გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-1024-609(კ-05) 18 იანვარი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 30 ნოემბერს ჰ. ჰ-მა და ჰ. ფ-მა სარჩელით მიმართეს მარნეულის რაიონულ სასამართლოს მარნეულის რაიონის გამგეობისა და მ. ა-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მარნეულის რაიონის გამგეობის 2004წ. 9 ივნისის ¹6/20 დადგენილების საფუძველზე სოფ. ...ში მდებარე მსხვილფეხა რქოსანი საქონლისათვის განკუთვნილი 1,5 ჰა საძოვარი 10 წლის ვადით იჯარით გადაეცა ამავე სოფ.ში მცხოვრებ მ. ა-ს, რითაც შეილახა სოფლის მცხოვრებთა უფლებები. მოსარჩელეთა განცხადებით, მ. ა-მა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთს შემოავლო ღობე და სოფლის მოსახლეობას საშუალებას არ აძლევს საძოვარზე გაუშვას მსხვილფეხა საქონელი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მარნეულის რაიონის გამგეობის 2004წ. 9 ივნისის ¹6/20 დადგენილების გაუქმება და მ. ა-ის მიერ იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთიდანღობის მოხსნა.
სარჩელი არ ცნო მარნეულის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მათ მ. ა-ს გამოუყვეს მარნეულის რაიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწის გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რის გამოც მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა მოხდა კანონიერად და არ არსებობს გასაჩივრებული დადგენილების გაუქმების საფუძველი. სარჩელი ასევე არ ცნო მ. ა-მა, რომელმაც განმარტა, რომ მისთვის მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემით არ დარღვეულა სოფლის მოსახლეობის უფლებები.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 27 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჰ. ჰ-მა და ჰ. ფ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად რაიონულ სასამართლოში დაბრუნება მოითხოვეს.
აპელანტებმა მიუთითეს, რომ მარნეულის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიწის იჯარით გამცემ კომისიას უფლება არ ჰქონდა 2004წ. 20 იანვარს სხდომაზე განეხილა სადავო მიწის იჯარით გაცემის საკითხი, ვინაიდან სადავო მიწა თავისი დანიშნულებით არის სათიბი, წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და მის იჯარით გაცემაზე შეეძლო ემსჯელა მხოლოდ მარნეულის რაიონის გამგეობასთან არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემ კომისიას.
აპელანტების განმარტებით, კომისიამ ისე განიხილა საკითხი არასასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გადაცემის შესახებ, რომ მასზე არ გამოუცხადებია კონკურსი, ამის თაობაზე ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია რესპუბლიკურ და ადგილობრივ პრესაში და მხოლოდ მ. ა-ის განცხადების საფუძველზე იმსჯელა იჯარით გადაცემის საკითხზე, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. აპელანტებმა აღნიშნეს, რომ კომისია და მარნეულის რაიონის გამგეობა უფლებამოსილია, მხოლოდ თავისუფალ მიწაზე გამოაცხადოს კონკურსი, მაშინ, როცა საქმეში არ მოიპოვება რეესტრის ამონაწერის ასლი იმის შესახებ, იჯარით გაცემამდე ვის ეკუთვნოდა სადავო მიწა.
აპელანტებმა მიიჩნიეს, რომ მუდმივმოქმედი კომისია და მარნეულის რაიონის გამგეობა ვალდებული იყო, სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის წარმოებაში მოეწვია სოფ. ...ის მოსახლეობა, რომლის ინტერესებსაც ეხება სადავო ადმინისტრაციული აქტი. გარდა ამისა, მარნეულის რაიონის სასამართლო ვალდებული იყო, საქმეში ჩაერთო სოფ. ...ის მოსახლეობა და ასევე, მარნეულის რაიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მარნეულის რაიონის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. ა-ისათვის იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთი, რამდენადაც იგი სათიბია, არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებას «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ”, რომლის პირველი მუხლის «ა” პუნქტის თანახმად: «სასოფლო-სამეურნეო იჯარის ობიექტებია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწები, გაკულტურებული და ბუნებრივი სათიბი და საძოვარი)”.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეს. სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებული სადავო აქტით მოსარჩელეებს ზიანი არ მისდგომიათ, რის გამოც მათი სარჩელი დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტები ითხოვენ მარნეულის რაიონის გამგეობის 2004წ. 9 ივნისის ¹6/20 დადგენილების გაუქმებას, მაგრამ სადავოდ არ ხდიან აღნიშნული დადგენილების საფუძველზე მარნეულის რაიონის გამგეობასა და მ. ა-ს შორის სადავო მიწის თაობაზე დადებულ იჯარის ხელშეკრულებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჰ. ჰ-მა და ჰ. ფ-მა, რომლებმაც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მარნეულის რაიონის გამგეობის 2004წ. 9 ივნისის ¹6/20 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ჰ. ჰ-ისა და ჰ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივნისის განჩინება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, სასამართლოს მიერ კი დადგენილია შემდეგი:
შულავრის საკრებულოს სოფ. ...ში მცხოვრებმა მ. ა-მა განცხადებით მიმართა მარნეულის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიას და მოითხოვა მისთვის მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა. კომისიის 2004წ. 20 იანვრის ¹2/3 ოქმით დაკმაყოფილდა მ. ა-ის განცხადება და მას სოფ. ...ის ტერიტორიიდან 10 წლის ვადით იჯარით გადაეცა ყოფილი ავტოფარეხის გვერდით მდებარე 1,5 ჰა საძოვარი.
მარნეულის რაიონის გამგეობის 2004წ. 9 ივნისის ¹6/20 დადგენილებით დამტკიცდა მარნეულის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2004წ. 20 იანვრის ¹2/3 სხდომის ოქმი მ. ა-ისათვის 10 წლის ვადით 1,5 ჰა მიწის ნაკვეთის (საძოვრის) იჯარით გადაცემის თაობაზე.
2004წ. 16 ივნისს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება მ. ა-სა და მარნეულის რაიონის გამგეობას შორის, რომელიც საჯარო რეესტრში გატარდა 2004წ. 23 ივნისს.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ მარნეულის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი _ 2004წ. 9 ივნისის ¹6/20 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (საძოვარი) წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების პირველი მუხლის «ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო იჯარის ობიექტებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწები, გაკულტურებული და ბუნებრივი სათიბი და საძოვარი). მარნეულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2004წ. 16 ივნისს შედგენილი იჯარის ობიექტების აღწერილობის ოქმით დასტურდება, რომ მ. ა-ისათვის იჯარით გადაცემული 1,5 ჰა მიწის ნაკვეთიდან 0,50 ჰა წარმოადგენს მწირი ხარისხის მიწას, ხოლო 1,00 ჰა ბუნებრივი საძოვარია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გასაჩივრებული დადგენილების კანონიერების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც: «იმ შემთხვევაში, თუ მიწის იჯარით აღებას თხოულობს მხოლოდ ერთი პირი, მასზე მიწა იჯარით გაიცემა უკონკურსოდ, ყველა სხვა შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიწა იჯარით გადაეცემათ მხოლოდ კონკურსის წესით”. მითითებული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემისას, როგორც წესი, უნდა გამოცხადდეს კონკურსი. ფიზიკურ პირს პირდაპირ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაეცეს მიწა, თუ მიწის იჯარით მიღების სხვა მსურველი არ არის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სადავო მიწის ნაკვეთზე კონკურსი არ გამოცხადებულა და მარნეულის რაიონის გამეობას არ გაურკვევია, მ. ა-ის გარდა სოფ.ში მცხოვრებ სხვა პირებსაც ხომ არ სურდათ მითითებული მიწის ნაკვეთის იჯარით აღება. აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებობს ჰ. ჰ-ისა და ჰ. ფ-ის განცხადება, რომლითაც ისინი თანხმობას აცხადებდნენ სადავო მიწის ნაკვეთის სოფლისათვის დაბრუნების შემთხვევაში სოფლის მოსახლეობასთან ერთად გადაიხადონ კანონით დადგენილი თანხა.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მ. ა-ისათვის იჯარით გადაცემის დროს მოსარჩელეებს არ მიყენებიათ პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან იჯარით გაცემამდე სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვარს, რომლითაც სარგებლობდა სოფლის მოსახლეობა, ამიტომ ამ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემით შეილახა ნაკვეთით მოსარგებლე პირთა უფლებები. მათ წაერთვათ შესაძლებლობა სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყენებინათ თავიანთი მსხვილფეხა პირუტყვის საძოვრად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – მარნეულის რაიონის გამგეობის 2004წ. 9 ივნისის ¹6/20 დადგენილების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ თავით დადგენილი წესით (იგულისხმება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება) შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს. ამავე კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ. გარდა ზემოაღნიშნულისა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: «ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში”. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, «თუ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რაოდენობა 50-ს აღემატება, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, თითოეული მათგანის ინფორმირების ნაცვლად ოფიციალურად გამოაქვეყნოს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვარს, რომლის იჯარით გაცემით სოფლის მოსახლეობას ერთმეოდა ამ ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა და შესაბამისად, უარესდებოდა მათი სამართლებრივი მდგომარეობა, ამიტომ მარნეულის რაიონის გამგეობა ვალდებული იყო ეცნობებინა სოფლის მოსახლეობისათვის ან გამოექვეყნებინა ცნობა მ. ა-ის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე და სოფლის მოსახლეობისათვის მიეცა საშუალება საკუთარი აზრი გამოეთქვა და მონაწილეობა მიეღო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მარნეულის რაიონის გამგეობის 2004წ. 9 ივნისის ¹6/20 დადგენილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 257-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჰ. ჰ-ისა და ჰ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჰ. ჰ-ისა და ჰ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონის გამგეობის 2004წ. 9 ივნისის ¹6/20 დადგენილება;
4. მოპასუხე მარნეულის რაიონის გამგეობას დაევალოს სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.