საქმე №41-17 ქ. თბილისი
გ-ი თ., 41-17 20 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის განაჩენების კანონიერება პრეიუდიციის საფუძველზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. 1999 წლის 14 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის N….. საქმე კ. გ-სა და სხვათა მიმართ სხვისი ქონების ფარული გატაცების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია).
- 1999 წლის 15 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის N….. საქმე კ. გ-ს მიმართ, 1994 წლის ნოემბერში ….. რაიონის სოფ. ….. მცხოვრები ი. კ-ს საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია).
- 1999 წლის 15 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის N….. საქმე კ. გ-ს მიმართ 1994 წლის 8 თებერვალს ….. რაიონის სოფელ ….. მცხოვრები ქ. რ-ს საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია).
2. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს გამომძიებლის 1999 წლის 16 აპრილის დადგენილებით სისხლის სამართლის N….. და N….. საქმეები გაერთიანდა ერთ საგამოძიებო წარმოებად და მიენიჭა - N….., ხოლო იმავე წლის 18 აპრილის დადგენილებით სისხლის სამართლის N….. და N….. საქმეები გაერთიანდა ერთ საგამოძიებო წარმოებად და მიენიჭა - N…...
3. 1999 წლის 12 ივლისს კ. გ-ა ბრალდებულის სახით მიეცა პასუხისგებაში დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 91-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და მე-100 მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია).
4. 1999 წლის 12 ივლისს კ. გ-სა და სხვათა მიმართ N….. სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე თ. გ-ს მიმართ, 1994 წლის ნოემბერში ….. რაიონის სოფ. ….. მცხოვრები ი. კ-ს საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ხოლო სისხლის სამართლის N….. საქმე კ. გ-ს, ჯ. ფ-ს, მ. დ-სა და ა. ლ-ს მიმართ იმავე წლის 16 აგვისტოს საბრალდებო დასკვნით განსახილველად წარიმართა სასამართლოში.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის განაჩენით კ. ა-ს ძე გ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხდით; სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე, სასჯელის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხდით; სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხდით; სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხდით; სსკ-ის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხდით; საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის რედაქცია) შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და კ. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხდით, რომლის მოხდა დაეწყო 1999 წლის 15 აპრილიდან.
განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე კ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დარჩა.
იმავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: ჯ. ფ-ს, მ. დ-სა და ა. ლ-ს.
6. 1999 წლის 10 ოქტომბერს სისხლის სამართლის N….. საქმიდან გამოყოფილ საქმეზე თ. გ-ი ბრალდებულის სახით მიეცა პასუხისგებაში დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია), ….. რაიონის სოფ. ….. მცხოვრები ი. კ-ს საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე.
7. 1999 წლის 12 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინებით თ. გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 3 თვით პატიმრობა და იმავე დღეს გამომძიებლის დადგენილებით მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
8. 1999 წლის 12 ოქტომბრის დადგენილებით ბრალდებულ თ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე შეჩერდა წინასწარი გამოძიება მის მოძებნამდე.
9. 2015 წლის 27 აპრილს თ. გ-ი ბრალდებულის სახით მიეცა პასუხისგებაში დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია), ….. რაიონის სოფ. ….. მცხოვრები ი. კ-ს საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე და იმავე წლის 28 აპრილს საქმე საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად წარიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.
10. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით თ. გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
თ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა და საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე დადებული ყადაღა გაუქმდა.
11. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან ყიფიანმა, რომელმაც ითხოვა თ. გ-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია).
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეიმურაზ ჯალაღონიამ, რომელმაც ითხოვა თ. გ-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია).
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით პროკურორ თეიმურაზ ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განაჩენის მიხედვით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით), სასამართლომ არ გაიზიარა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტი, რომ კ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, თ. გ-თან ერთად გაქურდა დაზარალებულ ი. კ-ს საცხოვრებელი ბინა, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნ. ა-მ სისხლის სამართლის საქმე თ. გ-ს მიმართ, განაჩენის კანონიერების შემოწმების მიზნით, გადმოაგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განაჩენი თ. გ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის განაჩენში კ. გ-ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) მსჯავრდების ეპიზოდში (დაზარალებულ ი. კ-ს საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე) უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის განაჩენით კ. გ-ს მსჯავრი დაედო ქურდობაში, ე.ი. მოქალაქეთა პირადი ქონების ფარულ გატაცებაში, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაზარალებულ ო. კ-ს საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ეპიზოდი). მოცემულ ეპიზოდში სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3. 1994 წლის ნოემბერში კ. გ-ა დანაშაულებრივად დაუკავშირდა თანასოფლელ თ. გ-ს, რომლის ინიციატივით შეთანხმდნენ, რომ გაექურდათ ….. რაიონის სოფელ….. მცხოვრები ი. კ-ს საცხოვრებელი სახლი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, ღამის საათებში, კ. გ-მ თავისი საცხოვრებელი სახლიდან წამოიღო ბრტყელტუჩა და თ. გ-თან ერთად მივიდა ი. კ-ს საცხოვრებელ ბინასთან. მათ ისარგებლეს იმით, რომ ი. კ-ა არ იმყოფებოდა სახლში, ბრტყელტუჩას გამოყენებით მოხსნეს ფანჯრიდან მინა და შეაღწიეს შიგნით, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ შემდეგი დასახელების მატერიალურ ფასეულობას: თურქული წარმოების 2 ელექტროლეიბს, თითოეულს ღირებულს - 35 ლარად; ფოტოაპარატ „პოლაროიდს”, ღირებულს - 30 ლარად; ჯინსის ქურთუკს, ღირებულს - 50 ლარად; ყელსახვევს, ღირებულს - 12 ლარად; 12 და 15 ლარად ღირებულ - 2 სათამაშო თოჯინას; 1 წყვილ ბროლის ყანწს, ღირებულს - 30 ლარად, სულ - 219 ლარად ღირებულ ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 7 მარტის განაჩენით არ გაიზიარა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და თ. გ-ი უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ი. კ-ს საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე), შემდეგ გარემოებათა გამო: მხოლოდ მოწმე კ. გ-ს მიერ მიცემული ჩვენება, რომ ი. კ-ს საცხოვრებელი ბინის ქურდობა ჩაიდინეს მან და თ. გ-მ, საკმარისი არ იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარეს ამ ფაქტის დამადასტურებელი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარუდგენია; დაზარალებულ ი. კ-ს და სხვა მოწმეების ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენდნენ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებებია და მათი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს; შესაბამისად, ბრალდების მხარის დასკვნა, რომ ი. კ-ს საცხოვრებელი ბინის ქურდობა ჩაიდინა თ. გ-მ კ. გ-თან ერთად, წარმოადგენს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. გ-ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ და ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იყო საკმარისი მისი დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც თ. გ-ი უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
5. საკასაციო პალატამ შეაფასა ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო განაჩენებში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც ერთ შემთხვევაში საფუძვლად დაედო კ. გ-ს მსჯავრდებას, ხოლო მეორე შემთხვევაში თ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 7 მარტის განაჩენში სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ. გ-ს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დასაბუთებულად უარყო კ. გ-ს მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. გ-მ კ. გ-თან ერთად გაქურდა დაზარალებულ ი. კ-ს საცხოვრებელი ბინა, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. კ. გ-ს მსჯავრდების საქმეშიც წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, თავად მსჯავრდებულ კ. გ-ს აღიარებითი ჩვენება, რომ მან ი. კ-ს საცხოვრებელი ბინა გაქურდა თ. გ-თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კ. გ-მ და თ.გ-მ ჩაიდინეს მითითებული დანაშაული, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ ი. კ-სა და მოწმე რ. გ-ს ჩვენებებით დადგენილია შემდეგი: ი. კ-მ მისი ბინიდან მოპარული ელექტროლეიბი 1995 წლის თებერვალში შემთხვევით აღმოაჩინა რ. გ-ს საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნის დროს, რის შესახებაც რ. გ-მ განუმარტა, რომ ეს ლეიბი მას აჩუქა თ. გ-მ და შესთავაზა მისი დაბრუნება, თუმცა ი-მ უარი თქვა. მოგვიანებით დაზარალებული პირადად შეხვდა ჯერ თ. გ-ს, ხოლო შემდეგ - კ. გ-ს, რა დროსაც მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული. რამდენიმე ხანში თ. გ-მ ი. კ-ს დაუბრუნა მოპარული ნივთების ნაწილი, ხოლო კ. გ-ს მეუღლემ მისცა 30 ლარი. ზემოაღნიშნული ჩვენებებით დადგენილია, რომ არც ერთი მათგანი არ არის დანაშაულის თვითმხილველი და მათი ჩვენებები შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რის გამოც ისინი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებებად და საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) თანახმად, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ბრალდებასა და გამამტყუნებელ სასამართლო განაჩენს, თუ ბრალის აღიარება დამტკიცებული არ არის საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. იმავე კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 496-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ხოლო 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განაჩენი (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით) გამართლებულ თ. გ-ს მიმართ უნდა დარჩეს ძალაში, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ კ. გ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის (დაზარალებულ ი. კ-ს საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ეპიზოდი), ხოლო მისთვის საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია), სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (1960 წლის რედაქცია) და სსკ-ის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელები და ასევე საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის რედაქცია) საფუძველზე განსაზღვრული საბოლოო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 561-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის გამამართლებელი განაჩენი თ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის განაჩენი კ. გ-ს მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
3. კ. გ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) შერაცხული მსჯავრდებისათვის (დაზარალებულ ი. კ-ს საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ეპიზოდი).
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. კ. გ-ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლების თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი