#101-17 ქ. თბილისი
გ-ე გ., 101-17 6 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორების – ელენე კავთუაშვილის, მინდია დავითაძის
ადვოკატ – მ. ნ-ს
მსჯავრდებულ – გ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მინდია დავითაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. გ-ს ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გასამართლებულ გ. გ-ს 2016 წლის 19 ნოემბერს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს N….. ექსპერტიზის დასკვნით კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანა“), „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონო მოხმარების ფაქტი.
2. 2016 წლის 28 დეკემბერს რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გურამ ჭყონიძესა და ბრალდებულ გ. გ-ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და იმავე წლის 30 დეკემბერს პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შემდეგი პირობებით: გ. გ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათით.
გ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინებით რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გურამ ჭყონიძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლით: საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, რომ ბოლო განაჩენით დანიშნულმა ნაკლებად მკაცრმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული უფრო მკაცრი სასჯელი.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გურამ ჭყონიძემ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და 2016 წლის 28 დეკემბერს მასა და გ. გ-ს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი მინდია დავითაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
7. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მინდია დავითაძემ დააზუსტა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ და ითხოვა, რომ გ. გ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე კვლავ ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათით.
8. გ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
9. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შეცვლილი პირობებით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა გ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ.ნ-მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით პროკურორსა და გ. გ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: გ. გ-ს აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - თ. გ-ს, ჯ. ჩ-ს, ნ. უ-ს გამოკითხვის ოქმებით, ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, ექსპერტიზის N….. დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით გ. გ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას გ. გ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. გ. გ-ე ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. გ. გ-თვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა გ. გ-ს მიმართ დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაზუსტებული პირობებით.
2. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და გ. გ-ს შორის.
3. გ. გ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათით.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრისა და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს მთლიანად და გ. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათით.
6. გ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
7. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ გ. გ-ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
8. გ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი