№610აპ-16 3 აპრილი, 2017 წელი
გ. დ-ი, 610აპ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენით დ. გ., –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათით.
· 2016 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, დ. გ. მოძრაობდა ზ-ში, კ-ას ქუჩაზე და ატარებდა ერთპირიან საკეც დანას პირის ფიქსატორით, რაც მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.
2. აღნიშნული ქმედებისათვის დ. გ-ას მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, დ. გ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი - დანა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დ. გ-ას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 წლითა და 6 თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი - დანა. დ. გ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 23 აპრილიდან - 2016 წლის 27 აპრილის ჩათვლით.
3. გაუქმდა დ. გ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად თ. გ-ას უძრავ ქონებაზე (მდებარე წ., მ-ას ქ. №-, საკადასტრო კოდი – ---) დადებული ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნა.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. გ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ჯ-ამ.
5. ადვოკატმა ს. ჯ-ამ ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. კასატორმა ალტერნატივის სახით ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების შესაბამისად, დ. გ-ას მიმართ სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის მინიმალური ოდენობით განსაზღვრა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით არ დაკმაყოფილდა ადვოკატ ს. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. კასატორი – მსჯავრდებულ დ. გ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ჯ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ კრიტიკულად და ობიექტურად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჯ. ლ-ას სასამართლო სხდომაზე არ დაუდასტურებია პატაკის შედგენა. კანონის არსებით დარღვევად აგრეთვე არ იქნა მიჩნეული საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 112-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-3 მუხლის მე-7 ნაწილის შეუსაბამოდ დ. გ-ას ღამის საათებში დაკითხვა. ამასთანავე, სასამართლომ არ შეაფასა მოწმე კ. კ-ას 8 წუთის განმავლობაში დაკითხვის შესაძლებლობა.
8. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა დ. გ-ას ჩვენება, რომლითაც დასტურდებოდა მისი პირადი ჩხრეკისა და დაკავების უკანონობა, კერძოდ, მსჯავრდებულს დანა ხელში ეჭირა და ვაშლს თლიდა, რა დროსაც პოლიციელებმა გააჩერეს, დანა წაართვეს და წავიდნენ. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კვლავ შემობრუნდნენ და დ. გ-ას განუმარტეს, რომ იგი კონკრეტული საკითხის გასარკვევად პოლიციის სამმართველოში უნდა წაეყვანათ. პოლიციის სამმართველოში კი უთხრეს, რომ მისი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა. დ. გ. შემთხვევის ადგილზე არ დაუკავებიათ და არც მისი პირადი ჩხრეკა ჩატარებულა. კასატორის პოზიციით, თუკი ჯ. ლ-ას მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია და პატაკი საფუძვლიანი იქნებოდა, მათ საქართველოს სსსკ-ის 175-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 174-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯერ უნდა დაეკავებინათ დ. გ., ხოლო შემდეგ კი პირადი ჩხრეკა ჩატარებულიყო. განსახილველ შემთხვევაში პირიქით მოხდა. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირადი ჩხრეკის ოქმი ცალკე არ უნდა შედგენილიყო. გასათვალისწინებელია, რომ დაკავებისას და პირადი ჩხრეკისას, საქართველოს სსსკ-ის 174-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებების გაცნობამდე, დ. გ-ას განმარტებები სასამართლომ მის საზიანოდ გამოიყენა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია და დ. გ-ას ჩვენებით ცივი იარაღის გაუფრთხილებლად ტარების ფაქტი დასტურდება.
9. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მოთხოვნებს, ვინაიდან დ. გ-ას ახალი განაჩენის გამოტანის დროს (ე.ი 2016 წლის 29 ივნისს) მოხდილი ჰქონდა - 2 წელი, 5 თვე და 5 დღე და, შესაბამისად, მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა - 2 წელი 6 თვე და 24 დღე.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ალტერნატივის სახით კასატორმა ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების შესაბამისად, დ. გ-ას მიმართ სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის მინიმალური ოდენობით განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა დ. გ-ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ. გ-ას მიერ ცივი იარაღის ტარებას განზრახი, მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული ჯ. ლ-ას ჩვენებითა და მის მიერ შედგენილი პატაკით დადგენილია, რომ 2016 წლის 23 აპრილს, მან პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დ. გ. კ-ას ქუჩაზე, კაფე-ბარ „ს-ს“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ატარებდა დანას. აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე ჯ. ლ-ამ თავის უფროსს მოახსენა. მოწმეების - მ. შ-სა და კ. მ-ას ჩვენებებითა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დ. გ-ს შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი საკეცი დანა B049, რომელიც 2016 წლის 23 აპრილის ბალისტიკური N--/ც.ი ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ მ. კ-ას ჩვენების მიხედვით, მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ იარაღთა კატეგორიას.
4. დ. გ-ას ჩვენებით დგინდება, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, დაბადებიდან სტკივა კბილები, რის გამოც საჭმლის საჭრელად იყენებს დანას. დაკავების დროს იგი მიდიოდა აფთიაქში, ერთ ხელში ეჭირა დანა, ხოლო მეორით ვაშლს თლიდა. პოლიციის თანამშრომლებს დანა მან თვითონ მიაწოდა, რომელიც გამოართვეს და გაუშვეს. 50 მეტრის გავლის შემდეგ კი პოლიციის თანამშრომლები კვლავ მასთან მივიდნენ და პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. დ. გ-ას დანა ფრჩხილების საწმენდად, ვაშლის საჭრელად და საღებავების გადასაფხეკად სჭირდებოდა.
5. საკასაციო პალატა ზემომითითებული მტკიცებულებების ფონზე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დ. გ. საკვების მომზადების, პირადი ჰიგიენისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით დასახელებულ დანას იყენებდა. განსახილველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებში, გარდა მსჯავრდებულის ჩვენებისა, სასამართლოს ზემოაღნიშნული გარემოების დასადგენად სხვა სახელმძღვანელო მტკიცებულება არ გააჩნია. ამასთანავე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, თუნდაც ირიბი, რომ ეჭვი შეიტანოს პოლიციის თანამშრომელთა მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში.
6. რაც შეეხება დაცვის მხარის პროცესუალურ დარღვევებთან დაკავშირებულ არგუმენტებს და დ. გ-ას მიერ ჩადენილ ქმედებაში გაუფრთხილებლობის ნიშნების არსებობას, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას.
7. მსჯავრდებულ დ. გ-თვის განსაზღვრულ სასჯელთან მიმართებით, საკასაციო პალატა დაცვის მხარეს ვერ დაეთანხმება იმ ნაწილში, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის მოუხდელი ნაწილი არასწორად დათვალა და რომ მოუხდელ ნაწილს წარმოადგენდა - 2 წელი 6 თვე და 24 დღე. გასათვალისწინებელია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით დ. გ-ას დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით. ამდენად, ვინაიდან, დ. გ-ას გათავისუფლება იყო პირობადადებული, მას, პირობითი მსჯავრის საუარესოდ შებრუნების (ე.ი გაუქმების) თავიდან ასაცილებლად, არ უნდა ჩაედინა განზრახი დანაშაული და სახელმწიფოს მიერ მის მიმართ გამოყენებული ჰუმანური ღონისძიების (პირობითი მსჯავრის) მიზნები უნდა გაემართლებინა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან დ. გ-ამ გამოსაცდელი ვადის პირობებში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, მის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და წინა განაჩენით შეფარდებულ სასჯელში ჩაითვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2013 წლის 26 ოქტომბრიდან - 2013 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით, რის გამოც სასჯელის მოუხდელი ნაწილი დარჩა - 4 წელი, 11 თვე და 27 დღე.
8. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მსჯავრდებულს განაჩენთა ერთობლიობით (ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით) დანიშნული 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ. გ-ას მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში. მართალია, დ. გ. წარსულში ნასამართლევია და როგორც აღინიშნა, იგი დანაშაულის ჩადენის დროს იყო პირობით მსჯავრდებული, მაგრამ მის მიერ ჩადენილი ქმედებები არ არის ძალადობრივი ხასიათის ან/და საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული მიდრეკილი არ არის ჩაიდინოს ერთი და იმავე სიმძიმისა და კატეგორიის დანაშაული, რომლის არსებობაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირებდა სასჯელის ერთ-ერთი მიზნის - დანაშაულის თავიდან აცილების მიღწევის შანსებს. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ დ. გ-ას ცივი იარაღი სხვა დანაშაულის ჩასადენად არ გამოუყენებია, რის გამოც საქმეში არ არსებობს დაზარალებული, რომელიც კონკრეტული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტების ანალიზით, დ. გ-ას საზოგადოებისაგან 3 წლით იზოლაცია წარმოადგენს პროპორციული სასჯელის ზომას მის მიერ ჩადენილ ქმედებასა და წარსულთან მიმართებით.
10. ზემომითითებული მოტივების პარალელურად, პალატა მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივის ფაქტს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამიტომ, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა 6 თვეა, დ. გ-ას სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ახლად დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (4 წელი, 11 თვე და 27 დღე) უნდა დაემატოს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დ. გ-ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
11. პალატა განმარტავს, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის სამართლიანობა ფასდება როგორც ბოლო განაჩენით, ისე შეკრებისა თუ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანიშნული სასჯელის პროპორციულობიდან გამომდინარე. ამასთანავე, სასამართლოს დისკრეცია და სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებანი ყოველი მსჯავრდებულის ინდივიდუალურ შეფასებას, სამართლებრივი სიკეთის დაცვის პრევენციასა და საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებას მოითხოვს. საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის პარალელურად, მნიშვნელოვანია შეფასდეს დამნაშავის რესოციალიზაციისა და მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის ხანგრძლივობის ხარისხი.
12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. გ-ას მიმართ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, ვინაიდან იგი სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ამასთანავე, იგი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
13. სასჯელის სამართლიანობის საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის თანახმად, სასამართლოს „როლი არ გახლავთ იმის დადგენა, თუ რამდენი წელი უნდა იქნეს შეფარდებული კონკრეტული დანაშაულისთვის ან განსაზღვროს, თუ რამდენწლიანი სასჯელი უნდა იქნეს დადგენილი ან მიუთითოს სასჯელზე, რომელიც უნდა მოიხადოს პირმა კომპეტენტური სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ.“[1]
14.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დ. გ-ას სასჯელის სახედ და ზომად, ნაცვლად 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისა, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ადვოკატ ს. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის საგანი - დანა.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - ნაწილობრივ დაემატოს 1 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. გ-ას განესაზღვროს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ, ჩამოერთვას დანაშაულის საგანი - დანა.
6. მსჯავრდებულ დ. გ-ას სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 29 ივნისიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 23 აპრილიდან - 2016 წლის 27 აპრილის ჩათვლით.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
[1] იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Vinter and Others v. the United Kingdom, N66069/09, 130/10, 3896/10, 09/07/2013, §105