Facebook Twitter

საქმე №208აგ-16 თბილისი

ტ-ე ლ., 208აგ-16 5 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ტ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის განაჩენით ლ. ტ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება - „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) მოხმარებისთვის) და განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის პირველი ივლისის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 წლით, 8 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. ლ. ტ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 16 მაისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. 2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობებით მიმართეს მსჯავრდებულმა ლ. ტ-მ და მისმა ადვოკატმა თ. მ-მ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულ ლ. ტ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ტ-სა და მისი ადვოკატის - თ. მ-ს შუამდგომლობები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ტ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა იმავე საფუძვლით, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

4. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის განაჩენით ლ. ტ-ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალება - „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) მოხმარების გამო, რისთვისაც ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს ჯარიმა - 1000 ლარი, ხოლო ამავე განაჩენში მითითებული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - არის მისთვის წინა, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის პირველი ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ის ნაწილი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე და 59-ე მუხლების მე-5 ნაწილების საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით დაემატა ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს (ჯარიმას), რაც, ცხადია, არ გულისხმობს იმას, რომ ლ. ტ-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებისთვის.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება ვერ გავრცელდება მსჯავრდებულ ლ. ტ-ს მიმართ, ვინაიდან იგი ეხება ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების დაუშვებლობას, ხოლო ლ. ტ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის განესაზღვრა ჯარიმა და არა - თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, არ არსებობს მსჯავრდებულ ლ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის - თ.მ-ს შუამდგომლობების დასაშვებად ცნობის საფუძველი.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ლ. ტ-სა და მისი ადვოკატის - თ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ტ-სა და მისი ადვოკატის - თ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი