საქმე №675აპ-16 ქ. თბილისი
კ. მ-ა, 675აპ-16 12 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განაჩენით მ. კ., – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. გაუქმდა მ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
2. განაჩენით მსჯავრდებულ მ. კ-ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. 2015 წლის 4 ნოემბერს მ. კ-ეს ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ („მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება.
4. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – ჯარიმამ 1500 ლარის ოდენობით – შთანთქა წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. კ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მ. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
7. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მამუკა ნადირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მ. კ-ის მიმართ სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა მ. კ-ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად (მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით) ცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება – ,,გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნისათვის შეძენისა და შენახვის გამო.
5. გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ მ. კ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ („მარიხუანა“); საქმის მასალების მიხედვით, მ. კ. წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ასევე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის (სსკ-ის 273-ე მუხლი).
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. კ-ეს საბოლოო სასჯელი არ უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით.
7. მართალია, მსჯავრდებულმა მ. კ-ემ ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში, რაც ბოლო განაჩენის დადგენისას უნდა გაუქმდეს, მაგრამ, ვინაიდან წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მას საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად არის ცნობილი, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეიტანოს ცვლილება წინა განაჩენის სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულ მ. კ-ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ჩადენილი ახალი დანაშაულისათვის.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით, მხარეს აქვს უფლება, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვა სასჯელის ნაწილში, რადგან საქმის წარმოების ამ ეტაპზე საკასაციო ინსტანცია მოკლებულია შესაძლებლობას, გადასინჯოს და იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მ. კ-სათვის დანიშნული სასჯელის კანონიერებაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 1500 ლარი.
4. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
5. ცნობად იქნას მიღებული, რომ მ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე