Facebook Twitter

საქმე №622აპ-16 ქ. თბილისი

მ-ი შ., 622აპ-16 11 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. უ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით შ. მ-ი, - დაბადებული 19..წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 15 მაისის ეპიზოდი) -2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 19 მაისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

2. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 19 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 15 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ შ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.

4. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკი შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენით მსჯავრდებულ შ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 15 მაისს „შ. მ-ს“ (ს/კ …..) ხელმძღვანელმა ი/მეწარმე შ. მ-მ, ი/საწარმოს ერთობლივი შემოსავლისა და დასაბეგრი მოგების შემცირების მიზნით, პროდუქციის რეალიზაციის დროს დაამზადა და მოქალაქე თ. ა-ზე გაასაღა ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №ელ-….., სადაც რეალურად 96 ლარად გაყიდული პროდუქცია რეალიზებულად აჩვენა 24 ლარად, რითაც საბოლოოდ შეამცირა შემოსავალი და, შესაბამისად, დასაბეგრი მოგება.

7. 2015 წლის 19 მაისს „შ. მ-ს“ ხელმძღვანელმა ი/მეწარმე შ. მ-მ ი/საწარმოს ერთობლივი შემოსავლისა და დასაბეგრი მოგების შემცირების მიზნით, პროდუქციის რეალიზაციის დროს დაამზადა და მოქალაქე თ. ა-ზე გაასაღა ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №ელ-….., სადაც რეალურად 320 ლარად გაყიდული პროდუქცია რეალიზებულად აჩვენა 126 ლარად, რითაც საბოლოოდ შეამცირა შემოსავალი და, შესაბამისად, დასაბეგრი მოგება.

8. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

9. მსჯავრდებული შ. მ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. უ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ შ. მ-ს დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი, პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა შ. მ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების პოზიციას მსჯავრდებულ შ. მ-თვის დანიშნული სასჯელის სიმკაცრის შესახებ და მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

4. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაც სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ შ. მ-თვის სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა, დადგენილია, რომ შ. მ-ი ინდივიდუალური მეწარმეა, იგი არის იმპორტიორი (ანუ შემომტანი), რომელიც უცხოეთიდან შემოტანილ საქონელს ყიდის ბაზრობაზე, მას ხშირად და თითქმის ყოველ თვეს უხდებოდა საზღვარგარეთ გამგზავრება (მტკიცებულება სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ამოღებული დოკუმენტები საზღვრის გადაკვეთის თარიღების თაობაზე. .....).

5. ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი/მ „შ. მ-სა“ და სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ შორის 2016 წლის.....მაისს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება #.....და დაეკისრა დავალიანების თანხა - 22000 ლარი.

6. ი/მ „შ. მ-მ“ დაკისრებული დავალიანების თანხა - 22000 ლარის ოდენობით გადაიხადა 2016 წლის 16 მაისს.

7. საქართველოს მთავრობის 2016 წლის ..... აპრილის განკარგულება #....., საგადასახადო შეთანხმება #..... და 22000 ლარის გადახდის ქვითარი დაცვის მხარემ არ წარადგინა საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, არც სასამართლოში და არც ბრალდების მხარესთან, ვინაიდან, პირველ რიგში, შემოსავლების სამსახურს გადაეგზავნა 2016 წლის 27 პარილს, დაცვის მხარეს კი ხელზე გადაეცა 2016 წლის 3 მაისს, ხოლო სხვა დანარჩენი დოკუმენტები გაფორმდა თანმიმდევრობით, თარიღების მიხედვით, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლო პრაქტიკულად ვერ მიიღებდა მხედველობაში. დაცვის მხარემ აღნიშნული დოკუმენტები წარადგინა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, რაც დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.

8. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შ. მ-მ სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და გულწრფელად მოინანია, ხელი შეუწყო გამოძიების ორგანოებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში, ჰყავს მძიმედ ავადმყოფი მეუღლე, რომელსაც სჭირდება მუდმივი მოვლა-პატრონობა და აგრეთვე - დაქვრივებული შვილი, რომელზეც ზრუნვა ევალება მას, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე და სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი დიდი ოდენობით თანხის გამო გააჩნია ფულადი ვალდებულებები, როგორც უცხოელი პარტნიორების, ისე მეგობრებისა და ნათესავების მიმართ, რომლებიც მას დაეხმარნენ ამ თანხის გადახდაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მსჯავრდებულ შ. მ-თვის შეფარდებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის (პირობითი მსჯავრის) შეცვლა ჯარიმით, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ თავისი საქმიანობის გაგრძელება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ შ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. უ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. შ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 15 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2500 ლარი, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 19 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2500 ლარი.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ შ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5000 ლარი.

5. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი