Facebook Twitter

საქმე №218აგ-16 11 აპრილი, 2017 წელი

შ. ლ-ა, 218აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ლ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით ლ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენი ლ. შ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენში ლ. შ-ის მიმართ შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ ლ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ. შ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. შ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ლ. შ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.

8. 2016 წლის 26 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ. შ-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.

9. შუამდგომლობის ავტორი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად უთითებს შემდეგ გარემოებაზე: პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოს მისცეს ცრუ ჩვენებები, რითაც იგი შეიყვანეს შეცდომაში. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ თითქოს შესასვლელ კართან ფარდა არ ყოფილა ჩამოფარებული და თავისუფალი ხედვის საშუალება ჰქონდათ. სინამდვილეში კი შესასვლელში ფარდა იყო ჩამოფარებული და პოლიციელებს ხედვის საშუალება არ ჰქონდათ. შესაბამისად, ვინმეს რაიმე რომც გადაეგდო, ამას პოლიციელები ერთი ოთახიდან მეორეში მაინც ვერ დაინახავდნენ. მსჯავრდებულის განმარტებით, სწორედ აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მოწმე რ. გ. თავის განცხადებაში. კასატორის განმარტებით, პოლიციელებმა გააყალბეს ბინის ჩხრეკის ოქმი, ხოლო მისი პირადი ჩხრეკა საერთოდ არ ჩატარებულა. მასზე ახდენდნენ ზეწოლას, სცემეს და აწამეს, გაყალბებული მტკიცებულებებით კი შეეცადნენ, რომ თავიანთ უკანონო ქმედებები მოექციათ კანონის ჩარჩოში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. შ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. კასატორი - მსჯავრდებული ლ. შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

3. საკასაციო საჩივარში კასატორი აფასებს იმ გარემოებებს, რომლებიც მისი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის შედეგად უკვე შეფასებული აქვს სამივე ინსტანციის სასამართლოს, ხოლო მათზე ხელახალი მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან კასატორი ვერ მიუთითებს ვერც ერთ ისეთ გარემოებაზე, რომელიც ცნობილი არ იყო მხარეებისა და სასამართლოსთვის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე და რომელიც თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს მის უდანაშაულობას ან მის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას.

4. კასატორის მიერ წარმოდგენილი რ. გ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ გასასვლელში ფარდა იყო ჩამოფარებული და ვინმეს რაიმე რომც გადაეგდო, პოლიციელები ამას მაინც ვერ დაინახავდნენ, არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, ვინაიდან აღნიშნულ ფაქტზე დაცვის მხარე აპელირებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროსაც, მაგრამ სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა, რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მისი დაკავებისას პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედებები – სცემეს, აწამეს და გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, შემდეგ კი ჩადენილი უკანონობის დასაფარად დააბრალეს დანაშაული, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ასევე ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებისა და უკანონო ქმედებების ჩადენის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ლ. შ-ს არ წარმოუდგენია.

5. ამასთან, პალატა მიუთითებს იმ გარემობაზეც, რომ ამავე საკითხებზე აპელირებდა ლ. შ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარშიც, რომელიც უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით (საქმე №147აგ-16).

6. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ლ. შ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ლ. შ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე