიცხება.
ზემომითითებული გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქ. ც-ძეს სწორად ეთქვა უარი ბ. ც-ძის სამკვიდრო ქონების, ბათუმში, ... ¹8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მის მიერ ფაქტობრივ მფლობელობაში მიღების ფაქტის დადგენილად ცნობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების შემძენი მხოლოდ მაშინ ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. დასტურდებოდა, რომ ბათუმში, ... ¹8-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა ექსპლუატაციაში მიუღებელ, უნებართვოდ აშენებულ საცხოვრებელ სახლს, რომელიც საკუთრების უფლებით არ იყო რეგისტრირებული ბ. ც-ძეზე. მართალია, ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მასალების თანახმად, აღნიშნული ქონება ირიცხება ბ. ც-ძეზე, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელი და უნებართვოდ აშენებული სახლი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მის საკუთრებად. შესაბამისად, მითითებული ქონება ვერ განიხილებოდა, როგორც ბ. ც-ძის სამკვიდრო. იმ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენის მოთხოვნა კი, რომელიც საკუთრების უფლებით არ არის რეგისტრირებული მამკვიდრებელზე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია (ს.ფ. 92-96; 112-113).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ც-ძემ (წარმომადგენელი ა. ც-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია ქ. ც-ძის მიერ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტი. სასამართლომ სადავო მხოლოდ ის გარემოება გახადა, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელი და უნებართვოდ აშენებული სახლი (რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო), ვერ განიხილებოდა, როგორც სამკვიდრო. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რამდენადაც ამ შემთხვევაში საქმე შეეხება სამკვიდროს მიღებას და არა უძრავი ქონების შეძენას ან გადაცემას.
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლი მიუთითებს, რომ გარდაცვლილი პირის ქონების გადასვლა სხვა პირზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე ფორმით. “გარდაცვლილი პირის ქონებაში” მოიაზრება როგორც ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის, ისე საჯარო რეესტრის მონაცემებით მამკვიდრებლის სახელზე რიცხული ქონება, რადგან საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე უძრავი ქონების რეგისტრაცია სწორედ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში ხორციელდებოდა.
სადავო შემთხვევაში მემკვიდრემ სამკვიდრო იმ სახით უნდა მიიღოს, რა სახითაც ის დღეის მდგომარეობით არსებობს. საწინააღმდეგო შემთხვევა მისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას ნიშნავს, რაც კანონით დაუშვებელია (ს.ფ. 103-111).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის 2008 წლის 8 აპრილის ცნობით დასტურდება, რომ ბათუმში, ... ¹8-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ბ. ც-ძის სახელზე რიცხულ, ექსპლუატაციაში მიუღებელ, უნებართვოდ აშენებულ საცხოვრებელ სახლს (ს.ფ. 14). საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. ბათუმის მერიის ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მასალებით ... ¹8-ში მდებარე უძრავი ქონება (შენობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე აშენებული საცხოვრებელი სახლი) ირიცხება ბ. ც-ძეზე (ს.ფ. 88).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ბ. ც-ძის სახელზე რიცხული ექსპლუატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი სახლი ვერ განიხილება, როგორც მისი საკუთრება და სამკვიდრო. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. კანონის დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბ. ც-ძის სამკვიდრო მასაში შედის და მემკვიდრეს შეიძლება გადაეცეს ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლი იმ უფლებით, რაც მასზე მამკვიდრებელს გააჩნდა და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში თავის სახელზე აღრიცხული ჰქონდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზეც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “თ” ქვეპუნქტი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს განსახილველ საქმეებს მიაკუთვნებს მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის ფაქტის დადგენას. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნაა სწორედ მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა და არა მესაკუთრედ აღიარების საკითხი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ამ შემთხვევაში საკუთრების უფლებით მამკვიდრებლის სახელზე დაურეგისტრირებელ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენა არ შეიძლება, საფუძველს მოკლებულია.
რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს განმცხადებლის მოთხოვნა არსებითად არ განუხილავს და მხოლოდ ზემოაღნიშნული მოტივით უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს განმცხადებლის მოთხოვნაზე, საქმის მასალების საფუძველზე დაადგინოს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები განმცხადებლის მიერ ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით და ისე გამოიტანოს გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.