საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-978-1279-07 22 აპრილი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი
სხდომის მდივანი _ ე.ხაჩიძე
კასატორი _ საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანება
წარმომადგენლები _ დ. მ-შვილი, მ. ქ-აძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “აგროინვესტბანკი”
წარმომადგენლები _ თ. კ-იძე, ზ. ფ-იძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს “შუქგრეფიმპექსბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ.ბათუმში, გამსახურდიას ქ.¹13-ში მდებარე შენობის 286 კვ.მ უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირება და შესაბამისი საკუთრების მოწმობის გაცემა შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს პროფესიული კავშირის რესპუბლიკური საბჭოს 1997 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.3 მუხლის შესაბამისად, ქონებრივი შენატანით სს “ბანკი კრედიტის” აქციათა შეძენის შესახებ. 1997 წლის 7 ნოემბერს, სს “ბანკი კრედიტის” დირექტორთა საბჭოსა და საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარეებმა წერილობით მიმართეს ქ.ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურს, ამავე წლის 6 ნოემბრის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, პროფკავშირების საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, გამსახურდიას გამზირის ¹13-ში მდებარე შენობის ნაწილის, სულ 286 კვ.მ 53000 ლარის ღირებულების ფართის, როგორც ბანკის საწესდებო კაპიტალში განხორციელებული ქონებრივი შენატანის რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, სს “ბანკი კრედიტის” 1998 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრებაზე საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ჯაფარიძე, როგორც ამავე საბჭოს წარმომადგენელი, არჩეულ იქნა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. ამდენად, 1997 წლიდან მოპასუხე არის ბანკის აქციონერი, რაც დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა შეძენის შესახებ ხელშეკრულება-განაცხადით. მოპასუხე “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებული წესით მონაწილეობს საზოგადოების მართვაში და იღებს დივიდენდს. მოსარჩელემ 2004 წლის 17 თებერვალს და 20 მაისს წერილებით მიმართა ბათუმის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურს შესაბამისი საკუთრების მოწმობის გაცემის მოთხოვნით, თუმცა ტექბიურომ ორივეჯერ გაურკვეველი პასუხი გასცა მოსარჩელეს და მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურმა გაერთიანებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ბანკი კრედიტის” უფლებამონაცვლე სს “შუქგრეფიმპექსბანკის” მიმართ მხარეთა შორის სააქციო საზოგადოების წილის შესყიდვის შესახებ დადებული გარიგებების ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით: 1997 წელს მოსარჩელის კუთვნილი სადავო შენობის 286 კვ.მ შევიდა სს “შუქგრეფიმპექსბანკის” საწესდებო კაპიტალში. ხელშეკრულება, რომლითაც აღნიშნული განხორციელდა, დაიდო სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, კერძოდ, სათანადო ფორმის დაუცველად, რაც ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მისი ბათილად ცნობის საფუძველია. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ცდილობს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით საჯარო რეესტრში თავის სახელზე აღრიცხოს პროფკავშირების კუთვნილი, ქ. ბათუმში, გამსახურდიას ქ.¹13-ში მდებარე უძრავი ქონება 286 კვ.მ ფართი და 158 კვ.მ სარდაფი. ფაქტობრივად, სადავო ფართი სააქციო საზოგადოებას გადაცემული აქვს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე თვეში 300 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ხოლო უძრავი ნივთის მოპასუხის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი, 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი, მეოთხე ნაწილების, 47-ე მუხლის პირველი ნაწილის, 48-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შედგენილი რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირველი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელემ, როგორც მოპასუხე ბანკის აქციონერმა ვალდებულება იკისრა, შეეძინა გამოცხადებული აქციები ფულადი ნიშნით, ხოლო ქონების სანაცვლოდ, შესყიდვა მომხდარიყო მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს ნებართვით. ამდენად, ხელშეკრულებაში არ იყო აღნიშნული, თუ რა შენატანი უნდა შეეტანა მოსარჩელეს მოპასუხის საწესდებო კაპიტალში, თუმცა უძრავი ქონებით შენატანის განხორციელებისას უნდა დადებულიყო სათანადო ხელშეკრულება შესაბამისი ფორმის დაცვით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ორი გარიგებიდან არც ერთი არ არის დათარიღებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებული ხელშეკრულებები ბათილია სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, სს “შუგრეფიმპექსბანკი”, არაერთგზის შეხსენების მიუხედავად, საიჯარო ქირას სრულად არ იხდის, რის გამოც სადავო ფართი საზოგადოების მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნეს და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 მაისის განჩინებით აღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთიან წარმოებად. ამავე სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება, სს “შუგრეფინპექსბანკის” სარჩელის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ქმედების დავალდებულების თაობაზე გარიგების ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სს “შუგრეფინპექსბანკის” მიმართ საქართველოს პროფესიული კვაშირების აჭარის რესპუბლიკის გაერთიანების სარჩელის განხილვამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის შემდგარი აქტი სს “შუგრეფიმპექსბანკის” საწესდებო კაპიტალში შეტანის სახით მოპასუხისათვის უძრავი ქონების გადაცემის შესახებ. სს “შუგრეფიმპექსბანკი” გამოსახლდა ქ.ბათუმში, გამსახურდიას ქ.¹13-ში მდებარე ფართიდან და იგი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “შუგრეფიმპექსბანკის” უფლებამონაცვლე სს “აგროინვესტბანკმა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “აგროინვესტბანკის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: აჭარის პროფსაბჭოს 1997 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს “ბანკი კრედიტის” აქციების შეძენის შესახებ საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანით _ ბანკისათვის იჯარით გადაცემული 286 კვ.მ-ით. 1997 წლის 6 ნოემბერს საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური საბჭოსა და სს “ბანკი კრედიტს” შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად პროფსაბჭო ბანკს გადასცემდა ქ.ბათუმში, გამსახურდიას ქ.¹13-ში მდებარე შენობის 53000 ლარის ღირებულების 286 კვ.მ-ს ბანკის აქციების შეძენის განაცხადისა და პროფსაბჭოს დადგენილების შესაბამისად. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების მოთხოვნაა 1997 წლის 6 ნოემბერს მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1997 წლის 6 ნოემბერს, რა დროსაც ახალი სამოქალაქო კოდექსი ჯერ კიდევ არ მოქმედებდა, ამდენად, მოცემული დავა უნდა გადაწყდეს იმ მომენტისათვის მოქმედი “მეწარმეთა შესახებ” კანონის საფუძველზე, რომლის მე-15 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მოსარჩელემ დაარღვია როგორც 1997 წლის 6 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის 5-წლიანი, ისე 1997 წლის 3 ოქტომბრის კრების ოქმის 2-თვიანი გასაჩივრების ვადა. პალატის მითითებით, სს “აგროინვესტბანკის” წარმომადგენელმა მთავარ სხდომაზე დაადასტურა, რომ სს “ბანკი კრედიტის” აქციები მოსარჩელემ შეიძინა არაფულადი შენატანით. სასამართლომ არ გაიზიარა პროფკავშირის მითითება, რომ ბანკის საწესდებო კაპიტალში აქციების შესაძენად განხორციელებული უძრავი ქონების შეტანის შესახებ დოკუმენტი უნდა გაფორმდეს სანოტარო წესით. პალატამ მიიჩნია, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-19 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს სამეწარმეო საქმიანობისათვის გათვალისწინებულ ყველა იმ ქმედებათა ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებისათვის სანოტარო ფორმის დაცვა აუცილებელია, თუმცა აღნიშნულ ჩამონათვალში არ შედის სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გასხვისება, რითაც სააქციო საზოგადოების მიერ წილის გასხვისების ფორმა სხვა სამეწარმეო საზოგადოებათა მიერ წილის გასხვისებისაგან განსხვავდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სს “აგროინვესტბანკის” მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ და პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკის გაერთიანებას სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ დააკისრა ბანკის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 2120 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურმა გაერთიანებამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური საბჭოს 1997 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით კასატორმა სადავო ფართის სს “ბანკი კრედიტისათვის” გადაცემის სანაცვლოდ, შეიძინა საზოგადოების შესაბამისი ღირებულების აქციები, თუმცა აღნიშნული დადგენილება ამავე საბჭოს 2004 წლის 7 ოქტომბრის დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნული გარიგება კასატორისათვის წამგებიანი აღმოჩნდა, რის გამოც იგი სანოტარო წესით არ დამოწმებულა, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში არ აღრიცხულა, ხელშეკრულების პროექტი და ბანკის აქციების შესყიდვის განაცხადი არ დანომრილა და არ დათარიღებულა. აღნიშნული კი, ამავე კოდექსის 47-ე მუხლიდან გამომდინარე, მითითებული დოკუმენტების ბათილად ცნობის საფუძველია და მათ იურიდიული ძალა ვერ მიენიჭება. 1997 წლის 6 ნოემბრის სანოტარო წესით დაუმოწმებელი უძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი 7 ნოემბერს გაიგზავნა ქ.ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში. მხარეთა შორის 1994 წლის აგვისტოსა და 1997 წლის 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე კვლავ სარგებლობდა სადავო ფართით, რისთვისაც იხდიდა საიჯარო ქირას, კერძოდ, 1998 წელს კასატორს ჩაურიცხა 713,50 ლარი, 1999 წლის 17 თებერვალს _ 7635,26 ლარი, 2001 წლის აგვისტოში 1729,55 ლარი, 2004 წლის ივნისში _ 152,97 ლარი. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები გამოყენებული ვერ იქნება, რადგან სადავო ურთიერთობა წარმოიშვა აღნიშნული კოდექსის ამოქმედებამდე. სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი, ძველი რედაქციის სამოქალაქო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილისაგან განსხვავებით, ითვალისიწნებს უძრავ ნივთზე გარიგების დადებისას მისი სანოტარო წესით დამოწმებისა და საჯარო რეესტრში აღრიცხვის აუცილებლობას. აღნიშნული კანონის მოთხოვნა კასატორს სს “ბანკი კრედიტის” საწესდებო კაპიტალში სადავო ქონების შეტანისას არ დაუცვია, რის გამოც სასამართლომ ზემოხსენებული გარიგება არასწორად ცნო დადებულად. სადავო ურთიერთობა წარმოიშვა რა სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოქმედებისას, იგი ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგაც გაგრძელდა, ამდენად, სააპელაციო პალატას არ უნდა ეხელმძღვანელა “მეწარმეთა შესახებ” კანონით. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო ქონება აღრიცხულია კასატორის სახელზე, იგი მოწინააღმდეგე მხარისათვის კანონით დადგენილი წესით არ გაუსხვისებიათ, ამასთან, 1990 წლიდან აღნიშნულ უძრავ ნივთზე მხარეებს შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება, რომელიც ამჟამადაც ძალაშია. მოწინააღმდეგე მხარე საიჯარო ქირას იხდიდა 2000 წლამდე, შემდეგ კი გადახდა თვითნებურად შეწყვიტა, რაც გახდა მისი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის საფუძველი. ზემოხსენებული საიჯარო ურთიერთობის არსებობას ადასტურებს 1997-1999 წლებში ბანკის მიერ გადახდილი თანხები. აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ დაკავებული ფართიდან 1 ოთახი 2004 წლიდან იჯარით გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა მიღების სამსახურს, რის შესახებ ბანკს 2006 წლამდე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამდენად, მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს მიაკუთვნა კასატორის კუთვნილი ქონება. სადავო გარიგების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების შემთხვევაშიც, ბანკი ქონებაზე საკუთრების უფლებას, ხანდაზმულობის გამო, ვერ მოიპოვებდა. განსახილველ დავაზე ვერ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლი, ვინაიდან მოცემული დავა წარმოიშვა 1997 წლის ოქტომბრიდან, 10 წლის წინ, ამასთან, მხარეთა შორის უძრავი ნივთის გადაცემის ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით არ გაფორმებულა. სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის პროცესზე სს “აგროინვესტბანკმა” წარადგინა ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ასლი, რომლის მიხედვით საქართველოს პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური საბჭოს 1997 წლის ოქტომბრის ოქმის საფუძველზე 1997 წლის 6 ნოემბერს აჭარის პროფკავშირებისა და სს “ბანკი კრედიტს” შორის დაიდო მიღება-ჩაბარების აქტი ქ.ბათუმში, მ.აბაშიძის ქ.¹23-ში და არა კ.გამსახურდიას ქ.¹13-ში მდებარე 286 კვ.მ-ზე, (პირველ სართულზე 128 კვ.მ, ნახევარსარდაფი 158 კვ.მ). აღნიშნული ჩანაწერი არასწორია, რაც კასატორმა გაასაჩივრა სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტისა და 394-ე მუხლის “ე1” პუნქტის თანახმად, საკასაციო პალატა აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმე ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებლია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლით, გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებას. მასში აუცილებლად უნდა მიეთითოს უდავო ფაქტებზე ანუ იმ ფაქტებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ, სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტებსა და იმ მტკიცებულებებზე, რომლებზეც სასამართლო ამყარებს თავის დასკვნებს. სასამართლომ მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებათა ზუსტად და ამომწურავად მითითებისა და ანალიზის შემდეგ უნდა იმსჯელოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებასა და იმ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებზე, რომლითაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული შეფასება ხდება. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღებულად მიჩნევისა და მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
მოცემული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა დასტურდება შემდეგით: პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სს “აგროინვესტბანკის” საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით ქ.ბათუმში, გამსახურდიას ქ.¹13-ში მდებარე უძრავი ქონების, საოფისე ფართის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოპასუხის გამოსახლება სადავო ფართიდან და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საფუძვლად მიუთითებდა მხარეთა შორის არსებულ საიჯარო ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაზე. რაიონულმა სასამართლომ სარჩელზე მსჯელობისას სამართლებრივად შეაფასა რა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კონკრეტული დასკვნები გამოიტანა მხარეთა შორის წარმოშობილ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გააუქმა რა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიღო ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ისე, რომ არ შეუფასებია მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებზე და ის მტკიცებულებები, რომლითაც მოსარჩელე მხარე ადასტურებდა მხარეთა შორის არსებულ საიჯარო ხელშეკრულებას. აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის ძალითაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო, რომ აჭარის პროფსაბჭოს 1997 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს “ბანკი კრედიტის” აქციების შეძენის შესახებ საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანით _ ბანკისათვის იჯარით გადაცემული 286 კვ.მ-ით. 1997 წლის 6 ნოემბერს საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური საბჭოსა და სს “ბანკი კრედიტს” შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად პროფსაბჭო ბანკს გადასცემდა ქ.ბათუმში, გამსახურდიას ქ.¹13-ში მდებარე შენობის 53000 ლარის ღირებულების 286 კვ.მ-ს ბანკის აქციების შეძენის განაცხადისა და პროფსაბჭოს დადგენილების შესაბამისად. სასამართლომ დაასკვნა, რომ, რადგანაც მოსარჩელის მოთხოვნაა 1997 წლის 6 ნოემბერს მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებული 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის თუნდაც კანონიერ ძალაში არსებობა წარმოშობდა თუ არა რაიმე თანამდევ სამართლებრივ შედეგებს; სააქციო საზოგადოებაში ქონებრივი შენატანით აქციების შეძენის ფაქტის დადგენასა და, შესაბამისად, პირის აქციონერად მიჩნევისათვის საკმარისს წარმოადგენდა თუ არა სააქციო საზოგადოების კრების გადაწყვეტილება; რაიმე გარემოებით დგინდება თუ არა საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების აქციონერობა (კანონით გათვალისწინებული წესით მონაწილეობს საზოგადოების მართვაში და იღებს დივიდენდს); სასამართლოს არ გამოურკვევია, რა თანამდევი სამართლებრივი შედეგები მოჰყვა 1997 წლის 6 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტს და რა იურიდიული ძალა გააჩნია მას.
ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ შენატანი სს “აგროინვესტბანკის” საწესდებო კაპიტალში განხორციელდა უძრავი ნივთით. ამ მხრივ სასამართლოს არ შეუმოწმებია, რეალურად განხორციელდა თუ არა ამ სახის შენატანის შეტანა საწესდებო კაპიტალში და რა მტკიცებულება ადასტურებს ასეთ გარემოებას, ვის საკუთრებაში ირიცხება ამჟამად უძრავი ქონება.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე უნდა გამოარკვიოს ზემოხსენებული გარემოებები, სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს მათ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.