საქმე №201აგ-16 29 მარტი, 2017 წელი
ჯ. ა-რ, 201აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია სილაგაძის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ა. ჯ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ა. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე ა. ჯ-ეს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 25 000 ლარი.
2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს 2012 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ა. ჯ. გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე - 1 წლითა და 9 დღით ადრე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის განაჩენში და ა. ჯ. გათავისუფლდა აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან, პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან.
4. 2016 წლის 18 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. ჯ-ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამარლთოს 2012 წლის 5 ივლისის განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ: საჩივრის ავტორის განმარტებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული იყო, ეღიარებინა დანაშაული და დასთანხმებოდა შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობებს. იგი ასევე დაარწმუნეს, რომ უნდა ანაზღაურებულიყო სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალი, რის გამოც დათანხმდა 25 000 ლარის გადახდას, თუმცა განაჩენში ჩაიწერა, რომ მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 25 000 ლარი, რომელიც არ ჩაეთვალა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში. ქალაქ -ის მერიამ კი სარჩელით მიმართა სასამართლოს, რითაც მოითხოვა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაუყადაღეს ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივლისის განაჩენით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული ჯარიმა ჩაეთვალოს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში და მის ქონებას მოეხსნას ყადაღა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჯ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. კასატორი - მსჯავრდებული ა. ჯ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ: განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ 1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
4. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის განაჩენით სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რაც დაიდო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე ა. ჯ-ისა და სხვათა მიმართ, საქართველოს სსკ–ის 21–ე თავით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად. რაიმე მტკიცებულება, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით ან მოტყუებით, კასატორს არ წარმოუდგენია, რის გამოც პალატა მოკლებულია შესაძლებლბას, გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ა. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ა. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე