საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-974-1275-07 5 მარტი,2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ. ჩ-შვილი (მოპასუხე)
წარმომადგენელი – ე. ბ-უზი
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. შ-ლია, მ. ჭ-ძის სამკვიდროს მმართველი ნ. ქ-აძე
(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 30 იანვარს ნ. შ-ლიამ და მ. ჭ-ძის სამკვიდროს მმართველმა ნ. ქ-აძემ სარჩელი აღძრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში გ. და თ. ჩ-ების მიმართ საზიარო უფლების გაუქმებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. კერძოდ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად, მათსა და მოპასუხეს – გ. ჩ-ს შორის საზიარო უფლების გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი, მე-3 ჩიხი, ¹7; მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მათი კუთვნილი ქონებიდან თ. ჩ-შვილის გამოსახლება მასთან მყოფ პირებთან ერთად.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 13 დეკემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გიორგი და თ. ჩ-შვილებმა შეიტანეს საჩივარი. ამავე სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა საჩივარი, გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
2005 წლის 20 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები. სასამართლომ მათი გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია და მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ნ. შ-ლიას და მ. ჭ-ძის სამკვიდროს მმართველის – ნ. ქ-აძის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, გაუქმდა მოსარჩელეების და გ. ჩ-ის საზიარო უფლება ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... გზატკეცილის მე-3 ჩიხში და მოსარჩელეებს ნატურით გამოეყოთ საკადასტრო რუქის მიხედვით შენობა-ნაგებობები ¹1 2 ქს დანგრეული შენობით, შენობა ¹3, საპირფარეშო ¹5 და მიწის ნაკვეთი 810 კვ.მ ქუჩაზე ნაჩვენები მწვანე ზოლის ფარგლებში და თ. ჩ-შვილი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა მოპასუხეთა წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თბილისში, ... გზატკეცილი მე-3 ჩიხი ¹7-ში.
სასამართლოს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს გიორგი და თ. ჩ-შვილებმა.
2007 წლის 13 თებერვლის განჩინებით გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
2007 წლის 13 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში მთავარ სხდომაზე აპელანტის, თ. ჩ-შვილის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2007 წლის 4 აპრილს, თ. ჩ-შვილის წარმომადგენელმა ე. ბ-უზმა საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით თ. ჩ-შვილის წარმომადგენლის ე. ბ-უზის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის განმარტებას იმის გამო, რომ არ ჩაბარდა უწყება სხდომის დღის შესახებ. საქმის მასალებში წარმოდგენილ შეტყობინებაზე საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ, რომლითაც აპელანტს ეცნობა სააპელაციო სასამართლოში 2007 წლის 13 თებერვალს 10.30 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, ხელმოწერა „ჩ-ი“, შესრულებულია გრაფაში – „პირადად“, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოსათვის უწყების აპელანტისათვის – თ. ჩ-შვილისათვის ჩაბარების ფაქტი, დადასტურებულია. სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებას, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ აყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-შვილის წარმომადგენელმა ე. ბ-უზმა.
კასატორის აზრით, მიღებული გადაწყვეტილებისას სასამართლომ არა მარტო არ გამოიყენა ის კანონები, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა, არამედ ის რაც გამოიყენა უხეშად იყო დარღვეული უფლებები და ინტერესები, რომლებიც აუცილებლად იქნება დადასტურებული და აღდგენილი, რადგან ამ შემთხვევებში მათი მოთხოვნები კანონიერია და გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
კასატორის წარმომადგენლის განცხადებით მხარისათვის ცნობილი არ იყო სხდომის დღის შესახებ, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მიეღო გადაწყვეტილება მხარის მონაწილეობის გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნა წ ი ლ ი :
პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უნდა გამოეტანა განჩინება, რადგან სასამართლომ საქმე არსებითად გადაწყვიტა მაშინ როდესაც თ. ჩ-ის წინააღმდეგ გამოიტანა 2007 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა, მას უნდა გამოეტანა განჩინება; ამასთან მითითებული განჩინებით საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, არამედ უცვლელად იქნა დატოვებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ აზრსაც, რომ სასამართლოს აღნიშნული განჩინება უკანონოა, რადგან იგი მიღებულია მხარის მონაწილეობის გარეშე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს ასეთი უფლებამოსილება გააჩნია.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თამარ ჩოხმახიშვილის სარჩელის და სააპელაციო საჩივრის განხილვისას გამოტანილია არაერთი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არაერთხელ გადადებულია სასამართლო სხდომა. აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარე საქმის გაჭიანურების მიზნით შეგნებულად თავს არიდებს სხდომაზე გამოუცხადებლობას. ეს თავისთავად ერთ-ერთი არგუმენტია იმისა, რომ მისი გამოუცხადებლობა არ იქნეს მიჩნეული საპატიო მიზეზად.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებით და მოკლებულია შესაძლებლობას თვითონ დაადგინოს ასეთი ფაქტები თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლისა.
პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ჩ-ის წარმომადგენლის ე. ბ-უზის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.