¹ას-979-1179-08 29 მაისი, 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
სხდომის მდივანი – ლ. სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. გ-შვილი
წარმომადგენელი – თ. კ-ოვსკი
მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ა/რ პროკურატურა
წარმომადგენელი – ვ. ხ-უა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 7 სექტემბერს აჭარის ა/რ პროკურატურამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ. გ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ბათუმში, ... ქ.¹42-ში მდებარე უძრავი ქონების დაუსაბუთებლად ცნობა და სახელმწიფოსათვის გადაცემა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის განმარტებით, მ. გ-შვილი «ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენდა კანონიერი ქურდის _ ბ. ბ-ძესთან დაკავშირებულ პირს, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებდა, რომ მ. გ-შვილის სახელზე რიცხული უძრავი ქონება უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება იყო, ვინაიდან არ არსებობდა აღნიშნული ქონების მართლზომიერად შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოპასუხე მ. გ-შვილმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონება შეძენილია მისი ძმის _ გ. გ-შვილის მიერ, ხოლო ბ. ბ-ძესთან ურთიერთობა ჰქონდა 1997 წელს, რა დროსაც შეეძინა შვილი, მას შემდგომ ბ. ბ-ძე აღარ უნახავს და არც რაიმე ურთიერთობა ჰქონია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ. გ-შვილმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. ბათუმში, ... ქ.¹42-ში მდებარე, მ. გ-შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი, ჩამოერთვა მას და გადაეცა სახელმწიფოს.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ბ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, კანონიერ ქურდობაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებით სასაჯელად დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მომართვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-შვილმა 2004 წლის 18 ივნისის ნოტარიული ხელშეკრულებით შეიძინა საკუთრება _ ქ. ბათუმში, ... ქ.¹42-ში მდებარე უძრავი ქონება;
დაბადების მოწმობებით დადგენილ იქნა, რომ მ. გ-შვილი და გ. გ-შვილი არიან და და ძმა;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წლის 26 ივლისის ცნობითა და შრომის წიგნაკით, დადგენილ იქნა, რომ გ. გ-შვილი 1990 წლის 6 ივლისს ჩაირიცხა თბილისის ¹2 სამგზავრო ავტოტრანსპორტის საწარმოს მეორე კლასის მძღოლად, 1991 წელს მიენიჭა პირველი კლასის მძღოლის კატეგორია. 1993 წლის 8 იანვარს მიღებულ იქნა უშიშროების სამინისტროში მუშად. 1994 წლის 13 იანვარს ჩაირიცხა ამავე სამსახურის გრძელვადიან სამხედრო სამსახურში ადმინისტრაციის სამეურნეო განყოფილების მძღოლად და მიენიჭა სერჟანტის წოდება, ხოლო 2005 წლის 25 იანვარს იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან სამსახურის ლიკვიდაციის გამო;
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2008 წლის 8 თებერვლის ცნობით დადგინდა, რომ მ. გ-შვილი ქორწინებაში არ იმყოფებოდა;
სასამართლომ არ გაიზიარა მ. გ-შვილის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ქონება შეიძინა გ. გ-შვილმა, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი დამაჯერებელი მტკიცებულებები, კერძოდ, არ იყო დასაბუთებული, რომ გ. გ-შვილს ჰქონდა საკმარისი შემოსავალი, რომლის მეშვეობითაც შეეძლო თავისი დისთვის უძრავი ქონების შეძენა;
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მ. გ-შვილისა და მისი წარმომადგენლის განმარტება მასზედ, რომ იგი არ იყო კანონიერი ქურდის _ ბ. ბ-ძესთან დაკავშირებული პირი. მხარეთა განმარტებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მათ ჰყავთ საერთო შვილი და მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, იგი ითვლება კანონიერ ქურდთან დაკავშირებულ პირად, რაც სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე წარმოშობს სამართლებრივ ურთიერთობას, რის გამოც მას უნდა დაესაბუთებინა შეძენილი სადავო ქონების წარმომავლობა.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3565-ე მუხლი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. გ-შვლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართYგაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც აპელანტს უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის გაჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უაარის თქმა.
კასტორის განმარტებით, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებანი, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო სახლის რეკეტის ან სხვა არაკანონიერი გზით მიღების სამართლებრვი საშუალება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მ. გ-შვილისათვის ბინა შეიძინა გ. გ-შვილმა, რაც სადავო უძრავი ქონების შეძენის კანონიერებას და მართლზომიერებას ადასტურებდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა აღნიშნული გარემოება და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უგულებელყო იგი. ამასთან, კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ იგი ბ. ბ-ძესთან არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და 1997 წლიდან მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ იგი კანონიერ ქურდთან დაკავშირებული პირია, რომ აღნიშნული მტკიცებულებისათვის ყურადღება არ მიუქცევია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილია, რომ ბ. ბ-ძე 2007 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2331-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (კანონიერი ქურდობა) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მ. გ-შვილი ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირია. მ. გ-შვილი ბ. ბ-ძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაშია და ჰყავთ შვილი. ასევე დადგენილია, რომ მ. გ-შვილმა 2004 წლის 18 ივნისს შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ.ბათუმი, ... ქ.¹42-ში. აღნიშნული ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები მოპასუხემ ვერ წარუდგინა სასამართლოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება. მოცემულ საქმეზე კასატორის მიერ არ არის წარმოედგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი არ უთითებს ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებულ პირად და არ შეაფასა ის ფაქტი, რომ ბ. ბ-ძესთან არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561-ე მუზლის „ლ“ პუნქტის თანახმად ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირად ითვლება პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მიღებულია ქურდული სამყაროს წევრის მიერ ან\და ამ ქონებით სარგებლობს, მას განკარგავს ქურდული სამყაროს წევრი.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მ. გ-შვილი არარეგისტრირებულ ქორწინებაშია ბ. ბ-ძესთან და ჰყავთ შვილი. ასევე დადგენილია, რომ მ. გ-შვილს იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება და არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ქონება მიღებული იყო ქურდული სამყაროს წევრის მიერ. ამდენად, არსებობდა კანონით გათვალისწინებული პირობები მ. გ-შვილის ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებულ პირად ცნობისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3563-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის ქონებას მოსამართლე ცნობს დაუსაბუთებლად, თუ საქმის წარმოების პროცესში მოპასუხემ ვერ წარუდგინა სასამართლოს ქონების ან ამ ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ამ ქონებაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები თავისი ქონების დასაბუთებულობისა და კანონიერების შესახებ.
აღნიშნული ნორმების თანახმად, მოპასუხეს ეკისრება ქონების კანონიერი საშუალებებით შეძენის მტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მ. გ-შვილსათვის ბინა შეიძინა გ. გ-შვილმა. კერძოდ, გ. გ-შვილი მუშაობდა მძღოლ ექსპედიტორად და ჰქონდა მაღალი შემოსავალი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მ. გ-შვილმა სადავო ქონება შეიძინა 2004 წელს, ხოლო გ. გ-შვილმა მძღოლ ექსპედიტორად მუშაობა დაიწყო სადავო ქონების შეძენის შემდეგ. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებს (ს.ფ. 114-119). სააპელაციო პალატის მიერ მართებულად არ იქნა ისინი განხილული, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი მტკიცებულებები განხილულიც რომ ყოფილიყო, ისინი ვერ იქნებოდა გაზიარებული, რადგან წარმოდგენილი ცნობები არ არის ხელმოწერილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.