საქმე №759აპ-16 ქ. თბილისი
თ-ი ნ., 759აპ-16 11 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის განაჩენით ნ. თ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 7 დეკემბრიდან.
2. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები: ნ. თ-ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამმართველოს; ნ. თ-ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სანადირო გლუვლულიანი თოფები, მისი ვაზნები და …..-ის მარკის №….. შაშხანა შესანახად უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამმართველოს ნ. თ-ს საკუთრების უფლების შენარჩუნებით; ნ. თ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება უნდა განადგურდეს; ნ. თ-ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 2 ცივი იარაღი - დანა, 1 ჯავშან ჟილეტი, LG-ის ფირმის მობილური ტელეფონი და 3 რაცია უნდა დაუბრუნდეს ნ. თ-ს ნდობით აღჭურვილ პირს.
3. განაჩენით მსჯავრდებულ ნ. თ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
4. 2015 წლის 7 დეკემბერს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს თბილისში, …..ქუჩა №…..-ში მდებარე ნ. თ-ს საცხოვრებელი ბინა, საიდანაც ამოიღეს ქარხნული წესით დამზადებული, 9მმ კალიბრიანი, ,,სტეჩკინისა“ და ,,…..“ კონსტრუქციის 1970 წლის ნიმუშის უხმო ავტომატური პისტოლეტი (მოდელი,,…..”), ქარხნული წესით დამზადებული, 5,45მმ კალიბრიანი ,,…..“, ,,…..“ და ,,…..“ კონსტრუქციის 1983 წლის ნიმუშის პისტოლეტი (მოდელი ,,…..”), ქარხნული წესით დამზადებული, 5,6მმ კალიბრიანი რევოლვერი (მოდელი ,,…..’’), რომლებიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კეტეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ასევე - ქარხნული წესით დამზადებული, 5,45მმ კალიბრიანი ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის 1983 წლის ნიმუშის ავტომატი (მოდელი,,AKС74У’’), რაც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ასევე - ქარხნული წესით დამზადებული, 5,45მმ (5,4x18) კალიბრიანი 6 ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული, 5,6მმ კალიბრიანი რგოლური აალების 8 ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის 5,45მმ კალიბრიანი 58 ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62მმ კალიბრიანი 1 ვაზნა, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად, ასევე ქარხნული წესით დამზადებული, ,,РГД-5’’ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით, რომელიც წარმოადგენდა ასაფეთქებელ მოწყობილობას და მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ასევე ქარხნული წესით დამზადებული, ელექტროდეტონატორი, რომელიც წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ქარხნული წესით დამზადებული, ჰექსოგენის შემცველი 1 პლასტიკური ნივთიერება, მასით 75,39 გრამი, რომელიც წარმოადგენს ფეთქებად ნივთიერებას და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
6. მსჯავრდებულ ნ. თ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. შ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და ნ. თ-ს გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მოუსმინა მხარეებს და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ნ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მსჯავრდებულ ნ. თ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა იმაში, რომ საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს თბილისში, ….. ქუჩა №…..-ში მდებარე ნ. თ-ს საცხოვრებელი ბინა, საიდანაც ამოიღეს ქარხნული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
3. მსჯავრდებულ ნ. თ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე არ გახადა სადავო.
4. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ნ. თ-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“; ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ - სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberia, Messegue, jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
7. საქმის მასალების მიხედვით, როგორც გამოძიებაში, ასევე წინასასამართლო სხდომასა და საქმის 1-ლი ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს ნ. თ-მ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ნ. თ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და, შესაბამისად, პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, კერძოდ: მოწმეების - ა. კ-ს, მ. თ-ს, რ. თ-ს, ბ. გ-ს, გ. ა-ს, გ. თ-ს ჩვენებებით, 2015 წლის 7 დეკემბრის საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 8 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის №….. დასკვნით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 8 დეკემბრის პიროტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის №….. დასკვნით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 8 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის №….. დასკვნით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის №….. დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 14 დეკემბრის №….., 2015 წლის 28 დეკემბრის №….., 2015 წლის 29 დეკემბრის №….. წერილებით.
8. პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეზე პროცესის წარმოებისას არსებითად დაირღვა ის იმპერატიული მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, კასატორი სადავოდ ხდის ნ. თ-ს პირადი ჩხრეკის ოქმის, ასევე საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკის ოქმის კანონიერებას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება სასამართლოს არ შეუმოწმებია კანონით დადგენილი წესით, აღნიშნული მტკიცებულებები არ შეიძლება შეფასდეს, როგორც სანდო და საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე (საქმე#609აპ-15).
9. საქართველოს სსსკ-ის 112-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით... თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს: აღნიშნული გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები - ჩხრეკა და ამოღება გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების შემდეგ საჭიროებს სასამართლოს მხრიდან დაკანონებას, თუნდაც ბინისა თუ სხვა კერძო მფლობელობაში მისი მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელის თანხმობის შემთხვევაში პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ამ საპროცესო მოთხოვნებს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 120-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილები.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ საქმეში განსხვავებული იყო ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში საერთოდ არ იყო წარმოდგენილი გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ დადგენილება და დაცვის მხარემ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის კანონიერება სადავოდ გახადა როგორც გამოძიების, ისე წინასასამართლო და საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე, მაშინ, როდესაც, როგორც აღვნიშნეთ, ნ. თ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში დაცვის მხარემ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის კანონიერება სადავოდ არ გახადა არც გამოძიების, არც წინასასამართლო და არც სასამართლო განხილვის ეტაპებზე. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის ჩხრეკის ოქმსა და ოქმის მიხედვით ამოღებულ ნივთმტკიცებებს, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და სხვა მტკიცებულებებთან ერთად გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნენ მტკიცებულებებად. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მსჯავრდებულმა ნ. თ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
12. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი