საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №16აპ-17 ქ. თბილისი
ო-ა შ., 16აპ-17 19 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს განაჩენით შ. ო-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ჯ. ა-ს კუთვნილი ავტომანქანის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ლ. ქ-ს კუთვნილი ავტომანქანის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ა. ხ-ს კუთვნილი ავტომანქანის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ლ. გ-ს კუთვნილი ავტომანქანის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ო. ბ-ს კუთვნილი ავტომანქანის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ფ. ბ-ს კუთვნილი ავტომანქანის მოტყუებით დაუფლების ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სასჯელმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ, როგორც თანაბარმა სასჯელმა, შთანთქა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელები და შ. ო-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 7 აგვისტოდან.მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 1 მაისიდან იმავე წლის 8 მაისის ჩათვლით.
შ. ო-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 მაისის განჩინებით დაყადაღებულ გ. მ-ს (პირადი #.....), ხ. მ-ს (პირადი №…..), ნ. მ-სა (პირადი №…..) და გ. მ-ს (პირადი №…..) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით №…..), მდებარეს ….. რაიონის სოფელ ….., 10000 ლარის ღირებულების წილს.
შ. ო-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის სექტემბრის დასაწყისში შ. ო-ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ჯ. ა-ს კუთვნილ „VOLKSWAGEN GOLF-3“ მარკის ავტომობილს, სახ.#....., ღირებულს 1200 ლარად და ავტომანქანის ღირებულებიდან 900 ლარი მიისაკუთრა მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
2014 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, შ. ო-ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ლ. ქ-ს კუთვნილ, 1400 ლარად ღირებულ, დაზიანებულ „MERCEDES-BENZ-ის“ მარკის ავტომობილს, სახ.#....., რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
2015 წლის 2 იანვარს შ. ო-ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ა. ხ-ს კუთვნილ, 1800 ლარად ღირებულ, დაზიანებულ „MERCEDES-BENZ-ის“ მარკის ავტომობილს, სახ.#....., რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
2014 წლის იანვარში შ. ო-ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ლ. გ-ს კუთვნილ, 1200 ლარად ღირებულ, დაზიანებულ „OPEL ASTRA-ს“ მარკის ავტომობილს, სახ.#....., რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2015 წლის იანვრის შუა რიცხვებში შ. ო-ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ო. ბ-ს კუთვნილ, 1700 ლარად ღირებულ, დაზიანებულ „OPELASTRA-ს“ მარკის ავტომობილს, სახ.#....., რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2015 წლის იანვრის შუა რიცხვებში შ. ო-ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ფ. ბ-ს კუთვნილ, 2500 ლარად ღირებულ „FORD TRANSIT-ის“ მარკის მიკროავტობუსს, სახ.#....., რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ. ო-მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ არც ერთ ეპიზოდში მას დანაშაული არ ჩაუდენია, მასა და ე.წ დაზარალებულებთან დამყარდა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა და მისი ქმედებები არ გასცილებია კანონით დაწესებული, თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის ჩარჩოებს.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზემდგომმა სასამართლომ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს განაჩენი შ. ო-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების - ფ. ბ-ს, ლ. გ-ს, ა. ხ-ს, ო. ბ-ს, ლ. ქ-ს, ჯ. ა-ს ჩვენებებით, მოწმეების - გ. უ-ს, ბ. ა-ს, შ. ნ-ს, ლ. ხ-ს, მ. ბ-ს, რ. ლ-ს, შ. ბ-ს, ბ. ა-ს, გ. ა-ს, ვ. კ-ს ჩვენებებით, 2015 წლის 9 ივნისის დათვალიერების ოქმით, ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის ბარათებით უტყუარად დადასტურებულია შ. ო-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
5. სააპელაციო პალატამ საჩივარში მითითებულ საპროცესო ნორმების დარღვევებთან დაკავშირებით, თავის დასკვნებს საფუძვლად დაუდო შემდეგი მოტივები:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც საეჭვოს გახდიდა მსჯავრდებულის მიმართ შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ მას არანაირი თაღლითობა არ ჩაუდენია და რომ დაზარალებულებთან ჰქონდა მხოლოდ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები და მიიჩნევს, რომ იგი მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.
პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეულ პირდაპირ მტკიცებულებათა საერთო ჯაჭვი უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულის ბრალეულობას. დაზარალებულებმა, რომლებიც გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი, თავად გადასცეს შ. ო-ს საკუთარი ქონება, რადგან მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც მათ შეცდომა ჩაადენინა. შ. ო-მ თაღლითობა აქტიური მოტყუებით ჩაიდინა, იგი არ უმხელდა დაზარალებულებს თავის ეკონომიკურ მდგომარეობას და ცრუ მონაცემებს აწვდიდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, თანაც მეტი ნდობის მოსაპოვებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავდა. ასეთ ვითარებაში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის ჩამოყალიბდა პირადი ნდობა, რაც ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნული იყო იმისთვის, რომ შ. ო-ს დაზარალებულებისათვის ქონებრივი ზიანი მიეყენებინა. ამავე დროს, ის ყოველთვის მოქმედებდა ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობდა დაზარალებულების ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. ყოველი ახალი ქმედების ჩადენისას ზუსტად იცოდა, რომ ამა თუ იმ დაზარალებულის ქონება, განსახილველ შემთხვევაში ავტომანქანები, სჭირდებოდა მხოლოდ საკუთარი სარგებლის მისაღებად, მაშინ, როცა არც ერთ წინათ ნაკისრ ვალდებულებაზე რეაგირება არ მოუხდენია და არც აპირებდა ვალის გადახდას.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ო-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა-მ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ შ. ო-ს გამართლებას.
7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა შ. ო-ს მიერ ჩადენილი ქმედება, როდესაც დააკვალიფიცირა როგორც თაღლითობა.
კასატორი საჩივარში თავის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლად უდებს იმავე მოტივებს, რაზეც წინათ მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში და რომელთა საფუძველზეც ის ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ შ. ო-ს გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ ის დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. ამდენად, საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში, დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
1.3 გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, კასატორი - დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.
1.4 ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისა ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისა ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (#472აპ-10).
2. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ შ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი