საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №20აპ-17 ქ. თბილისი
გ-ი ს., 20აპ-17 19 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ს. გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 27 ივნისიდან.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ს. გ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ს. გ-მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,4599 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისი“, საიდანაც ნაწილს - 0.0774 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „კანაფის ფისს“ უკანონოდ ინახავდა საკუთარ ავტომანქანაში (სახ.#.....), ხოლო ნაწილს - 0,3825 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „კანაფის ფისს“ უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისში, ….. ქუჩა №…..-ში. ს. გ-მ ასევე უკანონოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ სახლში შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4,273448 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“. 2016 წლის 27 ივნისს საქართველოს შსს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ….. ქუჩა №…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩაატარეს ს. გ-ს საკუთრებაში მყოფი ავტომანქანის (სახ.#.....) ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს 0.0774 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისი“, ხოლო იმავე დღეს თბილისში, ….. ქუჩა №…..-ში მდებარე ს. გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნაწილი - 0.3825 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისი“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4.273448 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზემდგომმა სასამართლომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ს. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ს. გ-ს მიმართ უცვლელად დატოვა.
3.1. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
მსჯავრდებულ ს. გ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ თავის განაჩენში აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება. მსჯავრდებულ ს. გ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის ზედმეტად მკაცრი. რაიმე ახალი გარემოება, რაც სასჯელის შემსუბუქების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, წარმოდგენილი არ ყოფილა.
4. კასატორის მოთხოვნა:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ ს. გ-ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და ნარკოტიკული ნივთიერება პირადი მოხმარებისათვის უნდოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით, რადგან:
1.2. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მსჯავრდებულ ს. გ-თვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება მატერიალური სისხლის სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცია, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც სასამართლომ უნდა დაიცვას მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს.
1.3. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ს. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ შერჩეული სასჯელის სახესა და ზომას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ პირობებში ასეთი სასჯელის დანიშვნა არ განსხვავდება მსგავს საქმეებზე სასჯელის გამოყენების დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკისგან (მაგალითისთვის იხ.93აპ-15, 99აპ-12).
1.4. ამავე დროს, მოცემული საქმის შესწავლით არ დგინდება, რომ ამ საქმის განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ დაუშვა რაიმე სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
1.5. ასევე არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, ასეთი საქმეების თაობაზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
2. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი