¹ას-977-1177-08 5 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ა. ქ-ძე, წარმომადგენელი გ. ქ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ა. ბ-ძე, წარმომადგენელი მ. ქ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 13 იანვარს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ქ-ძემ მოპასუხეების _ ა. და ი. ბ-ძეების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ მისთვის სამანქანე გზით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა და ეზომდე მისასვლელი სამანქანე გზისა და ჭიშკრის აღდგენა.
მ. ქ-ძე მიუთითებდა, რომ 1987 წლიდან მის სახლს გააჩნდა მისასვლელი სამანქანე გზა, რომლითაც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად სარგებლობდა. აღნიშნული გზა მესამე თვეა მოპასუხემ თვითნებურად გადაკეტა და სარგებლობის საშუალებას არ აძლევდა.
სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 177-ე, 180-ე მუხლებზე დაყრდნობით მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ საცხოვრებელი სახლისათვის აუცილებელი, საჯარო გზასთან დამაკავშირებელი სამანქანე გზა აღედგინათ (ტომი I, ს.ფ. 1-4).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით არასათანადო მოსარჩელე მ. ქ-ძე შეიცვალა სათანადო მოსარჩელე ა. ქ-ძით, გარდა ამისა, დადგინდა ი. ბ-ძის მოპასუხეთა სიიდან ამორიცხვა (ტომი I, ს.ფ. 50-51).
ა. ქ-ძემ დაზუსტებულ სარჩელში განმარტა, რომ 1966-1971 წლებში შუახევის რაიონიდან ჩასახლდა დაბა ჩაქვში, ... ქ. ¹10-ში და დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. 1977 წლიდან მისი ოჯახი სარგებლობს საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი ერთადერთი სამანქანე გზით, რომელიც უკანონოდ მიითვისა მოპასუხის ოჯახმა. აღნიშნული გზა არ წარმოადგენს ა. ბ-ძის საკუთრებას, რადგან მას კანონიერად ერიცხება 1500კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 300კვ.მ მიწის ნაკვეთი (საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი სადავო გზა) სრულიად უკანონოდ აქვს მითვისებული (ტომი I, ს.ფ. 53-55).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ბ-ძეს დაევალა ა. ქ-ძის საცხოვრებელი სახლისათვის აუცილებელი, საჯარო გზასთან დამაკავშირებელი სამანქანე მისასვლელი გზის აღდგენა და აღნიშნულ გზაზე არსებული გზის გადამღობი ჭიშკრის მოშლა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, ქობულეთის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1975 წლის 6 თებერვლის ¹40 გადაწყვეტილებით ირკვეოდა, რომ ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალში შუახევის რაიონიდან ჩასახლდა 12 ოჯახი, მათ შორის, ა. ბ-ძე და ა. ქ-ძე, რომლებიც დასახლდნენ მეზობლად. ა. ქ-ძე მუდმივად დასახლდა დაბა ჩაქვში, ... ქ. ¹10-ში, მიეზომა 0.15ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, სადაც ააგო ქვის კაპიტალური საცხოვრებელი სახლი და აღადგინა სახლთან მისასვლელი ერთადერთი სამანქანე გზა (სადავო გზა). ის გარემოება, რომ მას სხვა ალტერნატიული გზა არ გააჩნდა, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გზა არ წარმოადგენდა ა. ბ-ძის საკუთრებას, რამდენადაც საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ა. ბ-ძეს კანონით ერიცხებოდა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო საქმეში არსებული აზომვითი ნახაზის მიხედვით თვითნებურად მითვისებული ჰქონდა 300კვ.მ მიწის ნაკვეთი. ქობულეთის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1975 წლის 6 თებერვლის ¹40 გადაწყვეტილებით ჩაქვის ფილიალში ჩასახლებულ ოჯახებს, მათ შორის, მოდავე მხარეებს მიეზომათ 1500კვ.მ მიწის ნაკვეთი, რა დროსაც არსებობდა სადავო გზა და არ მომხდარა აღნიშნული გზის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სტატუსით მოდავე მხარეებზე გამოყოფა (ტომი I, ს.ფ. 112-114).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 117-122).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის 2008 წლის 25 ივნისის დასკვნის შესაბამისად დადგინდა შემდეგი: სადავო გზის მონაკვეთი შედის ა. ბ-ძის საკუთრებაში; არსებობს ა. ქ-ძის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი ალტერნატიული გზა, რომელიც ა. ქ-ძის მიწის ნაკვეთს დააკავშირებს საჯარო გზასთან; ალტერნატიული გზა თავისი ფიზიკური და გეოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით უკეთ მოსახერხებელი იქნება ა. ქ-ძის ნაკვეთთან დასაკავშირებლად; ა. ბ-ძის ნაკვეთში მოწყობილი პირდაპირი საავტომობილო გზა ვერ დააკმაყოფილებს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს. სადავო გზა, რომ მოეწყოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით, საჭირო შეიქმნება სერპანტინის მოწყობა, რაზეც უნდა დამუშავდეს შესაბამისი პროექტი. სერპანტინის გაბარიტებიდან გამომდინარე, ის დაიკავებს ა. ბ-ძის ნაკვეთის სამხრეთი მხარის უმეტეს ნაწილს, რომელზეც შეინიშნება მოწყვეტის ნაპრალები, შესაბამისად, საჭირო იქნება ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა. ალტერნატიულ საავტომობილო გზას ასეთი ქანობები არ გააჩნია, ვინაიდან იქ მოწყობილია სერპანტინები. აღნიშნული გზა რიგი სამუშაოების (პროფილის გასწორება, რიგ ადგილებში მოხრეშვა, მოსახვევებში მცირე ბეტონის გამაგრებების მოწყობა) ჩატარების შემდეგ ვარგისი იქნება ა. ქ-ძის მიწის ნაკვეთამდე მისასვლელად (ტომი II, ს.ფ. 195-198; 202-206).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო გზა, რომელზეც მხარეები დაობდნენ, სამანქანე გზას წარმოადგენდა, რამდენადაც აღნიშნული დასკვნა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეფუძნებოდა. საქმეში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შესრულებულ საკადასტრო გეგმაზე, რომელზეც იქ არსებული ყველა სამანქანე გზა იყო დატანებული, სადავო გზის მონაკვეთი, როგორც გზა, არ იყო ასახული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის 2008 წლის 25 ივნისის დასკვნაზე, რომლის თანახმად: ა. ბ-ძის ნაკვეთში მოწყობილი საავტომობილო გზა ვერ აკმაყოფილებს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს; სადავო გზა რომ მოეწყოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით (ანუ სამანქანე გზად რომ იქცეს) საჭირო შეიქმნება სერპანტინების მოწყობა, რაზედაც უნდა დამუშავდეს შესაბამისი პროექტი; სერპანტინის გაბარიტებიდან გამომდინარე კი ის დაიკავებს ა. ბ-ძის ნაკვეთის სამხრეთი მხარის უმეტეს ნაწილს, რომლებზედაც შეინიშნება მოწყვეტის ნაპრალები, რის გამოც, შესაბამისად, საჭირო იქნება ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილება (სამანქანე გზის აღდგენა) მიზანშეუწონლად მიიჩნია, რადგან, როგორც საქმიდან ირკვეოდა, გზის აღდგენა უკვე მომხდარი და მოსალოდნელი ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგებიდან გამომდინარე საფრთხის შემცველი იყო ა. ბ-ძისათვის.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით დადგენილად ჩათვალა ისიც, რომ სადავო გზის მონაკვეთი ა. ბ-ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
იმის მიუხედავად, რომ ა. ქ-ძემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ¹91 გადაწყვეტილება ა. ბ-ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების ¹2431 მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ მიუთითა არსებულ საჯარო რეესტრის ჩანაწერზე, რომელიც არ გაუქმებულა და რომლის თანახმადაც სადავო გზა ა. ბ-ძის საკუთრებაში შემავალი მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა. ქ-ძის წარმომადგენელი სადავო გზის დაზიანებულ მდგომარეობაში არსებობის ფაქტს სადავოდ არ ხდიდა. ამასთან, ა. ქ-ძის მხოლოდ სიტყვიერი განმარტება, რომ სადავო გზა გამოსაყენებლად უვარგისი სწორედ ა. ბ-ძის მოქმედებათა გამო გახდა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად ცნობისათვის არასაკმარისი იყო.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია იმ ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებითაც, რომ სამანქანე გზის მოწყობა სადავო გზის მონაკვეთში სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით ა. ბ-ძის ნაკვეთის სამხრეთ მხარის უმეტეს ნაწილს დაიკავებდა, რომელზედაც მოწყვეტის ნაპრალები შეინიშნებოდა და, შესაბამისად, სერპანტინების მოწყობა იქნებოდა საჭირო, რომელიც, მხარის განმარტებიდან გამომდინარე, მშენებლობის არაკანონზომიერ ხარჯებს გამოიწვევდა (ს.ფ. 252-260).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძირითად საფუძველს საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს, რომელმაც, თავის მხრივ, სადავო შემთხვევაში ალტერნატიული გზის გაყვანა შესაძლებლად მიიჩნია. ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან ექსპერტის მიერ დასაშვებად მიჩნეული გზის ალტერნატიული გზად გაყვანა შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა. ქ-ძე, ფაქტობრივად, საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზის გარეშე რჩება, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლებას.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას სადავო გზის ა. ბ-ძის საკუთრებაში არსებობის შესახებ, რადგან 1975 წელს ჩაქვის ფილიალში ჩასახლებულ კომლებს გადაეცათ მხოლოდ 1500კვ.მ მიწის ნაკვეთი, ა. ბ-ძემ კი აღნიშნული გზა 2006 წელს მიისაკუთრა. ამის მიუხედავად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ბ-ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ბათილად ცნო (ს.ფ. 270-278).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, საქმეზე სრულად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ე1 ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და სარჩელის დავის საგანი აუცილებელი გზის დადგენაში კი არა, არამედ გზით სარგებლობით ხელშეშლის აღკვეთაში მდგომარეობს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეშლის აღკვეთის მოცემული მოთხოვნის მართლზომიერების დასადგენად, სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, აუცილებელია იმის გარკვევა, წარმოადგენს თუ არა სადავო გზად გამოყენებული მიწის ნაკვეთი მოპასუხე ა. ბ-ძის საკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნაკვეთი ა. ბ-ძის საკუთრებად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში საკუთრებად აღრიცხვის საფუძველი _ საკუთრების უფლების ¹2431 მოწმობა ბათილად არის ცნობილი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ამ შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ¹91 გადაწყვეტილება ა. ბ-ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების ¹2431 მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. ამ გადაწყვეტილებით საფუძველი გამოეცალა საჯარო რეესტრის ჩანაწერს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას სწორი შეფასება უნდა მისცეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ¹91 გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებს. ასევე, საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, მიწის ნაკვეთი, რომელზეც სადავო გზა მდებარეობს, შედის ა. ბ-ძის იმ 1500კვ.მ მიწის ნაკვეთში, რომელიც მას ქობულეთის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1975 წლის 6 თებერვლის ¹40 გადაწყვეტილებით საკარმიდამო ნაკვეთად გამოეყო, თუ საკუთრების უფლების ¹2431 მოწმობით გადაცემულ იმ 1500კვ.მ ნაკვეთში, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 29 ივლისის ¹91 გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი და, შესაბამისად, ამ ნაკვეთის ა. ბ-ძის საკუთრებაში გადაცემა გაუქმებულია. ამდენად, სადავო გზის ა. ბ-ძისადმი კუთვნილების საკითხი საქმეზე საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების დამატებით გამოკვლევას.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ საფუძვლად იმაზე მითითებას, რომ სადავო გზა, რომელზეც მხარეები დაობენ, სამანქანე გზას არ წარმოადგენს, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შესრულებულ საკადასტრო გეგმაზე, რომელზეც იქ არსებული ყველა სამანქანე გზაა დატანებული, სადავო გზის მონაკვეთი, როგორც გზა, არ არის ასახული. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე ა. ქ-ძე სადავო მიწის ნაკვეთს გზად იყენებს 1975 წლიდან. თუკი აღნიშნული მონაკვეთი არ შედის ა. ბ-ძის საკუთრებაში, ამ ნაკვეთის სამანქანე გზად ოფიციალურად არსებობა გავლენას ვერ მოახდენს ხელშეშლის აღკვეთის შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.