საქმე №206აგ-16 თბილისი
ხ-ე დ., 206აგ-16 5 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და დ. ხ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. ხ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 11-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. დ. ხ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 8 აპრილიდან იმავე წლის 11 აპრილის ჩათვლით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის განაჩენით დ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებისა და „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) მოხმარებისთვის) და განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი. დ. ხ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. 2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ხ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ხ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
4. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის განაჩენით დ. ხ-ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ: ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებისა და „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) მოხმარების გამო, რისთვისაც ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს ჯარიმა - 2000 ლარი, ხოლო ამავე განაჩენში მითითებული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - არის მისთვის წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მაისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 11-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ის ნაწილი, რომელიც ამავე კოდექსის 67-ე და 59-ე მუხლების მე-5 ნაწილების საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით დაემატა ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს (ჯარიმას), რაც, ცხადია, არ გულისხმობს იმას, რომ დ. ხ-ს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებისთვის.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება ვერ გავრცელდება მსჯავრდებულ დ. ხ-ს მიმართ, ვინაიდან იგი ეხება მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების დაუშვებლობას, ხოლო დ. ხ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის განესაზღვრა ჯარიმა და არა - თავისუფლების აღკვეთა; ამასთან, ამავე მუხლით მას მსჯავრი დაედო როგორც „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“), ასევე ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო. ამდენად, არ არსებობს მსჯავრდებულ დ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მისივე შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ დ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი